საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი, სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს პასუხობს, რომელმაც საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან კანონის უხეშ დარღვევაზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს მიერ "არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო" განცხადებების გაკეთებაზე ისაუბრა.
"აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრები საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში პროვოკაციულად და უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აღნიშნული ინციდენტის მოკვლევა, თუმცა ურიგო არ იქნება სახალხო დამცველმაც შეისწავლოს ამ ჯგუფის წევრთა ქმედებები, ვინაიდან, მსგავსი შემთხვევები ჩრდილს აყენებს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის არსებობას, როგორიცაა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი. პოლიციის თანამშრომლები, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად თანამშრომლობენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობენ მათ მონიტორინგის სრულყოფილ განხორციელებაში. აღნიშნული მონიტორინგის გარდა, დროებითი მოთავსების იზოლატორში გამჭვირვალობისა და ღიაობის სტანდარტის აწევის მიზნით, კანონით დადგენილ ფარგლებში განხორციელდა უცხოელ უფლებადამცველთა და ექსპერტთა მონიტორინგი.ევროსაბჭოს ექსპერტ ჯიმ მერდოკის შეფასებით, მნიშვნელოვანი ზომები გატარდა მონიტორინგის მექანიზმის გასაუმჯობესებლად. ექსპერტის შეფასებით, ამჟამად უკეთესი კოორდინაცია არსებობს შიდა ინსპექციის სამსახურებსა და პროკურატურას შორის" - განაცხადა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა, უჩა ნანუაშვილმა, საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„სამწუხაროა საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან კანონის ასეთი უხეში დარღვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს ამგვარი არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო განცხადება, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ ჩემმა წარმომადგენლებმა არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს და რომ არა ვიდეოკადრები, ინციდენტის არსებობაც კი ეჭვქვეშ შეიძლება დამდგარიყო."- აცხადებს ნანუაშვილი.