გალაკტიონ ტაბიძეს სოხუმში აგარაკი ჰქონდა. პოეტის ერთ-ერთი სტუმრობისას, სოხუმში მცხოვრებ პოეტ ნაზი კილასონიას ოჯახს გადაუწყვეტია, გალაკტიონ ტაბიძისთვის წვეულება გაემართა და პატარა ნაზის პირველი ლექსები გაეცნო. კილასონიების ოჯახს კი მასთან შესახვედრად რამდენიმე გამორჩეული მეზობელიც დაუპატიჟებია. წვეულება დაიწყო. გალაკტიონმა პირველივე სადღეგრძელოს შემდეგ იკითხა: ჩემი ლექსი ვინმემ ხომ არ იცითო?
18 წლის მომხიბვლელ ქეთევან თურქიას გალაკტიონის რომელიღაც ლექსი წაუკითხავს. დიდი პოეტი აღფრთოვანებულა, ახალგაზრდა ქალისთვის ხელები დაუკოცნია. ქეთევანმაც რამდენჯერმე შეასრულა ამ ვახშამზე პოეტის თხოვნა და შესაბამისად, გალაკტიონმაც რამდენჯერმე დაუკოცნა ხელები.
კულმინაცია ამ საღამოსი სწორედ ამის შემდეგ მოხდა. გალაკტიონმა გამოსათხოვარი სადღეგრძელოს შემდეგ, კიდევ ერთხელ სთხოვა ქეთევანს, წაეკითხა მისი რომელიმე ლექსი. ქეთევანმა კიდევ ერთხელ შეასრულა პოეტის თხოვნა და ამჯერად, ისეთი ლექსი წაიკითხა, რომელმაც გალაკტიონი გააოცა. რადგან ეს ლექსი ჯერ კიდევ არ იყო დაბეჭდილი და ფართო მასებისთვის ცნობილი. როგორც ეტყობა, ხელნაწერებით ვრცელდებოდა.
სავარაუდოა, რომ ლექსი ცენზურისთვის მისაღები არ იყო, თორემ გალაკტიონს არ უჭირდა ლექსების დაბეჭდვა.
გალაკტიონს უკითხავს, საიდან იცი ეს ლექსიო და ქეთევანსაც არ დაუმალავს, რომ ჩუმად გადავწერე, ჩემი ნაცნობებისგანო. ეს დიდ პოეტს განსაკუთრებით ესიამოვნა. სუფრის წევრები იმასაც იხსენებენ, რომ გალაკტიონ ტაბიძეს ამის შემდეგ ხელსახოცზე რაღაც ჩაუწერია, რომელიც მისმა მხლებელმა, ერთ-ერთმა კრიტიკოსმა გულის ჯიბეში ჩაიდო. შესაძლოა, ამ ხელსახოცზე მომავალი ლექსის ფრაზაც მოინიშნა. არავინ იცის. სულ მალე კი საზოგადოებამ მიიღო ლექსი: „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!", სადაც ვკითხულობთ: „სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა, გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი..." ეჭვი არ არის, რომ ეს მშვენიერი ქალი ქეთევან თურქია გახლავთ.
წყარო - fact2.ge