საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რაბათის ციხეს ესტუმრა და იქ არსებული მაღაზია მოინახულა. პრეზიდენტმა მაღაზიის მომსახურე პერსონალს ჯილდოები გადასცა და მესხური საფერავი დააგემოვნა.
„ბევრი მაღაზია წავიდა აქედან. დარჩა მარტო ერთი მესხური მაღაზია და ამისთვის მადლობა უნდა მეთქვა ამ ხალხისთვის, იმიტომ, რომ არ იყო სწორი და პირველ-ორ წელიწადს მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიზნესს, სხვაინარად ეს ვერ გაკეთდება. სხვანაირად თავისით არ აშენდებოდა მაღაზიები, სხვანაირად ვერ ინფუნქციონირებდნენ. სხვა ათასგვარ სისულელეში ფულის გადაყრას, ჯობდა, ჩვენი დატოვებული ფულით გაეგრძელებინათ და ამ ხალხისთვის მოეხმარებინათ. პირველ-ორ წელს აიდგამდა ეს ხალხი ფეხს, მერე აღარ დასჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ყველა მაღაზია დაიხურა. ეს მაღაზია იმსახურებდა მოვსულიყავი და მადლობა მეთქვა, სახელმწიფო ჯილდოები სხვა არაფერია თუ არა მადლობა უთხარა ამ ხალხს. ეს რაბათი ცარიელი ქვები დარჩება, თუ თქვენ არ გააცოცხლებთ, თქვენ, რომ აქ არ იყოთ, ამას ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა. რაბათის მშენებლობის ინიციატორი შეიძლება მთავრობა იყო, მაგრამ სიცოცხლე ხართ თქვენ. ის, რომ თქვენ, აქ დარჩით და გამაგრდით ნიშნავს იმას, რომ სხვებიც ისევ დაბრუნდებიან. იმიტომ, რომ ახალციხეს და რაბათს დიდი მომავალი აქვს. თქვენისთანა ხალხზე, თქვენისთანა, ენთუზიასტებზე და პატრიოტებზე დგას საქართველო." - განაცხადა სააკაშვილმა.