ხანგრძლივი პაუზის ბათუმელი მოღვაწე პოეტი გენრი დოლიძე თბილისელი მაყურებლის წინაშე წარსდგა. პოეზიის საღამო „სიყვარულის რეპეტიცია“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა. თეატრის სცენაზე 26 წლის პოეტმა საკუთარი ცხოვრება მონოსპექტაკლით გააცოცხლა. სავსე დარბაზის წინაშე მან ერთ დრამატურგიულ ხაზში გააერთიანა მთელი თავისი შემოქმედება.
„მონატრებული მყავს თბილისელი მკითხველი, მონატრებული მყავს თბილისი. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ეს ყოველივე მკითხველის ინიციატივით ხდება. მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ ჩემს მკითხველს ჩემი შემოქმედებით სიამოვნება მივანიჭო“, - განუცხადა „რეპორტიორს“ გენრი დოლიძემ.
„ბრწყინვალე“ უწოდა ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებას ჯანსუღ ჩარკვიანმა, რომელიც გენრი დოლიძის საღამოს ესწრებოდა.
„მიხარია, რომ ვესწრები საღამოს, რომელიც შესანიშნავმა პოეტმა გენრი დოლიძემ გამართა. 26 წლის იყო ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, გურამ რჩეულიშვილი... ისინი დღესაც არიან... ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს გენრი, მისი პოეზია ბრწყინვალეა“, - განუცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა „რეპორტიორს“.
ახალგაზრდა პოეტი მაყურებლით სავსე დარბაზმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა. საღამო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა“ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.