reportiori.ge - 23 აპრილს ივანე ჯავახიშვილი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 03:42
კულტურა
23 აპრილს ივანე ჯავახიშვილი დაიბადა
ავტორი:
23 აპრილი, 2015. 12:21


ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი 1876 წლის 23 აპრილს თბილისში, ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში დაიბადა. მამამისი, თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. დედა სოფიო ვახვახიშვილი თელაველი თავადის - ათანასე ვახვახიშვილის ასული, მაღალი, ლამაზი, უაღრესად სათნო, კეთილი ზნის ქალი, მორწმუნე, ეკლესიური, თავმდაბალი და დარბაისელი მანდილოსანი იყო. მათ ჰყავდათ ექვსი შვილი: ეკატერინე, ივანე, გიორგი, დათა, ალექსანდრა, მიხეილი. მამა ცდილობდა, შვილები დაეინტერესებინა სწავლით და ყოველნაირად უწყობდა ხელს.



1885 წელს ივანე ჯავახიშვილმა სწავლა დაიწყო თბილისში, პროგიმნაზიაში, ხოლო 1888 წელს იგი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მეორე კლასში ჩაირიცხა, რომელიც დაასრულა 1895 წელს. 1899 წელს კი პეტერბურგის (რუსეთი) უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილება. 1899-1901 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 1901-1902 წლებში იგი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში(გერმანია).



1902-1917 წლებში ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი. 1907წელს ნაშრომისათვის ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება" მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. 1907-1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის (პეტროგრადის) უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. 1907 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1918 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.



1918 წელს ჯავახიშვილის თაოსნობით და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918-1919 იგი იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, 1919-1926 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი. 1918-1938 წლებში ის თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, 1936-1940 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937 წლიდან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. 1939 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).



ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. იყო 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.



ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. მას ფუძემდებლური ნაშრომები აქვს დატოვებული ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა დარგში. როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება. ნაშრომისათვის ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში" პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა (1898). ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით ჯავახიშვილმა ნიკო მართან ერთად იმოგზაურა სინაის მთაზე (1902) და არაერთი მაღალი ღირსების ძეგლი გამოავლინა.




ივანე ჯავახიშვილი 1940 წლის 18 ნოემბერს თბილისში გარდაიცვალა. ოთხ დღეს ეთხოვებოდა მშობელი ხალხი თავის საამაყო შვილს. 21 ნოემბერს კი მის მიერ დაარსებული ქართული უნივერსიტეტის ეზოში, პირველი რექტორის - პეტრე მელიქიშვილის გვერდით დაკრძალეს.



1976 წელს საზოგადოებამ ფართოდ აღნიშნა დიდი მეცნიერის დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილე. დაადგინეს, გამოცემულიყო ივ. ჯავახიშვილის თორმეტტომეული სათაურით ქართველი ერის ისტორია". 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.




(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016