reportiori.ge - პარლამენტი „სითი პარკს“ 15 ივნისიდან მანქანების სადგომზე გადაყვანას უკრძალავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:37
ინტერვიუ
პარლამენტი „სითი პარკს“ 15 ივნისიდან მანქანების სადგომზე გადაყვანას უკრძალავს
ავტორი:
13 მაისი, 2015. 12:40


გუშინ იუსტიციის სახლში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით თბილისელ ავტომფლობელთა მყვლეფავი და თავხედი კომპანიის, „სითი პარკის" საწინააღმდეგო, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა დააინტერესებთ. ქუცნაშვილის ინიციატივით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან „სითი პარკს" აეკრძალება ჩვეულ სტილში ქუჩებიდან მანქანების ყაჩაღურად გატაცება, ანუ თუ მანქანა ქუჩაში ისეა გაჩერებული, რომ არ ქმნის ავარიულ სიტუაციას, არ აფერხებს მოძრაობას და არ ქმნის საცობს, „სითი პარკის" თანამშრომლებს მისი ევაკუირება და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა აეკრძალებათ. შესაბამისად, ვერც 70-ლარიან ჯარიმას დააკისრებენ ავტომფლობელებს, რომლითაც სული ამოხადეს ბევრ ადამიანს.


რით დაისჯება „სითი პარკი", თუკი მანქანების სადგომზე გადაყვანას უკანონოდ გააგრძელებს? ნიშნავს თუ არა, პარლამენტის ინიციატივა, რომ „სითი პარკის" თბილისიდან გაძევებას არავინ არ აპირებს?


„ალიას" ზაქარია ქუცნაშვილი ესაუბრა:


- ბატონო ზაქარია, მართლა კარგი ინიციატივაა, ეს საკანონმდებლო ცვლილება ამ ყაჩაღებს, ხელ-ფეხს შეუკრავს და ათასობით მოქალაქეს შვებას მოჰგვრის, რატომ აქამდე არ გააკეთეთ ეს? ან რატომ 15 ივნისიდან და არა უფრო ადრე?


- ეს ცვლილებები შეეხება ყველა იმ იურიდიულ პირს, ვინც პარკირების საკითხით არის დაკავებული ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, არ დავმალავ, რომ ამ რეგულაციების დაწესება, „სითი პარკმა" გვაიძულა. „სითი პარკთან" დაკავშირებით ჩვენს მოქალაქეებს რომ პრობლემები აქვთ, ეს ყველამ კარგად ვიცით. ავტომობილები, რომლებიც არანაირ პრობლემას არ ქმნიან, ხშირად გადაჰყავთ საჯარიმო ავტოსადგომზე და მფლობელს 70-ლარიან ჯარიმას უწერენ. მოქალაქე იძულებულია, ეს 70 ლარი გადაიხადოს, რადგან მისი თავიდან არიდების ერთადერთი გზა სასამართლოა.  სასამართლოში კომპანიასთან დავა კი გაცილებით ძვირი დაუჯდება - 100 ლარამდე მარტო სასამართლო ბაჟია გადასახდელი, ადვოკატის კონსულტაციაც სჭირდება და ესეც არ ღირს იაფი, მინიმუმ, 200 ლარი უნდა დახარჯოს და თუ მოიგებს პროცესს, მაშინ 70 ლარს აღარ გადაიხდის და სხვა დანახარჯიც უკან დაუბრუნდება.


მაგრამ ამ ყველაფერს რამდენი დრო მიაქვს, რამდენი ნერვების წყვეტა სჭირდება, ეს კიდევ სხვაა. ასეთი სამოქალაქო დავა, შესაძლოა, რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. ხედავთ, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე? „სითი პარკი" სწორედ ამით სარგებლობდა, იციან, რომ მოქალაქეებს არ უღირთ სასამართლოში დავა ამ 70-ლარიანი ჯარიმის გამო და შესაბამისად, ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან ბევრი თანხა გადაუხადეს ამ კომპანიას. ამიტომაც არის, რომ „სითი პარკი" პირდაპირ ნადირობს ავტომობილებზე, რადგან ძალიან მომგებიანი სერვისია. ამას ბოლო უნდა მოეღოს და მალე მოეღება კიდეც.


რაც შეეხება თქვენს კითხვას, 15 ივნისამდე რატომ არ ამოქმედდება კანონიო, ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს. ერთი, რომ კანონის მიღებას სამი მოსმენა სჭირდება პარლამენტში, პარლამენტის სხდომები კი კვირა მონაცვლეობით ტარდება. შესაბამისად, მაისის ბოლოს თუ მივიღეთ კანონი, ეს ისედაც შემჭიდროებულ ვადებში გამოვა მიღებული. უფრო სწრაფად ვერანაირად ვერ მოხერხდება. მეორეც, ჩვენ „სითი პარკს" კიდევ ერთი სიახლის დანერგვას დავავალდებულებთ. დავუშვათ, კომპანიამ კანონიერად წაიყვანა მოქალაქის ავტომობილი, რომელიც არასწორად იყო გაჩერებული. გამოვიდა ეს მოქალაქე, აღარ დახვდა თავისი ავტომობილი და გაიგო, რომ ის „სითი პარკმა" წაიყვანა. ასეთი შემთხვევებისთვის, „სითი პარკი" ვალდებული იქნება, დანერგოს ე.წ. სმს-ს სერვისი. მფლობელი აკრეფს წაყვანილი ავტომობილის ნომერს კომპიუტერში და მიუვა შეტყობინება, კონკრეტულად, რომელ ავტოსადგომზე იმყოფება ავტომობილი. „სითი პარკს" სამი საჯარიმო ავტოსადგომი აქვს და აქამდე, მოქალაქენი უამრავ დროსა და ნერვებს ხარჯავდნენ იმის გასარკვევად, თუ სად, რომელ ავტოსადგომზე იყო მისი ავტომობილი. ყოფილა უამრავი შემთხვევა, მოქალაქეებს სამივე ავტოსადგომი შემოუვლიათ ტაქსით, დიდი ხარჯი გაუწევიათ და ძლივს მიუგნიათ საკუთარი ავტომობილისთვის.


ეს პრობლემა ამიერიდან მარტივად მოგვარდება. აი, ეს სმს-სერვისი რომ დანერგოს „სითი პარკმა" და ხალხს ნერვები აღარ დააწყვიტოს, ამისთვის გარკვეულ დრო ნამდვილად სჭირდება ამ კომპანიას და ჩვენი გათვლით, 15 ივნისამდე ეს უნდა მოასწროს. არაგონივრულ ვადას ვერ დავუწესებთ იმის გასაკეთებლად, რასაც მართლა სჭირდება საკმაო დრო. მოკლედ, მთელი ამ პროცესის რეგლამენტირება აუცილებელი იყო და ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.


- ვის ავტომობილებსაც 15 ივნისამდე უკანონოდ წაიყვანს „სითი პარკი" და დააჯარიმებს, იმ ხალხმა რა ქნას?

 

- სამწუხაროდ, მათ დასახმარებლად არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია ამ ეტაპზე, ცხადია, მოუწევთ ამ უკანონო ჯარიმების გადახდა, მაგრამ 15 ივნისის შემდეგ დაისვენებენ.


- დავუშვათ, „სითი პარკმა" 15 ივნისის შემდეგაც, კვლავ წაიყვანა ისეთი მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე, რომლის წაყვანის უფლებაც აღარ ექნება. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ვიდეო ან სხვა სახის მტკიცებულებები, რომ „სითი პარკმა" კანონი დაარღვია? რა უნდა ქნას მოქალაქემ ასეთ შემთხვევაში ან რით დაისჯება „სითი პარკი" უკანონობისთვის?


- ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის ნორმა ამოქმედდება. თუ „სითი პარკმა" უკანონოდ გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე ავტომობილი და ეს დაამტკიცა მოქალაქემ, კომპანია მას უკან დაუბრუნებს იმ 70 ლარს. გარდა ამისა, მოქალაქეს აქვს უფლება, მოსთხოვს კომპანიას არამატერიალური ზარალის ანაზღაურება. თუ კომპანია ამ კომპენსაციას არ მისცემს მას, მაშინ მოქალაქე უჩივლებს „სითი პარკს" სასამართლოში და ამ არამატერიალური, ანუ მორალური ზიანის ანაზღაურებას მოსთხოვს და სასამართლომ შესაძლოა, ძალზე სოლიდური თანხა დააკისროს კომპანიას მოქალაქის სასარგებლოდ...


ცხადია, თუ ევაკუირებისას ავტომობილი დაზიანდა, ამ ზარალსაც „სითი პარკი" აანაზღაურებს. ეს უკვე ის რეგულაციებია, რომ „სითი პარკი" არ წავა ამხელა რისკზე და უკანონოდ აღარ მოახდენს ავტომობილების ევაკუირებას. ეს ძალიან ძვირი დაუჯდება, დიდ ზარალს ნახავს და ეს შეაჩერებს.


- პარლამენტი რაკიღა მოქალაქეთა და „სითი პარკს" შორის ჩადგა, ეს თავისთავად იმის დასტურია, რომ დეპუტატებიც მიხვდით, დავით ნარმანია სრულიად უუნაროა „სითი პარკთან" დაპირისპირებაში.

 

- ნარმანია ნამდვილად ცდილობდა, რომ მერიასა და „სითი პარკს" შორის გაფორმებულ კონტრაქტში მოეძებნა ისეთი რამ, რაც ამ კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველს მისცემდა.  ამისთვის უცხოური აუდიტორული კომპანიაც კი შემოიყვანა, მაგრამ როცა აუდიტმაც ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ აღმოაჩინა, ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენ, პარლამენტარები, ჩავრეულიყავით ამ საქმეში. რეგულაციები შემოვიტანეთ, რაც „სითი პარკის" ზღვარგადასულ ქმედებებს დაასრულებს.


პარლამენტის იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილება ძალიან კარგია, ეს ლაგამს ამოსდებს „სითი პარკს" და ჩვენს ბევრ მოქალაქეს შვებას მოჰგვრის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „სითი პარკი" არსად წასვლას არ აპირებს, თბილისში რჩება ექსკლუზიური უფლებით. ხალხის მოთხოვნა კი „სითი პარკის" თბილისიდან დაუყოვნებლივ გაძევებაა და მიუხედავად მის მიმართ დაწესებული ამ შეზღუდვებისა, ის არ შეცვლილა.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016