reportiori.ge - ქართული ფულის ესკიზები, რომელთა დაბეჭდვაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას არ დააცალეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:42
ინტერვიუ
ქართული ფულის ესკიზები, რომელთა დაბეჭდვაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას არ დააცალეს!
ავტორი:
14 აპრილი, 2015. 18:28




თქვენს წინაშეა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით შექმნილი ქართული ფულის – მარჩილის სამუშაო ვარიანტი, რომლის დახვეწაც იმ უბედურების გამო შეწყდა, რაც თბილისში 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.

 

ზვიად გამსახურდიას მითითებით, სახელგანთქმული ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის ელგუჯა ამაშუკელის მიერ დახატული 100 მარჩილის ბანკნოტი, რომლის ფოტოპირებიც „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე ექსკლუზიურად ქვეყნდება, შეიძლება ითქვას,რომ საქართველოს ისტორიის გადაშლილი  წიგნია და იგი საზოგადოებას დღემდე არ უნახავს!

 

მარჩილი, როგორც ჩანს, ვენეციური ვერცხლის „მარჩელოდან“ უნდა მომდინარეობდეს და იგი საქართველოში მე-16-17 საუკუნეებში გავრცელდა.

 

სულხან-საბა ორბელიანი თავის „სიბრძნე სიცრუისაში“ ხშირად ახსენებს „მარჩილს“...

 

ზვიად გამსახურდია, სავარაუდოდ, ფულის ამ ნომინალის ხილვას ვერ მოესწრო, რადგან მარჩილის სამუშაო ვარიანტი ბრიტანეთიდან სწორედ იმ დღეს ჩამოიტანეს, როცა თბილისში საშინელი ომი და სისხლისღვრა დაიწყო.

 

„ასავალ-დასავალი“ მადლობას უხდის „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძესა და ბატონ ამირან ქადაგიშვილს იმ ქართული ფულის ფოტოპირების ექსკლუზიურად „ასავალ-დასავალში“  წარმოდგენისთვის, რომელსაც ეროვნული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ეკონომიკა უნდა აეღორძინებინა.

 

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე: – „ასავალ-დასავალის“ მეშვეობით საქართველოს მოსახლეობა პირველად იხილავს ეროვნული ვალუტის იმ ნიმუშს, რომლის გამოშვებაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დავალებით იგეგმებოდა. სამუწახუროდ, ბატონ ზვიადს არ დასცალდა, რათა ეროვნულ ვალუტას – „მარჩილს“ საბოლოო სახე მიეღო და მიმოქცევაში შესულიყო.

 

– მახსოვს ბატონი ზვიადის გამოსვლა, სადაც მან თქვა, ქართულ ფულზე ვმუშაობთო! გამსახურდიამ მაშინ ახსენა „მანეთი“ და „მარჩილზე“ რატომ შეაჩერეს არჩევანი?

 

– მინდა, გითხრათ, რომ საბოლოო ვარიანტის მიხედვით, ზვიად გამსახურდიას უფრო ბუნებრივი და ქართული ეჩვენა „ლარი“ და „თეთრი“, თუმცა, თავდაპირელად სამუშაო ვარიანტად შეარჩიეს „მარჩილი“, რომლის ბანკნოტიც წარმოგიდგინეთ. მაშინ სააქციო საზოგადოება კავკასიის ბირჟის საბჭოს თავმჯდომარე იყო ამირან ქადაგიშვილი და მას ლიცენზიასთან დაკავშირებით შეექმნა რაღაც პრობლემა. აქედან გამომდინარე, მას ურთიეთრობა მოუწია ეკონომიკური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე გივი თაქთაქიშვილთან, რომელმაც ზვიად გამსახურდიათს მეშვეობით ამირან ქადაგიშვილს პრობლემები მოუგვარა. ბატონ ამირანს ახლო კავშირები ჰქონდა ბრიტანულ კომპანია „დელარიუსთან“, რომელიც 150 ქვეყნის ეროვნულ ვალუტას ბეჭდავს; კომპანია „დელარიუ“ ასევე ბეჭდავს პასპორტებს, მართვის მოწმობებს, „ვიზა ქარდს“ და ა.შ. სწორედ ამირან ქადაგიშვილმა შესთავაზა გივი თაქთაქიშვილს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა კომპანია „დელარიუს“ დაებეჭდა. მეორე დღეს თაქთაქიშვილი შეხვდა ზვიადს და პრეზიდენტი აღტაცებაში მოვიდა. სასწრაფოდ მოეწყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ- პრეზიდენტიზვიად გამსახურდია, გივი თაქთაქიშვილი, ამირან ქადაგიშვილი და ტარიელ გელანტია – უზენაესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. „დელარიუ“ ქართულ მხარეს სთავაზობდა ძალიან ხელსაყრელ პირობებს – ეროვნულ ვალუტას ისინი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „პოსლეზე“ გვიბეჭდავდნენ.

 

– რაღა მაინცდამაინც ამ „დელარიუზე“ შეაჩერეს ყურადღება, სხვა კომპანია არ არსებობდა?

 

– არსებობდა ფრანგული კომპანია „ობერტური“, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა ჯანო ბაგრატიონს და სხვათაშორის, სწორედ „ობერტურის“ დაბეჭდილია ლარი. საბოლოოდ აქცენტი მაინც „დელარიუზე“ გაკეთდა, რომელმაც მერე ქართული კუპონი დაბეჭდა. რომ იცოდეთ, კუპონის დაბეჭდვის ფული „დელარიუს“ შვიდი წლის შემდეგ გადაუხადა ქართულმა სახელმწიფომ. ერთი სიტყვით, ზვიად გამსახურდია  აღტაცებული იყო და მსჯელობდნენ სხვადასხვა ვარიანტზე, თუ ვინ და რა უნდა გამოესახათ ფულზე. განიხილებოდა თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, წმინდა გიორგის სახეები.

 

– ეს 100-მარჩილიანი ნომინალი ვინ დახატა?

 

– შესანიშნავმა ქართველმა მოქანდაკემ და მხატვარმა ბატონმა ელგუჯა ამაშუკელმა. სწორედ მას დაევალა ესკიზის შექმნა.

 

– ბატონო ნიკოლოზ, აქ არის შეცდომები...

 

– ესკიზის შექმნაში მონაწილეობდნენ ბრიტანელებიც, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს. როგორც ვხედავთ, ელემენტარულ მართლწერაშიც კი შეცდომებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სამუშაო ვარიანტი და არაფერი დასრულებული არ არის. როგორც ვხედავთ, ნომინალს თან არ ახლავს არც ფინანსთა მინისტისა და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა...

 

ბრიტანეთიდან სწორედ იმ დღეს ჩამოიტანეს ეროვნული ვალუტის ნომინალი საქართველოში და მიუტანეს ბატონ ამირან ქადაგიშვილს, როცა თბილისში შეიარაღებული პუტჩი დაიწყო!

 

მოგეხსენებათ, ეს იყო 1991 წლის 22 დეკემბერი. ბატონი ამირან ქადაგიშვილი უზენაესი საბჭოს შენობაში ვერ შევიდა და ომის დროს ზვიად გამსახურდიამ ეს ნომინალი ვერ ნახა!

 

– საინტერესოა, მერე თუ ნახა ზვიადმა ფულის ესკიზი?

 

– არ ვიცით, ალბათ, ვერ ნახა! სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიასთან მაშინ იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ „დელარიუს“ საწარმო თბილისშიც აშენებულიყო, რომელიც სხვა ქვეყნების ვალუტებსა და ფასიან ქაღალდებს დაბეჭდავდა. ერთი სიტყვით, საქართველო ემზადებოდა დიადი ცვლილებებისთვის, მაგრამ ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა ტყვია ესროლეს საქართველოს დამოუკიდებლობას და დაღუპეს ჩვენი სამშობლო!

 

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016