დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა 1990 წლიდან დაწესდა 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად.
დემონსტრაციები თბილისში 1978 წლის 14 აპრილს ჩატარდა კომუნიტური პარტიის მიერ ქართული ენის კონტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ. 1977 წელს ახალი სსრკ კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი, რომელშიც, 1936 წლის კონტიტუციისგან განსხვავებით, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აღარ ჰქონდა. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგად შეტაკება მომიტინგეებსა და საბჭოთა მთავრობას შორის გარდაუვალი გახდა. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით, რის შედეგად გადაწყდა, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუსი შეენარჩუნებინათ.
საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის ამ უჩვეულო დათმობამ თბილისში ემოციები დააცხრო, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული ნაციონალიზმის წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და ავტონომიის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადატანა მოითხოვა. ეს მოთხოვნა უარყოფილ იქნა, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური დათმობა მაინც გაკეთდა.
ამ მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ გამოცხადდა.