საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თავისი „Facebook-ის" გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობის დროულად დასრულებისთვის ორგანიზაციებსა და პარტნიორებს ფინანსური შემოწირულობით დახმარების თხოვნით მიმართავს.
„ძვირფასო მეგობრებო! თქვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ საფუძველი ჩავუყარეთ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობას და მისი დროულად დასრულება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს, შეიძინოს ცოდნა და მიიღოს უახლესი ინფორმაცია პოლიტიკური მეცნიერების, საჯარო მმართველობის, ისტორიის, სამართლის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მსურველებს ამ ბიბლიოთეკით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოვიპოვოთ დაფინანსება და ხორცი შევასხათ ჩვენს წამოწყებას.
ალბათ იცით, რომ ბიბლიოთეკას უკვე აქვს რამდენიმე ათასი წიგნი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, ჩვენს თანამოქალაქეებს, უნივერსიტეტებს, ფონდებს, ბიზნესკომპანიებს მოვუწოდებ, შემოწირონ ბიბლიოთეკას წიგნები პოლიტიკური მეცნიერების, საჯარო მმართველობის, ისტორიის, სამართლის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით. ასევე, მინდა ვთხოვო ყველას, ორგანიზაციებსა თუ სხვა პარტნიორებს, ფინანსური შემოწირულობითაც დაგვეხმარონ ბიბლიოთეკის მშენებლობის დროულად დასრულებაში, რა თქმა უნდა, შეძლებისა და სურვილის შესაბამისად, მით უმეტეს, რომ ამ პროექტისადმი ინტერესი საზოგადოებამ უკვე გამოხატა. ჩვენ ერთად გავაკეთებთ ჩვენი მომავლის პროექტს!" - წერს თავის გვერდზე სააკაშვილი.