საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით და ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ შექმნილი ფილმების აფხაზურ ენაზე თარგმნას.
ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ინიცატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე ითარგმნა ფილმი „გაღმა ნაპირი". პროექტის მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთში თარგმნილი ფილმების გავრცელება და პოპულარიზაციაა.
დღეს, 15:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აფხაზური სუბტიტრებით გიორგი ოვაშვილის ფილმის - „გაღმა ნაპირის" დისკებს გადასცემს.
ღონისძიებას გაუძღვებიან მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.
„გაღმა ნაპირი" აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიემგზავრება. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ოცდაათამდე ქვეყანაში, ოთხმოცამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირს" რამდენიმე ათეული ჯილდო აქვს მოპოვებული.