reportiori.ge - ილია მეორე: ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:19
რელიგია
ილია მეორე: ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი
ავტორი:
13 აპრილი, 2015. 11:48


„გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი ზოგიერთს სიკვდილისადმი აქვს ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება, ზოგს კი - ავადმყოფური შიში", - ამ საკითხზე ყურადღება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში გაამახვილა.



„როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8).

 

_ და რატომ ვიყავით მტრები და უცხონი?

 

ღმერთი სიყვარული არს და ამ გრნობით შექმნა და განმსჭვალა მან მთელი ხილული და უხილავი სამყარო.     

 

ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება სხვისთვის მსახურებაში, სიკეთეში, სიმართლეში, მშვიდობაში, სიწმინდეში, მოწყალებაში, სიხარულში...ასეთი მადლით იყო მოცული ცოდვით დაცემამდე მთელი კოსმოსი, დედამიწა და მკვიდრნი მას შინა.

 

როდესაც გველის ცდუნებით ადამმა და ევამ ღვთის მცნება დაარღვიეს, ამით შემომქმედზე და მისი მცნებებით ცხოვრებაზე თქვეს უარი. უარი თქვეს იმ სიყვარულზე, რომელიც სხვისთვის გასცემს ყველაფერს და არ ეძებს თავისას; მადლდაკარგულებს ამპარტავნების ვნება დაეუფლათ, ეგოისტური აზრები და თავის თავზე ორიენტირებული სიყვარული გაუჩნდათ.

 

ადამის მთელი მოდგმა ამ სენით დაავადდა და საღვთო დიდებისათვის განმზადებულმა თავი წარწყმედისთვის გაწირა. ამიტომაც ვიყავით განშორებული ღვთისგან.

 

_ როგორ გვიხსნა ქრისტემ და რას ვზეიმობთ მისი აღდგომით? ყველა ადამიანის სული, ადამის ცოდვის გამო, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებდა.

 

მამა ღმერთმა ჩვენს გამოსახსნელად მოავლინა თვისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც მიიღო სრული ადამიანური ბუნება და თავის ჰიპოსტასში განუყოფლად და შეურევლად შეუერთა საღვთო ბუნებას, რითაც განაღმრთო კაცება.

 

იესო ქრისტემ ყოვლისმომცველი, მსხვერპლშეწირული სიყვარულის ძალით ბოროტების საკრველნი დაამსხვრია, დაამხო ეშმაკის მეუფება, მართალთა სულები გამოიხსნა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განახვნა.

 

დიახ, ამიერიდან მართალთათვის გარდაცვალება იქცა არა წარწყმედის, არამედ ცხონების, სიხარულისა და მარადიულ ნეტარებაში დამკვიდრების საშუალებად.

 

ამიტომაც წერია ფსალმუნში: ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა", ამიტომაც აღნიშნავს ეკლესია წმინდანთა გარდაცვალების დღეს ზეიმით", - ბრძანებს უწმინდესი.



ილია მეორის თქმით, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც რწმენითა და სინანულით აღესრულება, უფლის მადლითა და მოწყალებით, წმინდათა შორის დაემკვიდრება (რა თქმა უნდა, თავისი ამქვეყნიური ღვაწლის შესაბამისად, სხვადასხვა სავანეში).


 

"ამიტომაც მოძღვარი წესის აგების ლოცვაში ასე ავედრებს უფალს გარდაცვლილს: ,,წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, მონასა (ან მხევალსა) შენსა..."

 

 

სწორედ ეს აღთქმა, წმინდათა შორის მარადიული თანამყოფობისა, არის აღდგომის ზეიმის არსი, თითოეული ადამიანის იმედისა და სიხარულის საფუძველი.

 

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: უფლის ჯვარცმისას იხილეს მრავალი სასწაული: დაბნელებული და ხელახლა გაბრწყინებული მზე, განპობილი კრეტსაბმელი, მაცხოვრის გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი, მიწისძვრა, საფლავთაგან მკვდართა აღმოსვლა, სასწაული უფლის საფლავად დადების ჟამს... მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება ჩემი ცხონების სასწაულს!

 

ხოლო ვისაც ეს არა აქვს გაცნობიერებული, ფუჭია მისი სარწმუნოება. აი, როგორ გვაფრთხილებს მოციქული: ,,თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოსავნი, კაცთა შორის უსაწყალობესნი ვართ". . . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქმედება და ამაოა თქვენი რწმენა" (I.კორ.15,14,19).

 

_ თუ სიკვდილი განქარდა, რატომღა კვდებიან ადამიანები, რატომ დარჩა გარდაცვალება ყველასათვის აუცილებელ მოვლენად?

 

სამოთხეში ადამს და ევას სხვაგვარი სხეული ქონდათ, შემდეგ კი ხრწნადობა შეიმოსეს და მოკვდავნი გახდნენ. აქედან მოყოლებული ადამიანი ამ მოკვდავი სხეულისა და უკვდავი სულის ერთობას წარმოადგენს, რომელთა განცალკევებაც სიკვდილისთანავე ხდება.

 

მართალთა სულები ქრისტეს აღდგომის შემდეგ უფლის წიაღს იმკვიდრებენ, ცოდვით დამძიმებულთა კი, - კვლავ ბნელეთის ანგელოზთა დასს უერთდებიან. სხეული კი იხრწნება და უერთდება მიწას, რომლისგანაც შეიქმნა. როგორც მარცვალი ხნულში ითესება და იხრწნება, რათა აღდგეს უხრწნელებით, ასევე *ითესება სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი, ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში"I-კორ. 15. 44, 45).

 

ეს მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს. ყოველი გარდაცვლილის სული (ცოდვილთა თუ მართალთა) შეიერთებს თავის უხრწნელ სხეულს.

 

ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სული და სულიერი სხეული მარადიული ნეტარებისათვის აღდგეს და არა მარადიული სატანჯველისა და გეენიისათვის.         ზოგიერთს სიკვდილისადმი აქვს ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება, ზოგს კი - ავადმყოფური შიში. ხშირად ერთნიც და მეორენიც ამიტომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე, რაც არ არის სწორი.

 

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი. მაშინ მეტი დაკვირვება გვექნება საკუთარ თავზე, მეტი გულისყურით მოვეპყრობით მოყვასს და ღვთის სათნოდ მოვიქცევით ამა თუ იმ ვითარებაში", - აღნიშნავს ილია მეორე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016