ცნობილი ქართველი პოეტი დათო მაღრაძე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" ალტერნატივას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი დროში რეკონსტრუირებული სერგო ორჯონიკიძე და ლავრენტი ბერია არიან:
- სააკაშვილი საქართველოს მასშტაბის კლოუნი იყო, ახლა კი საერთაშორისო კლოუნია! დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურთან სხვადასხვა ძაფებით იქნება დაკავშირებული და რომელი ქვეყანაც დასჭირდება, იმ ქვეყნის სამსახურში ჩადგომას არ იუკადრისებს! კოჰაბიტაცია არ იყო საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა, ეს გახლდათ თავსმოხვეული უბედურება, რომელიც გახდა კრიმინალების თავშესაფარი. სამართლიანობის აღდგენის გზაზე საქართველოს ახალი ხელისუფლება არანაირ გადაცდომას არ პირებდა, მაგრამ, როგორც პატარა სახელმწიფოს, კოჰაბიტაცა თავს მოგვახვიეს.
- ხალხი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ითხოვს. ხშირად გაიგონებთ - „ჩვენ ხმა მივეცთ ბიძინა ივანიშვილს და არა სხვა ვინმეს"!? როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს თუ არა?
- ამ მთავრობამ ძალიან ბევრ ამოცანას გაართვა თავი... ყველას ჯვარი სწერია, მაგრამ მარტო ის რად ღირს, რომ ადამიანს ავად გახდომის აღარ ეშინია?! აღარაფერს ვამბობ C ჰეპატიტის, მკურნალობის უნიკალურ პროგრამაზე, რომლითაც ნებისმიერი განვითარებული ქვეყანაც კი იამაყებდა. სააკაშვილის რეჟიმს რომ ასეთი მიღწევები ჰქონოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებოდნენ ტელევიზიები? იმერეთში, კახეთსა და რაჭაში ისეთი ფასი ჰქონდა ყურძენსა და თხილს, ჩემს ნათესავებს გნებავთ, დასავლეთში და გნებავთ - აღმოსავლეთში, მსგავსი არაფერი უნახავთ. გელაპარაკებით პატიოსან, ინტრიგებში გაურეველ ხალხზე და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ მასაზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გაათავისუფლა ჭირისგან და ბიძინა ივანიშვილმა გაათავისუფლა მედია! პოლიტიკაში, გვინდა-არ გვინდა, ყველანი ჩართული ვართ, მაგრამ, რაც შეეხება ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს!
- რატომ? თუ ხალხი ამას ითხოვს?
- ბიძინა ივანიშვილი იმოდენა თვალსაწიერის მქონე კაცია, იიერარქიაში მყოფი მოექცევა გარკვეულ ჩარჩოებში, ანუ შეიზღუდება. მერწმუნეთ, რამდენადაც მე მას ვიცნობ, ბიძინა ივანიშვილს გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის ამ მდგომარეობაში მყოფს, ვიდრე მაშინ, როცა ის ვალდებული იქნება, დილით ადრე გამოცხადდეს სამსახურში, ჩაატაროს თათბირები და ა.შ. ნამუშევარი ვარ ხელისუფლებაში და კარგად ვიცი, თუ როგორ იზღუდება იქ როგორც სამოქმედო, ისე სააზროვნო სივრცე. ივანიშვილისთანა კაცი ცოდოა ხელისუფლებისათვის - მისი აზროვნებისა და მოქმედების მასშტაბები ყოველგვარი ჩარჩოებისაგან უნდა იყოს თავისუფალი!
- წეღან ბრძანეთ, ბიძინა ივანიშვილმა მედია გაათავისუფლაო! არადა, საქართველოს ხელისუფლებას ერთი ტელევიზიაც არ ჰყავს მოკავშირედ... საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე საქართველოს ისტორიაში ლექციები რომ წაიკითხოს ჭკვიანმა კაცმა, არ შეიძლება?
- თქვენ იცით, გადაცემა მაქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" და ყოველთვის ვცდილობ, მოვიწვიო ნიჭიერი ქართველი ისტორიკოსები - გიორგი ოთხმეზური, ზაზა აბაშიძე,. აი, მაგალითად, ზაზა აბაშიძის თანაავტორობით გამოიცა შესანიშნავი წიგნი - „საქართველო და ქართველები", რომლის შემოკლებული ვარიანტიც ითარგმნა რუსულად; ახლა ვცდილობთ, ეს წიგნი ვთარგმნოთ ინგლისურად და 2018 წელს, ფრანკფურტის ფესტივალზე წარვადგინოთ. საერთოდ, კარგია, რომ მთავრობას არცერთი ტელევიზია არ ემონება და არ ემორჩილება.
- ბატონი ზაზა აბაშიძე უნიჭიერესი კაცია და კარგია, თუ მისი წიგნი წარსდგება ევროპული წიგნის ბაზრობაზე და არა იმ „უბორნიის" პოეტებისა და ტუალეტის მჯღაბნელების „შემოქმედება", რომლებმაც ქართული სიტყვა წარყვნეს! აი, მაგალითად, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ზაზა ბურჭულაძის გარყვნილი წიგნი - „ადიბასი" იყო წარდგენილი. ეს არის ქართული ლიტერატურა?
- ძალიან გთხოვთ, ამ თემებზე ნუ ვისაუბრებთ...
- კეთილი... ისევ მივუბრუნდები ამ თემას - „საზოგადოებრივ არხზე" საქართველოს ისტორიაში ლექციები რომ წაიკითხონ, დაიქცევა ქვეყანა?
- ბატონ გურამ ქართველიშვილს აქვს შესანიშნავი პროექტი - „გააგრძელე საქართველოს ისტორია"... როგორც ვიცი, სექტემბრიდან იგეგმება მთელი საინფორმაციო ბადის გადახალისება და შეცვლა, ვნახოთ, რა იქნება! როგორც ერთ-ერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ამას არ უდა ვამბობდე, მაგრამ, საერთოდ, ტელევიზორს თუ გამოვრთავთ, ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება! (იცინის)
- რატომ ვერ დაამარცხა საქართველოს მოსახლეობამ სააკაშვილის რეჟიმი მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ გამოჩნდა? ოპოზიციის „ეროვნულმა საბჭომ", მოგეხსენებათ, სააკაშვილის სექტა შეაჯანჯღარა და ბადრი პატარკაციშვილი ამ საქმეს შეაკვდა კიდეც, მაგრამ შედეგი ვერ დაიდო...
- „ეროვნული საბჭოს" წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ საბჭოსთან აქტიურად ვთანამშრომლობდი. მაშინ ლევან გაჩეჩილაძემ მოიგო კიდეც არჩევნები, მაგრამ საერთაშორისო კონიუნქტურა იმდენად ძლიერი იყო, არ გაგვამარჯვებინეს!
- ქუჩაში გამოსულ ხალხს რომ მანქანებისა და შენობის გადაწვა დაეწყო, როგორც ახლა ამერიკაში, ქალაქ ბალტიმორში ხდება, მაშინ რა იქნებოდა, „საერთაშორისო კონიუნქტურა" მაინც მიშარასტულ პოზიციებს დაიჭერდა თუ ქართველი ხალხის მხარეს გადმოვიდოდა?
- ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო კონიუნქტურა დიდი ალბათობით სააკაშვილს მისცემდა ნებას, დავეხოცეთ. მართალია, სააკაშვილი ისედაც არ აკლებდა ამ საქმეს ხელს და რეჟიმმა წყალქვეშა სასაფლაოები მოაწყო ქვეყანაში, მაგრამ ასეთ რეალობაში სააკაშვილი უკვე მასობრივ ხოცვა-ჟლეტას დაიწყებდა!
- სააკაშვილის მომავალი როგორ წარმოგვიდგენიათ, ქართულ პოლიტიკაში მის ადგილს ხედავთ?
- იქ, სადაც პოლიტიკაა, სააკაშვილის ადგილი არ არის! სადაც პოლიტიკა სიბრძნის დარგი ჰგონიათ, იქ სააკაშვილს არაფერი ესაქმება?
- მერაბიშვილის, ადეიშვილისა და უგულავას შესახებ რას იტყვით, მათი ადგილი არის პოლიტიკაში?
- მათი ადგილი პოლიტიკაში კი არა, საერთოდ საზოგადოების ნორმალურ ცხოვრებაშიც არ არის! სააკაშვილი ვნახე ამასწინათ ტელევიზიით, უკრაინაში, წინა ხაზზე, ჯარისკაცებს ხვდებოდა... აქ როგორც გამოიჩინა თავი, ვნახეთ - ომის დროს ძლივს გამოაძვრეს ღობიდან! ფაქტია - სააკაშვილსა და მის ხროვას აქვთ ერთადერთი „გამოცდილება" - როგორ ჩააბარონ რუსეთს ტერიტორიები! აქედან გამომდინარე, თუ უკრაინაში ვინმეს სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის „გამოცდილება" აინტერესებს, ე.ი. უკრაინის რუსეთისთვის ჩაბარება გადაწყვეტილი ამბავია! და კიდევ - უკრაინელი ხალხის სურვილი იყო, პრეზიდენტად აერჩიათ პოროშენკო, სინამდვილეში კი ხელში შერჩათ სააკაშვილი! როგორც ტროცკისტებს დაათრევდნენ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში, რათა არეულობები გამოეწვიათ, აი, ასე დაათრევენ ამათ!
- ჩვენც იგივე უბედურება ხომ არ დაგვემართა - ავირჩიეთ ივანიშვილი და ხელში შეგვრჩა მარგველაშვილი! რას იტყვით?
- ივანიშვილის ნების გარეშე მარგველაშვილი და ღარიბაშვილი არ მოსულან, ხოლო უკრაინაში უკრაინელი ხალხის ნების გარეშეა მოსული სააკაშვილი!
- რას იტყვით იმ ბაკქანალიის შესახებ, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის გარშემოა ატეხილი? თავიდან მარგველაშვილი გაიძახოდა - ქართველი ხალხის ძვლებსა და სისხლზე წამომართულ ავლაბრის რეზიდენციაში არ შევალო! მერე შევიდა და ახლა უკვე იქიდან აღარ გამოდის!..
- ორბელიანების სასახლეში ათონელზე ქართველი საზოგადოების, არისტოკრატიის საუკეთესო წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, მას გააჩნია მემორიალური ფასეულობა და არ ვიცი, როგორ შეიძლება მაგ შენობის დაწუნება, საერთოდ, პრეზიდენტსა და ყველას ვურჩევ, ჩავიდნენ თელავში და ნახონ ერეკლეს სასახლე! ნახონ ის პაწაწინა ოთახი, სადაც მეფე ერეკლე დაიბადა და აღესრულა. ძალიან უხერხულია ამ თემაზე ლაპარაკი... როდესაც ბატონი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის არავისი თქმით არ გადავა ავლაბრის რეზიდენციიდან, ერთი რამ გაიხსენოს - მგონი, ერთი ადამიანის თქმით წავიდა პრეზიდენტად და ეს ნამდვილად არ იყო ნაციის მოთხოვნა!
- შეგეძლოთ თუ არა ამ ხელისუფლებაში მაღალი პოსტი დაგეჭირათ? არაერთხელ თქმულა, რომ თქვენ ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ შემოგთავაზათ ძალიან მაღალი პოსტები, მაგრამ ყოველთვის უარი თქვით! რატომ?
- დიახ, ალბათ, ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუ საამისოდ წადილი მექნებოდა და ჩემი და ბატონი ბიძინას მოსაზრებები, ამ თვალსაზრისით, ერთმანეთს დაემთხვეოდა. ოპოზიციაში ყოფნის დროს მე და ბატონ ბიძინას არაერთხელ გვქონია ადამიანური საუბრები და მან ზუსტად იცოდა, რომ ოპოზიციაში ჩემი ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა ჩემს წადილს რომელიმე თანამდებობის ხელში ჩასაგდებად. ბატონ ბიძინას ველაპარაკე შემოქმედებითი გეგმების შესახებ და ვუმადლი იმას, რომ ჩემს არგუმენტაციას შეგნებით და მთელი სერიოზულობით მოეკიდა! დავარწმუნე ბატონი ბიძინა, რომ ჯობდა, არ მოვცდენილიყავი იმ საქმეს, სადაც ჩემს ქვეყანას უფრო გამოვადგებოდი.
- კარგი, მაშინ ასე შემოვატრიალოთ კითხვა - რომ მოგენდომებინათ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში იქნებოდით თუ არა დიდი თანამდებობის პატრონი?
- ალბათ, ვიქნებოდი... მე ხომ ერთხელ უკვე ვიყავი ძალიან მაღალ თანამდებობაზე! წამოვედი და ერთ მდინარეში ასჯერ ხომ არ შევალ?!
- ამერიკულმა „აირაიმ" „იანგარიშა", „იანგარიშა" და „დაასკვნა", რომ ნაცმოძრაობას აქვს 14-პროცენტიანი რეიტინგი... თქვენც ასე ფიქრობთ?
- ნაცმოძრაობის ნამდვილი რეიტინგი არის არა 14 პროცენტი, არამედ ის ხალხი, ვინც ნაცმოძრაობაშია გაწევრიანებული! ბოლოს უკვე სააკაშვილს მხარდამჭერები კი არ ჰყავდა, ჰყავდა დამჭერები! ვინც ახლა შემორჩა, ზოგი ნაზონდერალია, ზოგი - დამჭერი. სასაცილო იცით, რა არის? ესენი რომ „ენჯეოებს" აყალიბებენ! დიახ, სასცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა ხედავ, ნაზონდერალი „ჰუმანისტები" როგორ იბრძვიან სიტუაციის ასარევად „ინგლისურენოვან" კომკავშირლებან ერთად! სააკაშვილის დროს არსებობდნენ რამდენიმე ტიპის ზონდერები - პოლიტზონდერები, ტელეზონდერები, რეალური ზონდერები, კულტურის ზონდერები და ა.შ.
- სამწუხაროდ, ეს ზონდერები დღესაც ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებში არიან ჩანერგილები და გასუსულები ელოდებიან სიტუაციის არევას, რათა მერე თავიანთი ბნელი საქმეები აკეთონ...
- გეთანხმებით, მაგრამ არიან კარგი ბიჭებიც - ირაკლი კორძაია, დაჩი ცაგურია და სხვები, რომლებიც ამ ზონდერებს ნელ-ნელა ავლენენ და სააშკარაოზე გამოაქვთ მათი ბნელი და ნამდვილი სახე. ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიიღოს ზომები! ცხადია, ამ ზონდერებს, რომლებიც სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში არიან ჩანერგილები, სიტუაციის არევის მცდელობა ექნებათ, მაგრამ აქედანვე ვარწმუნებ მათ, რომ ეს მცდელობა იქნება უსუსური და თავიდანვე განწირული!
- მაინც რამდენი იქნებიან?
- 21 მარტს გამოჩნდა მათი რაოდენობა, როცა აქცია გამართეს. ნაციონალების მიერ 21 მარტს გამართული აქცია იყო მათი პოლიტიკური მოძრაობის სამოქალაქო პანაშვიდი! აი, ეგ იყო მაგათი რეიტინგი... მეტსაც გეტყვით, ხომ გახსოვთ, ხაშურში ზონდერებმა საარჩევნო ურნა რომ მოიპარეს და მღვდლები გამოეკიდნენ, რათა ურნა წაერთმიათ; ის ნაციონალები, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან, აი, იმ ურნის ხალხია და ეგენი პარლამენტარები კი არა, მეურნეები არიან! რაც შეეხება „აირაის", მის უმწიკვლობაში რომ საქართველოში ეჭვი არავის ეპარება, ეს, მგონი, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია! (იცინის) განა „აირაიმ" არ „დათვალა" და „დაადგინა" 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ, რომ გიორგი თარგამაძეს უფრო მეტი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს?! (იცინის).
- მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას" სად და როგორ ხედავთ?
- დარწმუნებული ვარ, ოცნება აუცილებლად გადახალისდება! ძალიან მასშტაბური განახლება იქნება საჭირო. ნაბრძოლი ყველას დაუფასდება, მაგრამ დიდი ცვლილებები აუცილებელია. მგონი, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა მაინც არ ეყოლება!
- აი, ახლა რომ მთავრობის ხელახლა დამტკიცება გახდა საჭირო, ამის შესახებ რას იტყვით?
- მე რა გავიგე, იცით? თუ მხოლოდ ორი მინისტრი უნდა დაემტკიცებინა პარლამენტს, ლევან ყიფიანი რატომ გადადგა და რა საჭირო იყო მთელი ეს სპექტაკლი?
- თქვენი აზრით, ადეკვატურია თუ არა საქართველოს ხელისუფლება იმ თვალსაზრისით, რა დილემაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე დგას?
რატომღაც მგონია, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად არის ადეკვატური - არც ილუზიებით კვებავს მოსახლეობას, არც ფასადის მოპირკეთებას იწყებს და არც ფულს ხარჯავს რიტუალურ გამარჯვებებში, როგორც ამას სააკაშვილი სჩადიოდა! გვახსოვს, ალბათ, სააკაშვილმა სამჯერ „დაამარცხა" რუსეთი და მთელი ქვეყანა აზეიმა... ამათ უტიფრობას საზღვარი არა აქვს უკვე. როდესაც ნაციონალები ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, ეს იგივეა, სერგო ორჯონიკიძე ავიდეს ტაბახმელაში და გმირების მემორიალთან თავისი მოთხოვნები წამოაყენოს! სერგო ორჯონიკიძე და ლავრენტი ბერია დროში რეკონსტრუირებული მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან! როგორც ლენინს არ იღებს მიწა, ისე ნაცმოძრაობას არ იღებს რუსთაველის გამზირი!
- დაუზუსტებელი ინფორმაციით, სააკაშვილსა და მის ხროვას ქვეყნიდან დაახლოებით 19 მილიარდი დოლარი აქვთ გატანილი... სწორედ ეს ფულია, ათასნაირ „არასამთავრობოებს" რომ ხსნიან ყოფილი ზონდერები, ბრწყინვალე აპარტამენტებს, რომ ქირაობენ თუ ყიდულობენ და უძვირფასესი მანქანებით დაგრიალებენ! თქვენს მიერ ხსენებული „საერთაშორისო კონიუნქტურა" დაუშვებს ამ თანხების საქართველოში დაბრუნებას?
- თუ სიბრძნით მივყვებით, ყველა ბარიერის გარღვევა იქნება შესაძლებელი! ამ ხელისუფლებას სიბრძნეს ვამჩნევ და ის, რომ დღეს ჩვენ ტრაგედიის ეპიცენტრში არა ვართ, სწორედ ამ სიბრძნის დამსახურებაა. ვფიქრობ, საქართველოში ოცდახუთწლიანი ისტერია მთავრდება და ამიტომაც გამძაფრდა ქვეყანაში სიტუაცია.
- შემოქმედებით ასპარეზზე რა სიახლეები გაქვთ?
- ამ ორი კვირის წინ ლონდონში გამოვუშვი მეორე წიგნი, რომელსაც ჰქვია - „ნაფეხურები წყალზე". ჩემი ლექსები თარმნეს ნატალია ბუკია-პეტერსმა და ინგლისელმა პოეტმა ქალმა ვიქტორია ფილდმა. ალბათ, ოქტომბერში, „ტერ სტოუნში" შედგება ამ წიგნის პრეზენტაცია...
- მამათქვენი დიდი და სახელოვანი კაცი იყო... ბრძენს უთქვამს - „შვილმა უნდა იცოდეს, სად შეჩერდა მამა". სად შეჩერდა ელგუჯა მაღრაძე?
- ჩემი პოემის - „ჯაკომო პონტის" პირველ თავს ასე დავარქვი - „მამის სახლიდან მამის სახლამდე"... ჩემი აღქმით, ამ ოთხ სიტყვაში ჩატეულია მთელი წუთისოფელი - მამის სახლიდან უნდა წახვიდე, რათა მერე დაბრუნდე, როგორც ულისე და როგორც ოდისევსი! ეს არის ცხოვრება.
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"