საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბელგიაში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ვილფრედ მარტენსის, დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ევროპის დიდებული ლიდერისა და არაჩვეულებრივი მეგობრის ვილფრედ მარტენსის გარდაცვალების გამო. ამ ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დიდი საფრთხე ემუქრება, ჩვენთვის იგი ყველაზე თავდადებული მეგობარი იყო ევროპაში. მისმა დახმარებამ და მხარდაჭერამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და შეუძლებელია შეაფასო მისი უსაზღვრო როლი.
იგი დააკლდება როგორც საქართველოს, ისე მოლდოვასა და უკრაინას, ყველა იმ ყოფილ დაპყრობილ ერს, რომლებსაც ასე ეხმარებოდა მათი ოცნების და ბედისწერის ასრულებაში - მიეღწიათ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის. უფრო მეტიც, იგი დააკლდება მთელ კონტინენტს. მისი მხრიდან ევროკავშირის განვითარებისა და ზოგადად ევროპული პროექტის მტკიცე მხარდაჭერა უაღრესად შთამბეჭდავი და სხვებისათვის სამაგალითო იყო. პირადად მე კი, მისი სახით, ახლო მეგობარი დავკარგე. გულწრფელად თანავუგრძნობ და თანადგომას ვუცხადებ ვილფრედ მარტენსის ოჯახს."- განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ვილფრედ მარტენსი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.