reportiori.ge - გიორგი პაპუნაშვილი: ევროტურნირებზე წარმატების მიღწევა „დინამოსთან“ ერთად მსურს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:07
ინტერვიუ
გიორგი პაპუნაშვილი: ევროტურნირებზე წარმატების მიღწევა „დინამოსთან“ ერთად მსურს
11 მაისი, 2015. 19:27



საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშება ფინალურ სტადიას უახლოვდება და ჩემპიონის ვინაობა თითქმის გადაწყვეტილია. 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს გორის „დილა" 57 ქულით ლიდერობს, თბილისის „დინამო" კი ბათუმის „დინამოსთან" უკანასკნელ შეხვედრაში ფრეს დასჯერდა და გორელებთან სხვაობა 6 და 5 ქულამდე გაზარდეს. ამ მატჩმა ფაქტოვრივად გადაწყვიტა ჩემპიონის ვინაობა.


თბილისის „დინამოს" ისღა დარჩენია, რომ სატურნირო ცხრილის ზედა 3-ეულში შეინარჩუნოს ადგილი და თასის ფინალში „სამტრედია" დაამარცხოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მედია-ჰოლდინგი „რეპორტიორი" თბილისის „დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უდაოდ გამორჩეულ, მოკაშკაშე ახალგაზრდა ტალანტს, გიორგი პაპუნაშვილს ესაუბრა.


- ბათუმის „დინამოსთან" დაკარგულმა ქულებმა, ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად დაგაკარგვინათ.

 

- რთული თამაში გამოვიდა. მოგება ძალიან გვინდოდა, მაგრამ ამისთვის რაღაც დაგვაკლდა. ვფიქრობ, რომ ჩემპიონობას მიმდინარე სეზონში დავემშვიდობეთ.


- სეზონის უმეტეს ნაწილში „დინამო" სატურნირო ცხრილში ლიდერობდა და თითქოს, ჩემპიონობისთვის ხელი თქვენთვის არაფერს უნდა შეეშალა, თუმცა ბოლო მატჩებში აშკარა დაღმასვლა იყო. რამ გამოიწვია ეს?

 

- ეროვნულ ჩემპიონატს ვლიდერობდით და ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, მაგრამ ბოლო თამაშებში სათანადოდ მზად ვერ აღმოვჩნდით და დასანანი ქულები დავკარგეთ. ბევრი მიზეზის დასახელება შეიძლება, თუმცა პირველ რიგში, ეს ჩვენი ბრალია.


- გუნდის შემადგენლობა, ფაქტობრივად სრულად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. როგორ ფიქრობ, იყო თუ არა სეზონის დასკვნით ნაწილში „დინამოს" ჩავარდნა მოთამაშეთა გამოუცდელობის ბრალი?

 

- რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი მიზეზია. „დინამო" ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა და ამან გუნდის შედეგებზეც იმოქმედა.


- მიმდინარე სეზონში გუნდმა ჩემპიონობა დაკარგა და გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ „დინამო" კახი გოგიჩაიშვილის შემცვლელს ეძებს. თავად შენ როგორ შეაფასებდი მწვრთნელის მუშაობას?

 

-  პირველ რიგში, კახიმ გუნდში კარგი, ოჯახური გარემო შექმნა. ადვილი არ არის, გუნდში მოხვიდე და ახალი ფეხბურთელებით, ნულიდან დაიწყო ყველაფერი და ამას თავი იდეალურად გაართვა. ამ მცირე დროში, მასთან ერთად მოვიგეთ სუპერ თასი და დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გვიწევს თამაში. ეს ყოველივე ნამდვილად წარმატებაზე მეტყველებს და მინდა დარჩენილ თამაშებშიც წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება მის შესაძლო გაშვებას, არ ვიცი, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა ერთს გეტყვით, ჩვენ კახის და მთელ სამწვრთნელო შტაბს გვერდში ვუდგავართ.


- გუნდი ჩემპიონობას დაემშვიდობა, თუმცა თასის ფინალშია გასული, სადაც საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება. როგორ შეაფასებდი შანსებს?

 

- „სამტრედიის" სახით რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ფინალის მოსაგებად, რადგან ამ სეზონში მოპოვებულ სუპერთასს, გვინდა ქვეყნის თასიც მივუმატოთ.


- გუნდი, სავარაუდოდ, ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს. რამდენად აქვს დღევანდელ „დინამოს" იმის პოტენციალი, რომ აღნიშნული ტურნირის ფინალურ ეტაპზე გავიდეს?

 

- ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, მაგრამ გუნდს ნამდვილად აქვს პოტენციალი და შანსი ნებისმიერ მეტოქესთან საიმისოდ, რომ წარმატებას მიაღწიოს.


- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენით სერიოზულადაა დაინტერესებული „ანორთოსისი". იყო თუ არა ამ კუთხით რაიმე მოლაპარაკება?

 

- დიახ, ამის შესახებ მეც გავიგე, მაგრამ რეალურად, ამ საკითხთან დაკავშირებით, სერიოზული არაფერი ხდება. არის რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ ამის შესახებ საუბარი არ მსურს. ჯერჯერობით, „დინამოში" ყველაფერი კარგად არის და ამ გუნდთან ერთად მსურს ევროტურნირებზე წარმატების მიღწევა. ამის შემდეგ, წასვლაზე ფიქრიც შეიძლება.


- ანუ შეიძლება ითქვას, რომ მომავალ სეზონშიც „დინამოში" გიხილავთ?

 

- დაზუსტებით ვერ გეტყვით, მომავალში რა იქნება. ვნახოთ, ყველაფერი წინ არის.


შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის მიმდინარე გათამაშების ფინალი, სადაც ერთმანეთს თბილისის „დინამო" და „სამტრედია" დაუპირისპირდებიან, 26 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016