ამ რამდენიმე დღის წინათ „რუსთავი-2“-ის ყოფილმა კორესპონდენტმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა, ავადსახსენებელმა გურამ დონაძემ სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ სიტყვასიტყვით ასეთი რამ განაცხადა – „საქმეში, არც წინა და არც ახლანდელ გამოძიებაში, არსად წერია, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძეს ედო იარაღი ან გარდაცვალებამდე, ან გადაცვალების შემდეგ! ძალიან გთხოვთ, რომ საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ უთხარით სიმართლე, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია!“ დონაძეს, ამას რომ ლაპარაკობდა, გვერდით ქალაქის მაშინდელი საპატრულო პოლიციის შეფი ზურაბ მიქაძე ედგა, რომელმაც ტრაგედიის ღამეს, 2004 წლის 23 ნოემბერს, „რუსთავი-2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა – „დაკავებულია შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და ერთი ლიკვიდირებულიაო!“ პატრულ გიორგი ბაშალეიშვილის მიერ დიდუბის ეკლესიასთან დახვრეტილი 19 წლის ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე გურამ დონაძის ამ მოულოდნელ „ფერისცვალებას“ მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს და აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები „გაიჭედნენ“!
– ბატონო სოსო, გურამ დონაძის ბოლოდროინდელი სკანდალური განცხადება რას უნდა მივაწეროთ?
– გურგენამ, ანუ იმავე გურამ დონაძემ, ახლა თქვა ის სიმართლე, რაც მას თერთმეტი წლის წინათ უნდა ეთქვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდნენ გამოძიებასაც, სასამართლოსაც, მაგრამ ეტყობა, ახლა მიხვდნენ, რომ გაიჭედნენ და ყველამ თავისი ტყავის გადარჩენაზე დაიწყო ზრუნვა. ხელთა მაქვს ბაშალეიშვილის ჩვენება, სადაც ის წერს, რომ თითქოს ბუტას ავტომატი ჰქონდა, რომელიც გადმოვიდა მანქანიდან, ორჯერ გაისროლა პოლიციის მიმრთულებით და ამის გამო მოხდა ჩემი შვილის ლიკვიდაცია. ერთი წლის განმავლობაში ამ ვერსიას კბილებით იცავდა სააკაშვილის ბანდა და ბუტას ის ავტომატი „მიწებებული“ ჰქონდა. ამდენად, გურგენა რომ გაიძახის, ჩვენ არასოდეს გვითქვამს, ბუტას იარაღი ჰქონდაო, მტკნარი სიცრუეა! ამის გარდა, მაქვს დისკი, სადაც ზურაბ მიქაძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა ბანდიტმა თითქოს პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და მისი ლიკვიდაცია მოვახდინეთო! რაკი ბუტასთან მიმართებაში ცრუობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ე.ი. ახლა ცრუობენ დანარჩენი ბავშვების წინაშეც, როცა გაიძახიან, იარაღი ჰქონდათო...
ნაძირალა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ადეიშვილმა ვირთხამ, იცით, რა გააკეთეს? დაურეკეს და მოსამართლეს პირდაპირ ასე უთხრეს – ამ განაჩენს ერთ ადგილზე შეგტენითო! მესამე დღეს ეს ბავშვები ისევ დაიჭირეს... ვიმეორებ: გურგენას, ზურაბ მიქაძეს, ირაკლი ფირცხალავასა და მთელ მაგ ბანდას, ეს სიმართლე 11 წლის წინათ უნდა ეთქვათ, მაგრამ გამოძიება შეიყვანეს შეცდომაში!
– ირაკლი ფირცხალავა თითქოს სულ იმას გაიძახოდა, ბუტას იარაღი არ ჰქონდაო!
– სწორედ ირაკლი ფირცხალავას პოლიციიდან გაიტანეს ის ტყვიები და ავტომატები, რომლებიც ბავშვებს მანქანაში ჩაულაგეს. ფირცხალავა მაშინ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო და მაგის რაიონში დამიხვრიტეს ხელებაწეული ბავშვი.
– მაშინ რა გამოდის, ბატონო სოსო, დონაძე თავის დაძვრენას ცდილობს და ზურაბ მიქაძეს წირავენ?
– ბანდის შიგნით რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, წინ უფრო მეტი სიურპრიზები გველოდება. მე, მაგალითად, არ გამოვრიცხავ, რომ გურამ დონაძეს, რომელმაც სიმართლის ლაპარაკი დაიწყო, რაიმე მოუწყონ! მკვლელები არიან, ყველაფერზე აქვთ ხელი მოწერილი და გამორიცხავთ რამეს? დონაძე ამ საქმიდან თავს ვერ დაიძვრენს! ბაშალეიშვილს სწორედ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ დააწერინეს, რომ „შეიარაღებულ ბანდიტს გაუკეთა ლიკვიდაცია“ და სწორედ დონაძემ გადასცა „რუსთავი-2“-ის საშუალებით ის ბინძური და გაყალბებული სიუჟეტი.
– დონაძე არ არის იმ დონის ბრიყვი, არ იცოდეს, რომ სიცრუის თქმისთვის პასუხი მოეთხოვება!
– მაშინ, ბუტას და სანდროს საქმეები რომ იხილებოდა, სააკაშვილმა სპეიალურად მიიღო კანონი, რომლის ძალითაც, ადამიანი ჩვენების შეცვლისთვის არ ისჯებოდა. სამი თვის შემდეგ, როცა ბუტას და სანდროს საქმეებზე სასამართლო დამთავრდა, ეს კანონი გააუქმეს და ჩვენების შეცვლა ისევ დასჯადი გახადეს!
– ბატონო სოსო, ბუტას საქმეში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ოქრუაშვილი ამ საქმეზე არ უნდა დაიკითხოს?
– ირაკლი ოქრუაშვილი თვალსა და ხელს შუა „გამითეთრეს“! არადა, არსებობს მოწმე – გურგენა დონაძის თანამშრომელი – რომელიც ამბობს, რომ როცა დონაძე კასეტას ამონტაჟებდა, მას დაურეკა ოქრუაშვილმა და უთხრა – ამოდი ჩემთან და ეგ კასეტაც ამომიტანეო! დონაძე ოქრუაშვილის კაბინეტიდან რომ გამოვიდა, დაითხოვა ყველა თავისი თანამშრომელი და თვითონ დაამონტაჟა კასეტა. ამის მოწმეც არსებობს და როგორ უნდა დარჩეს ოქრუაშვილი „მშრალზე“? თუ პოლიტიკური ნება იქნება, ოქრუაშვილსაც უნდა მოჰკითხონ. საერთოდ, იმას მიეცეს ჩემი ბუტას და ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების ცოდვა, ვინც ოქრუაშვილი „გაათეთრა“!
სამართლიანობა ვერ აღდგება მანამ, სანამ სააკაშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი და და მათი ბანდის წევრები გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდებიან! მე ვიბრძოლებ ნებისმიერი პატიოსანი პოლიციელის უფლებების დასაცავად და მივესალმები იმ ფაქტს, რომ კრიმინალების მიერ მოკლული პოლიციელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100 ათასი ლარით, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარით დაეხმარება, მაგრამ იმ ხალხმა რა ქნას, რომლებსაც პოლიციელებმა უდანაშაულო შვილები და შვილიშვილები ქუჩაში დაუხოცეს?
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი“