თბილისში საქართველოს სახალხო არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
მსახიობის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.
ღონისძიებას ზინაიდა კვერენჩხილაძის ოჯახის წევრები, რუსთაველის თეატრის მსახიობები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ზინაიდა კვერენჩხილაძემ თავისი მრავალწლიანი შემოქმედებით საქართველოს უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა. მისივე თქმით, მემორიალური დაფის გახსნით, დედაქალაქის მერიამ მსახიობის უკვდავსაყოფად მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
საქართველოს სახალხო არტისტის კახი კავსაძის თქმით, ზინაიდა კვერენხილაძე იყო ქართული თეატრის ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული, განსაკუთრებულად ძლიერი ტრაგიკოსი მსახიობი.
ზინაიდა კვერენჩხილაძე 1956 წლიდან რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. 1968 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1976 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ათეულობით თეატრალურ როლთან ერთად შესრულებული აქვს რამდენიმე კინო-როლიც. ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა 2011 წლის 2 სექტემბერს. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.