ის, რაც ქვეყანაში ხდება, არჩეული პოლიტიკური კურსის შედეგია, რომლის მსხვერპლნი და მძევალნი დღეს ჩვენ ყველანი ვართ, - აცხადებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და ხელისუფლებას მიმართავს:
- ბესო ხარძიანის მკვლელობა არ არის კავშირში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებასთან. ეს გახლავთ კიდევ ერთი პოლიტიკური მკვლელობა! საქმე გვაქვს გამოცხადებულ ტერორთან, რომლის უკანაც კონკრეტული ჯგუფი და მიზნები დგას! მეტიც, ვფიქრობ, ვაზაგაშვილისა და ხარძიანის მკვლელობა ერთმანეთთან კავშირშია, ერთი ჯაჭვის ორი სხვადასხვა რგოლია! ამ მკვლელობების ერთ-ერთი მიზანი ადამიანების დაშინება, გაჩუმება და ხელისუფლების დისკრედიტირებაა! ხელწერა ნაცნობია - ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალები საყოველთაო ტერორითა და დაშინებით ცდილობდნენ ადამიანებში უმწეობის განცდის დანერგვას. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დღეს ხელისუფლებაში აღარ არიან!
არ დაგიმალავთ, ძალიან მაშფოთებს იმ ადამიანების რიტორიკა და ლექსიკა, ვინც წინა ხელისუფლების მსხვერპლი იყო. ამბობენ, ჩვენ თვითონ აღვადგენთ სამართალსო, ხოლო გამწარებული ადამიანი როგორ იძიებს შურს და რას მოიმოქმედებს, კაცმა არ იცის! ერთი სიტყვით, ძალიან სახიფათო და საშიში ტენდენციაა!
- სიტუაციიდან გამოსავალზე რას იტყვით?
- შემსრულებლის პოვნა და იდენტიფიცირება არ იქნება გამოსავალი! ხელისუფლება უნდა მიხვდეს ერთ რამეს - საქმე მხოლოდ პოლიტიკურ ბრძოლას არ ეხება! სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია! დიახ, ეს არა მხოლოდ მათი ხელისუფლების გახანგრძლივების, არამედ, ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ამბავია! საგამოძიებო ღონისძიებების გატარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკის გააზრება და რადიკალურად შეცვლა!
მაინტერესებს იმ გამომძიებელთა გვარები, ვინც ხარძიანი დააკავა და ფალსიფიცირებული ბრალდება შეთხზა. სად არიან ეს ადამიანები? გამოძიებამ ეს ხალხი დაჰკითხა? შემთხვევით ხომ არ მუშაობენ ისევ თანამდეობებზე? იმ მოსამართლის მიმართ, რომელიცხარძიანს უკანონოდ უგრძელებდა პატიმრობის ვადას, არის წარმოებული დისციპლინური დევნა?! საერთოდ, დაიბარეს და ჰკითხეს, რას ერჩოდით ამ ადამიანსო?! დაკითხულია თუ არა ნოტარიუსი, რომლის მეშვეობითაც შუაღამისას ხარძიანის ქონება სხვა პირვებს გადაუფორმეს? აი, ესაა ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი მეგობრების დაკითხვა. 9 წლის განმავლოაში შუამდგომლობების 99 პროცენტი პატიმრობის მისჯით კმაყოფილდებოდა. რა ვქნათ, მოსამართლეებს ამაზე არაფერი ვკითხოთ?! ყველაფერზე თუ თვალებს დავხუჭავთ, ჯანმრთელი საზოგადოება გვერქმევა?! მე, როგორც საზოგადოების წევრმა, რატომ არ უნდა ვიცოდე, ვინ არიან ის მოსამართლეები, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ?! თუ საზოგადოება მაშინ არის ძვირფასი, როცა ხმის მისაცემად სჭირდებათ?!
თუკი ამ საქმეებს სათანადო პასუხი არ გაეცემა, ჩვენ, საზოგადოება მძევლის როლში აღმოვჩნდებით! ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთები რომ დროულად დადგენილიყვნენ, გამოძიება სოსანაშვილზე არ გაჩერებულიყო, რომელსაც ჯერ კიდევ არ ვიცით, დაუდასტურდება თუ არა ბრალი, ხარძიანს ქუჩაში ასე სასტიკად არ მოკლავდნენ! ამ საქმის გამოუძიებლობას და გაუაზრებლობას, შესაძლოა, კიდევ არაერთი გულანთებული ქართველისა და კარგი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვეს!
სიმრთლეც გითხრათ, ამ ყველაფრის შემყურე, რაღაცნაირად გალახულივით ვგრძნობ თავს. თითქოს, უზარმაზარი შეურაცხყოფა მომაყენეს. უძლურების განცდა მაგიჟებს. ისეთ მდგომარეობაში ვარ, მეტი აღარ შეიძლება. რისი მეშინია, იცით? ვაჟკაცები მშიშრებმა არ დახოცონ, მეომრები დეზერტირებმა არ დაიჭირონ და ციხეში არ გაუშვან...
- ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, არაადამიანებს პასუხი გაეცემათო...
- იმედია, სიტყვა საქმეს არ ასცდება! არ მინდა, კიდევ ერთი მსხვერპლი ვიხილო!
„ასავალ-დასავალი" საშუალებით, უმორჩილესდ ვთხოვ ხელისუფლებას, კარგად გაიაზრეთ მდგომარეობის ტრაგიზმი და სირთულე! არ შეჩერდეთ შემსრულებელზე! მიდით შემკვეთამდე!
ასევე, ჩემი თხოვნა იქნება, უფრო რადიკალური, პრინციპული და კომპეტენტური გადაწყვეტილებები მიღოთ. აუცილებელია მეტი აკადემიური, სწავლული ადამიანის ჩართვა სახელმწიფოს მართვაში.
- ვიდრე პროკურატურა ხარძიანის მკვლელობის საქმის გახსნას ცდილობს, პრეზიდენტი და პრემიერი არ მალავენ აზრთა სხვადასხვაობას, მეტიც, ერთმანეთს საჯაროდ აქილიკებენ...
- ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ თავის დროზე ერთმა კაცმა - მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო, ჩვენ კი დღეს ქვეყანას ამ კონსტიტუციით ვმართავთ. არ გამოვა, ბატონებო, ეს ამბავი! ღარიბაშვილი და მარგველაშვილი კი არა, სისტემაა დამნაშავე, რომლის დანგრევაც არ გვსურს! უადგილო იქნება, ვამტკიცოთ, როგორია პრემიერი და პრეზიდენტი. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, ერთადერთი ლეგიტიმური კაცი პოლიტიკიდან წავიდა. ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ვერც მარგველაშვილს მოვიაზრებდით პრეზიდენტად და ვერც ღარიბაშვილს - პრემიერ-მინისტრად.
- პრემიერ ღარიბაშვილს ეჭვი არ ეპარება ქვეყნის წინსვლაში...
- ვიცი, რას ნიშნავს რიტორიკა - ქვეყანა წინ მიდის, ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მეც გავიარე ეს გზა. როგორც იტყვიან, ეს ფილმი ნანახი მაქვს! პრემიერმა მეტი კომუნიკაცია, მოთმინება და დიპლომატია უნდა გამოიჩინოს!
იცით, ამ ხელისუფლებამ ყველაზე ცუდი რა გააკეთა?
- „ქართული ოცნების" მიერ ნაციონალური მოძრაობის მართვის სტილი გადამღერებული იქნა! მეტიც, ამ მართვის სისტემის მსხცვერპლნი აღმოჩნდნენ, მძევლებად იქცნენ! არათუ სისტემა დაინგრა, ფორმებიც კი შეისისხლხორცეს! ალბათ, ფიქრობენ, რომ დავანგრიოთ, მერე რა მოხდებაო, არ დაიღუპებით, ბატონებო! დაანგრიეთ ნაციონალების მიერ შექმნილი სისტემა და გაიმარჯვებთ!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"