გრიშა ონიანი: 9 მაისს წითელ მოედანზე ჩატარებული მასკარადი „უპატარძლო ქორწილი" იყო!
საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" თავმჯდომარე გრიშა ონიანი ვლადიმერ პუტინს შემოსწყრა! იგი ძალიან გაანაწყენა 9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლამ, როცა პუტინმა ერთხელაც არ ახსენა დიადი გამარჯვების მთავარი შემოქმედი და ფაშიზმის დამმარცხებელი - გენერალისიმუსი სტალინი. გრიშა ონიანმა ამის გამო პუტინის მიერ გამართულ მართლაცდა გრადნიოზულ აღლუმს „უპატარძლო ქორწილი" უწოდა!
- ბატონო გრიშა, შევიტყვე, რუსეთის მიმართ რადიკალურად შეგიცვლიათ დამოკიდებულება. ყოველივე ეს ემოციებით არის გამოწვეული თუ თქვენი საბოლოო გადაწყვეტილებაა?
- 1832 წლის აჯანყებასა და მის წარუმატებლობაზე მაბოდებდა... ერთ-ერთ ნაწარმოებში ამოვიკითხე ასეთი ფრაზა: - „დოდაშვილი ვინც გაყიდა, სამშობლოსაც არ გაჰყიდის". სულ იმის ფიქრსა და ოცნებაში ვიყავი, როდის იპოვიდნენ დოდაშვილის გამყიდველს, რომ სამშობლოს გამყიდველიც ეპოვათ. მაშინ სკოლის მერხზე ვიჯექი და მეგონა, ეს ყველაფერი ადვილი მოსაგვარებელი იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ცხოვრების გრძელი გზა გამოვიარე, ვნახე და გავიგე, რამდენი გამყიდველი და გამცემი ყოფილა, რომლებიც არა მარტო დოდაშვილს, არამედ მთელ საქართველოს გაყიდიან. სისხლი ძარღვებში მეყინება, გული შურისძიებით მევსება, როდესაც ვუყურებ, როგორც აპამპულავებენ ქართველ ხალხს ერთი მუჭა ოლიგარქები და როგორ უკონტროლოდ დგამენ საცირკო წარმოდგენებს, რათა ბაზრის კინტოების მსგავსად, ყალბი ჩხუბი ატეხონ და სეირის საყურებლად მისულ ხალხს ჯიბეები ამოუფხიკონ. კაპიტალისტურმა სისტემამ პლანეტაზე უკვე წრე შეკრა და ამ ჯაჭვის გაწყვეტა თითქმის შეუძლებელია.
- უფრო კონკრეტულად...
- ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსი), როდესაც საარჩევნო ხმებს აგროვებდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, - მე არ მეგულება ამერიკაში ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ეცადოს საჯდომის მიცემაო! ამით მან ცხადია, ჰომოსექსუალთა გული მოიგო, თუმცა, არავინ იცის, მართლა გაუთამაშა თუ არა ჯორჯ ბუშმა ვინმეს უკანალი ცხოვრებაში. დიახ, ამაზე „ისტორიული" დოკუმენტები არ არსებობს, მაგრამ არსებობს უტყუარი მასალები, ექსპერტიზის დასკვნები და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და მის „ტურფას" - მონიკა ლევინსკის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში რამდენჯერმე მაინც ჰქონდათ ორალური სექსი. თანამედროვე „დემოკრატიულ" პრინციპებს არც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩამორჩა, როდესაც თავისი მეუღლე მმაჩის ბიუროში ხელკავით მიიყვანა, პლანეტის მოსახლეობის თვალწინ უნდობლობა გამოუცხადა და გაშორდა მას. მე არ ვიცი, კიდევ რა „დემოკრატიულ" ნორმებზე არ ამბობს უარს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - დიდი სამამულო ომის 70 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე პუტინმა დასავლეთს ტრა...ი მისცა!
- დაგვბომბავენ, ეგ ოხრები, ბატონო გრიშა!
- დიახ, ზუსტად ასე იყო! და თუ ასე არ იყო, მაშინ ვლადიმირ პუტინისგან გვრჩება ერთი რამ - კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად ის სძულს, ვისაც ბაძავს! პუტინს ჩვეულებრივზე მეტად უნდა, რომ იყოს სტალინი. შეიძლება, თავის გარემოცვაში ის მოჩვენებით არის კიდევაც სტალინი, მაგრამ სინამდვილეში მას სტალინთან საერთო არაფერი აქვს! დიახ, იქნებ სახლში, კაბაევასთვის არის სტალინი, მაგრამ ხალხისთვის ის სტალინი ვერასოდეს გახდება! იგი უცხოეთზე სულმიყიდული დაზვერვის აგენტია, რომელიც კარგად ახერხებს ითამაშოს რუსი ხალხის პატრიოტის როლი და ამავე დროს საჯდომი უთამაშოს დასავლეთს.
- ბატონო გრიშა, გეთანხმებით, რომ პუტინის მიერ იმ გამარჯვების ზეიმზე სტალინის არხსენება დიდი შეცდომა იყო...
- დიახ, აღშფოთებას ვერ ვმალავ, რადგან 9 მაისს წითელ მოედანზე ჩატარებული მასკარადი სხვა არაფერი იყო, თუ არა უსინდისოდ და უსირცხვილოდ ჩატარებული „უპატარძლო ქორწილი". პუტინმა ერთხელაც არ ახსენა გენერალისიმუსი და პლანეტის გამგებელი - სტალინი, რომელიც მსოფლიოში ყველასათვის კარგად ცნობილ წითელ მოედანზე წამომართული აკროპოლისიდან 1941 წელს 7 ნოემბრის საზეიმო აღლუმს იღებდა; პუტინმა არცერთხელ არ ახსენა დიდი სტალინი, რომლის ფერხთითაც 1945 წლის 24 ივნისს ჰიტლერული დროშები დაყარეს, რომელიც 12 მილიონ ჯარისკაცს სარდლობდა და კონტროლს უწევდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამხედრო ძალებს! დიახ, სტალინის სახელი ამ მასკარადზე არ გაჟღერებულა, ხოლო მავზოლეუმის უნიკალური შენობა უცნაური ფერის სამშენებლო მასალებით იყო შემორაგული.
- თქვენი აზრით, მაინც რატომ არ ახსენა პუტინმა სტალინი?
- ხომ გეუბნებით, ეს ან დასავლეთისა და ამერიკის შიშით გამოწვეული „ჩასველების" ბრალი იყო, ანდა აშკარად იმის მცდელობა, რომ ხალხმა დავიწყებას მისცეს სტალინის სახელი და პუტინმა თვითონ ჩაანაცვლოს იგი! იცით, რაშია საქმე? კაპიტალიზმისა და საერთაშორისო იმპერიალიზმის დაქირავებულმა აგენტებმა - ხრუშჩოვმა, გორბაჩოვმა, იაკოვლევმა, შევარდნაძემ და ელცინმა, რომლებმაც უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადეს უცხოეთის წინაშე და ჩააბარეს მათ პლანეტის საარსებო ნედლეულის 30 პროცენტზე მეტი, სწორედ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაულოცეს ფაშიზმზე გამარჯვებისა და კაციჭამია ჰიტლერელებისაგან მსოფლიოს გათავისუფლების დროშა! დიდი ალბათობით პუტინმა არ იცის, რომ, როდესაც სტალინი ზებგერით თვითმფრინავებს აგებდა, პარალელურად ვოლგა-დონის არხი გაჰყავდა; როდესაც „ტ-34" ტიპის ტანკს ქმნიდა, პარალელურად კოლხეთში აშრობდა ჭაობებს და როდესაც გრაბინთან ერთად საარტილერიო დანადგარებს აუმჯობესებდა, პარალელურად ბომბდაცემული დიდი თეატრის აღდგენას აჩქარებდა... პრეზიდენტო პუტინო, თქვენ დასავლეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფლება მოგცათ, შეიერთოთ რაც გინდათ და ვინც გინდათ, ხოცოთ და ამოწყვიტოთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსი და არარუსი; თქვენ ასევე ნება დაგრთეს, აჩვენოთ მსოფლიოს სამხედრო ძლიერება, მაგრამ ეს ყველაფერი დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისათვის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს. მათ შიში აქვთ ლოზუნგისა - „დავიკავოთ უოლსტრიტი", „დავიკავოთ ტრაფალგარი", „დავიკავოთ ელისეს მინდვრები"! დიახ, ისინი ჯერჯერობით ამ საშიშროებას უმკლავდებიან, მაგრამ, თუ ხალხის ხმას სტალინის სახელიც შეუერთდა და კვლავ იფეთქა „თანასწორუფლებიანობისა" და „სოციალური უზრუნველყოფის" ტალღამ, მას წინ ვერაფერი დაუდგება და შენ და შენს მეგობრებსაც ის დღე მოგელით, რაც ოკეანის გაღმელებს. ამიტომაა, რომ სტალინი არც თქვენ გიყვართ და არც იმათ... თუმცა გახსოვდეთ, - ძალა ერთობაშია! ხოლო მსოფლიო პროლეტარიატის გამაერთიანებელი მხოლოდ და მხოლოდ სტალინია!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"