დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე გამოჩენილი ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი გახლდათ, რომლის სადიპლომო ნამუშევარი ,,სიჭაბუკე'', თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყო გამოფენილი... მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილის პრემიები. თბილისში დადგმული მისი მონუმენტური ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: ,,მზეჭაბუკი'', ,,გალაკტიონ ტაბიძე'', ,,იეთიმ გურჯი'', ბიუსტი ,,მარი-ბროსე'', ,,იოანე პეტრიწი''... მასვე ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო დროშის განახლება. სახვითი ხელოვნების გარდა, ჯუნა მიქატაძე მოღვაწეობდა კინემატოგრაფიაშიც _ დიდი იუმორით დაჯილდოებული, სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელი იყო. ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: ,,კუჩხი ბედინერი'' (რეჟ. გურამ პატარაია), ,,ოტელო'' (რეჟ. ნანა ჯანელიძე)... 1998 წელს, ჯუნა მიქატაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მოქანდაკე 2005 წელს გარდაიცვალა. ,,ვერსია'', ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკულპტურის, ქართული პოეზიის მეფის, გალაკტიონის ძეგლთან შეეცადა გაერკვია, რამდენად იცნობს ჯუნა მიქატაძესა და მის ,,გალაკტიონს'' ქართული საზოგადოება.
პირველი გამოკითხული 65 წლის რუსულენოვანი ქალბატონია, რომელიც 20 წელია, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მაგრამ არ იცის, ვისი ძეგლია... 57 წლის თბილისელი რევაზ მამუკიშვილი არც დაფიქრებულა, მეგონა, მაშაყირებთო. პასუხი არც 35 წლის არათბილისელ მამაკაცს გაჭირვებია, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. ,,ვერსიამ'' იგივე კითხვით 22 წლის თბილისელ გოგონას მიმართა. პასუხი ასეთი იყო: „მეც მაინტერესებს და არ ვიცი!'' გალაკტიონის ძეგლსა და მის ავტორზე წარმოდგენა არც 11 წლის გოგონას ჰქონდა, დედასთვის არ მიკითხავსო. 31 წლის ელდარ დავითიანმა თავისივე ტოლი ნათია გოგუაძე შეცდომაში შეიყვანა, ეს სულხან- საბა ორბელიანის ძეგლიაო. 62 წლის თბილისელმა ალექსანდრემ კითხვაზე მაშინვე მართებულად მოგვიგო. მყისიერი და სწორი პასუხი ჰქონდა 45 წლის დედაქალაქელ მამუკა ზოიძესაც: „ამ ძეგლს რომ ვუყურებ, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს, დღემდე ჩუმად გვისმენს, რომ რაღაც დაწეროს". გალაკტიონი 35 წლის ვაკელ ზურაბს გრიბოედოვი ეგონა... სამაგიეროდ, სწორი პასუხი იცოდა 46 წლის ირინე სიხარულიძემ, თუმცა ავტორი რომ ვკითხე, ბერძენიშვილიო, მომიგო. 37 წლის თბილისელ ნიკოლოზ მოდებაძესაც არ დასჭირვებია ბევრი ფიქრი. 24 წლის ბექას კი ცოტა გაუჭირდა, თუმცა შეიძლება, ინტუიციით, პასუხამდე მაინც მივიდა. იქვე მდგომმა 35 წლის ინკოგნიტო მამაკაცმა კი არ იცოდა ისევე, როგორც კიდევ ერთმა 25 წლის ბიჭმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან ასევე, თავი შეიკავა. 34 წლის ახალგაზრდა ბ.დ.-მ გვითხრა, რომ გალაკტიონის ძეგლი 1980-იან წლებში დაიდგა, თან დასძინა, გალაკტიონს, მგონი, ვაკეში სეირნობა უყვარდა და დალევაცო. 57 ნამდვილი თბილისელი, მთაწმინდელი დ. ებრალიძე, არაჩვეულებრივად სიმპათიური მამაკაცი, გამოკითხულთაგან ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ძეგლის ავტორის ვინაობაც გვითხრა, ჯუნა მიქატაძე ჩემი უფროსი მეგობარი იყოო, მერე იხუმრა: ,,ძეგლთან, თუ შეამჩნიეთ, ბენზინგასამართი სადგურია. ჰოდა, ძეგლს ხომ აქეთ აქვს სახე მოქცეული. ანეკდოტი დადიოდა: თითქოს, გალაკტიონი ამბობს: სუნი მაწუხებს და პირი აქეთ იმიტომ მაქვს მობრუნებული". აფხაზეთიდან დევნილ 47 წლის მალხაზ ფოჩხუას პასუხი გამზადებული ჰქონდა _ ქალიშვილს ელოდებოდა და 13 წლის სალომემაც კითხვას უშეცდომოდ უპასუხა. ძეგლთან ახლოს ძიუდოისტები ვარჯიშობენ. 74 წლის გივი კახაბრიშვილმა, დამსახურებულმა მწვრთნელმა, სწორი პასუხი გაგვცა. თავი არც 65 წლის თბილისელ გოგის შეურცხვენია. 19 წლის ძიუდოისტი გიორგი კი გამოტყდა, არ დავინტერესებულვარო. ერთი სიტყვით, რომ შევაჯამოთ, სურათი ასეთია: გამოკითხულთა უმრავლესობა მამაკაცი იყო და, როგორც ადრე, ახლაც, ჭარმაგი ადამიანებიდან თითქმის ყველამ იცოდა ძეგლის ვინაობა.... დახედეთ ფოტოს და დაიხსომეთ, მეგობრებო: ეს გალაკტიონია, თვითშეცნობილი გენია, „მთაწმინდის მთვარის", „მე და ღამის", „მერის", „მესაფლავის", „რომელი საათიას'', „თოვლის'', „გურიის მთების", „ეფემერასა'' და სხვა უთვალავი შედევრის ავტორი, რომელიც ლექსებით აზროვნებდა, რომელიც ამ სოფელს თითქმის არ ეკუთვნოდა, პრაქტიკულობის ნასახი არ ეცხო... ბუმბერაზი, მაგრამ უნაზესი სულის მარტოსული იყო, „მარტოობის ორდენის კავალრად'' წოდებული... თავიდან ცისფერყანწელებთან იყო, მერე გამოეყო _ ვერც უზომოდ ნიჭიერმა თაობამ დაიტია მისი უჯებირო, აზვირთებული, ცუნამისებრი შემოქმედებითი სტიქია. გავა მრავალი წელი, მაგრამ დრო ვერ გაახუნებს მის დიდებას, ვერ გააუფერულებს მის იისფერ თოვლს. აკი, იწინასწარმეტყველა კიდეც: „წელიწადები წავლიან ძველნი, შეიცვლებიან ქარით სიონი, როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი!''
http://www.versia.ge/index.php