reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: პოლიტიკაში ბედნიერად და კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:00
ინტერვიუ
ელისო ჩაფიძე: პოლიტიკაში ბედნიერად და კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს!
ავტორი: ანა ნოდია
14 მაისი, 2015. 19:02


ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის სამი წელი გავიდა. რა გაკეთდა, რა - ვერა. სად მოისუსტებს ხელისუფლება ან რა არის შესაცვლელი მათ საქმიანობაში? -ამ კითხვებს დეპუტატი ელისო ჩაფიძე „რეპორტიორთან" პასუხობს:


- პირდაპირ გკითხავთ - რატომ არ აქვს ხელისუფლებას სათანადო პიარი?


- ამბობენ, არ გივარგათ პიარიო, ეს მართალია. თუმცა, ვთვლი, რომ ჩვენი პიარი არის ზომიერი და არა ისტერიული. ჩვენ ზუსტადაც კარგი პიარი გვაქვს. მთავარია, საქმე გაკეთდეს.


- პროცენტულად-ახალი ხელისუფლების დროს გაკეთებული საქმეები უფრო მეტია და უფრო მეტად ჩანს ნეგატივი?


- მე ვიტყოდი,რომ 80 % ჩემთვისპოზიტივია. არის გარკვეული რეფორმები, რომლებსაც არ ვეთანხმები და გამოვთქვამ პროტესტს. ასეთი სულ ორი თუ სამია, როცა გვქონდა განსხვავებული პოზიციები. ალბათ, „ქართული ოცნების" სიძლიერე არის ისიც, რომ ამ განსხვავებული პოზიციის გამო არავის იჭერენ დახვრეტენ. გუნდში შეგიძლია დააფიქსირო შენი მოსაზრება იმაზე, რაც სწორად არ მიგაჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პროტესტს მთავრობის მხრიდან გარკვეული ქმედებები მოჰყვა, ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია.


- კონკრეტულად რომელ კანონპროექტს გულისხმობთ?


- მაგალითად, მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც დიდი ხანი იყო განხილვის თემა. უმრავლესობაში იყო ბევრი განსხვავებული პოზიცია. ამას მოჰყვა სამართალდამცველი ორგანოების რეფორმების ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს საგამოძიებო ორგანოების ცალკე გამოტანაზე და მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების მაღალი სტანდარტით დაცვაზე. ეს არის შედეგი. პოლიტიკა არის წინააღმდგობების გადალახვის გზით, გარკვეული გზებით შედეგების მიღწევის ხელოვნება. ამ გზაზე იღლები, მაგრამ შედეგებს აღწევ. კიდევ ერთხელ ვამბობ - მიმაჩნია, რომ სწორ ადგილას ვარ!


- დაპირებისამებრ - არის თუ არა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა წინა ხელისუფლების მდგომარეობისგან განსხვავებული და უკეთესი?


- შემიძლია თამამად და სინდისის ქენჯნის გარეშე ვთქვა, რადიკალურად არის გაუმჯობესებული. ის, რომ ძალიან ბევრ დევნილს გადაეცა საცხოვრებელი სახლი და მათი ოცნება ასრულდა, ის, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ ავად გახდომის, აღარ ეშინიათC ჰეპატიტის, აღარ ეშინიათ ოპერაციის გაკეთების-ეს არ არის ხელისუფლების დამსახურება? სოციალური შემწეობა გაორმაგდა! ასევე, დევნილთა სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება იპოთეკით დაზარალებული დევნილებისათვის შეღავათიანი სესხის გამოყოფის თაობაზე...


აბსოლუტური სამართლიანობა, სამწუხაროდ, არ იარსებებს, მაგრამ სოციალურ დახმარებებს მიიღებენ ის ოჯახები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ.


რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემებს, სამწუხაროდ, არის და რჩება. ორ და სამ წელიწადში ქვეყნის ვერც დემოგრაფიულ მდგომარეობას, ვერც სოციალურს, ვერც ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გამოასწორებ. მაგრამ მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს. ვხედავ საწარმოებს, რომლებიც იწყებენ მუშაობას. ისინი პოზიტიურ შედეგებს მოგვცემენ მოგვიანებით, ყველაზე კარგი - ორი-სამი წლის განმავლობაში. ვაზს რომ ჩაყრი, ის პირველივე წელს არ მოგცემს მოსავალს, თუმცა შემდეგ, წლების განმავლობაში ის მოისხამს ყურძენს.


- უნდა აიღოს თუ არა პრემია მაღალჩინოსანმა, პარლამენტარმა, მინისტრმა, კანონის ფარგლებში, მაშინ როცა იცის, რომ საკუთარი მოსახლეობის დიდ ნაწილს შია?


- სამართლებრივად, პრემია და დანამატი არის ჩვეულებრივი რამ-იმისთვის, რომ წავახალისოთ ადამიანი. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ - ეს უნდა იყოს ერთეული გამონაკლისები. პარლამენტარებს ეს პრობლემა არ გვაქვს.  2013 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და უმრავლესობის მხარდაჭერით, გაუქმდა პრემიები. არანაირი მეცამეტე ხელფასი არცერთ წელს არ დარიგებულა. გვყავს ძალიან მკაცრი თავმჯდომარე და ძალიან ბევრ ვიზიტთან დაკავშირებითაც, თუ ჩვენი ყოფნა ამა თუ იმ საერთაშორისო ფორუმზე არ არის აუცილებელი, მივლინებასაც არ აწერს ხელს. ამიტომ, ჩვენ მოსახლეობის წინაშე თავს ვგრძნობთ მორალურად კარგად. მინდა გითხრათ-თუკი მექნება მაღალი ხელფასი, ის დაიხარჯება ისევ ჩემი ამომრჩევლების და გარშემომყოფი ადამიანების საკეთილდღეოდ. ამიტომ, აქაც ძალიან არ ვნერვიულობ. თუკი უფრო მაღალი შემოსავალი მექნება, უფრო კარგად იგრძნობენ თავს ის ადამიანები, რომელთა დახმარებაც შემიძლია.


- ტყიბულის მაჟორიტარი ხართ და წინასაარჩევნოდ ტყიბულის ყველა სოფლის მოსახლეობასთან გქონდათ შეხვედრები. არჩევნების შემდეგ კიდევ თუ შეხვედრიხართ მოსახლეობას, ხელახლა თუ გაცნობიხართ მათ პრობლემებს?გაუმჯობესდა მათი ცხოვრება?


- უკეთესად ცხოვრობენ და ორ წელიწადში რადიკალურად შეიცვალა მოსახლეობის მდგომარეობა-თქო, ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს ტყუილი იქნება. თუმცა, ყველა ის სიკეთე, რომელიც საქართველოს მთელმა მოსახლეობამ მიიღო, არის ეს საყოველთაო ჯანდაცვა თუ სხვა სოციალური პროექტები, მიიღო ტყიბულის მოსახლეობამაც. საქართველოს ხელისუფლების და ჩვენს წინაშე დგას რამდენიმე მთავარი ამოცანა-დასაქმება და განათლება. თუკი ჩვენ ისეთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს გავართვით თავი, რასაც ჰქვია საწარმოების შექმნა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოება საქართველოში, მოსახლეობის დასაქმება და მოქალაქეების განათლება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება - დამერწმუნეთ, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ნამდვილად ღირსეული წევრი იქნება.


ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებთან. თუ არ გამოვუშვებთ „მერსედესის" ტიპის ავტომობილს, მისი რომელიმე ნაწილი მაინც დამზადდება საქართველოში. საპონს და ასანთს მაინც ვაწარმოებთ საქართველოში.  იმპორტსა და სოციალურ დახმარებებზე აბსოლუტურად დამოკიდებული ქვეყანა, რომელიც ვერ შექმნის ეროვნულ პროდუქციას, ვერასოდეს იქნება ძლიერი და წელში გამართული. ჩემი მთავარი ამოცანადასაქმება და განათლებაა! განათლება ნიშნავს, ვიყოთ საკუთარ საქმეში პროფესიონალები.

 

ტყიბული იმდენად გაჭირვებული ქალაქია, იმდენად ბევრი პრობლემა აქვს, რომ სამწუხაროდ, ამ ქალაქს არ აქვს უფლება, იყოს ოპოზიციაში რომელიმე ხელისუფლებასთან. ტყიბული ყოველთვის საჭიროებს ხელისუფლებისგან მხარდაჭერას. ვცდილობ, ეს მხარდაჭერა მოვიპოვო იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ეკუთვნით აღმასრულებელი ბერკეტები. მაჟორიტარის ფუნქციაც ეს არის. მაჟორიტარის ფუნქციამ უნდა შეიძინოს ნაწილობრივ აღმასრულებელი ფუნქციაც.


იცით, როგორ არის? თუ შენ კარგად ხარ მთავრობის პირველ პირთან, არაფორმალური გავლენა გაქვს რეგიონში და იღებ შენთვის სასურველ გადაწყვეტილებებს. რეგლამენტში კი წერია, რომ მაჟორიტარს შეუძლია, მოისმინოს მოქალაქეების პრობლემები და პარლამენტში დააყენოს წინადადებები. შენ გაიგე ხალხის სატკივარი. მერე მთავრობასთან იწყებ ლობირებას, საკრებულოსთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან. შენ თვითონ არცერთი საკითხის გადაწყვეტის უფლება არ გაქვს.


მე რატომ უნდა მიწყვეტდეს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს რომელიღაც ჩინოსანი, რომელიც არასდროს ჩავა იმ სოფელში, სჭირდება თუ არა მოქალაქეს სოციალაური დახმარება? მე პირადად მივდივარ ამ ოჯახებში, ვხედავ, ისინი რა მდგომარეობაში არიან. შუამდგომლობის 25% მაინც უნდა იყოს დაკმაყოფილებული. მოქალაქეები კი ვერ იგებენ, რატომ არ შეუძლია მაჟორიტარს მათი დახმარება.



- წინასაარჩევნო დაპირებებს შორის იყო ცუცხვათის მღვიმის რეაბილიტაცია. ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებსაც გეგმავდით. რა ეტაპზეა ეს საკითხი?


- მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ჩემი ძალიან დიდი მცდელობის შედეგად ორპირი-ცუცხვათის მღვიმემდე ათ-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო საგზაო დეპარტამენტს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამ საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება გზის მშენებლობა. 13-იარუსიანი უნიკალური მღვიმე ვერ იქნება მიმზიდველი ტურისტებისთვის, თუკი გზა არ იქნება.


პრემიერმა იმერეთში სტუმრობის დროს ისაუბრა გელათის რეაბილიტაციის თაობაზე. არდა ამისა, ცალკე პროცედურებია საჭირო გელათის იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში შეტანისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბაგრატის ტაძარი წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული უგუნური ნაბიჯების გამო ამოღებულ იქნა იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიიდან. რაც შეეხება ცუცხვათის მღვიმეს, მიმდინარეობს სამუშაოები მღვიმის დაცული ტერიტორიების საგანძურში შეტანასთან დაკავშირებით. როდესაც იქნება მისასვლელი გზა ცუცხვათამდე, დაიგეგმება ტურისტული მარშრუტებიც. ძალიან ბევრი ტურისტი, რომელიც სტუმრობს ქუთაისს, ბაგრატს, გელათს, მოწამეთას, ანალოგიურად ეწვევა ცუცხვათსაც. 


- თქვენი კოლეგები საპარლამენტო უმრავლესობიდან, ყველა ღირსეულად უძღვება დაკისრებულ პასუხისმგებლობას?


- ძალიან ღირსეული კოლეგები მყავს. ვამაყობ იმით, რომ მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მათ უნიკალური განათლება, ცხოვრებისეული გამოცდილება და ავტორიტეტი გააჩნიათ. ვერ მივცემდი თავს უფლებას, მათი საქმიანობა შემეფასებინა. ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ. უმეტესობას წარსულში აქვს ბევრი გაკეთებული, იმისთვის, რომ ჩვენ გავეხარებინეთ. ვფიქრობ, გარკვეულწილად ჩვენ, უმრავლესობას არ გვქონდა საკანონმდებლო მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ჩვენ გვქონდა იდეები. იდეის კანონის ნორმაში მოქცევა გახლავთ ჩვეულებრივი რამ, რომელშიც უნდა დაგეხმაროს პროფესიონალი იურისტი, რომ შენი იდეა აქციოს საქმედ. ეს არ გახლავთ უმაღლესი მათემატიკა ან ფიზიკაში ახალი აღმოჩენა. მთავარია, გქონდეს იდეა, რისი გაკეთება გინდა და მისი ტექნიკურად შემსრულებელი ადამიანები ყოველთვის მოიძებნებიან. ჩემი კოლეგები ძალიან კეთილსინდისიერად ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას.


- მედიიდან წასვლას ან დიდი მიზეზი აქვს,  ან უფრო დიდი მიზანი. რამდენად მიაღწიეთ მიზანს, რის გამოც პოლიტიკაში წახვედით?


- დღემდე მივტირი ჩემს პროფესიას. გული მტკივა, რომ ვერ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარდა. პოლიტიკაში ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს.მენატრება სიტყვის თავისუფლება, ჩვეული სილაღე, შემართება, რომელიც მქონდა, შემეძლო მესაუბრა ყველაფერზე - დღეს ამის ფუფუნებას მოკლებული ვარ. არა იმიტომ, რომ მომავალ პოლიტიკურ დივიდენდებზე ვფიქრობ, არამედ იმიტომ, რომ ეს სხვა პასუხისმგებლობაა. როცა იცი, შენს სიტყვებზე დამოკიდებულია რამდენიმე ათასი ადამიანის ბედი, რომელიც შენს უკან დგას, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. ერთ დღესაც შენ რომ გააკეთო კრიტიკული განცხადება, ვინმე გაანაწყენო და ა.შ. სრულიადშესაძლებელია, ის პროექტები, რომელიც დაწყებული გაქვს და ელოდები, აღარ განხორციელდეს, ისე ვერ შედგეს, როგორც გინდოდა. მერე შენს თავს უსვამ კითხვას - იქნებ ჯობდა, მომეთმინა, პიროვნული დამცირება გადამეტანა, არ შემემჩნია ინტრიგები... ამით შენი მსხვერპლი შეგეწირა, სამაგიეროდ გადაგერჩინა შენს ზურგს უკან მდგომი ადამიანების გზა, ბედი, სკოლა თუ შენობა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვცდილობ, ჩემს პიროვნულ ინტერესებზე მაღლა დავაყენო სხვების ინტერესები, მაშინ, როდესაც მათ ამის შესახებ არაფერი იციან და ვერც მადლობას მეტყვიან.


- არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების უალტერნატივო ოპოზიცია?


- „ნაციონალური მოძრაობა" მე არ მიმაჩნია ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციად ან ოპოზიციურ პარტიად. ვფიქრობ, მას თანდათანობით ჩაანაცვლებენ პოზიტიური გზავნილების მქონე ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უფრო საინტერესო მოდელებს შემოგვთავაზებენ. იქნება იდეების და პროგრამების ჭიდილი და არა ნეგატიურ და პროვოკაციულ ქმედებებზე აწყობილი. ვფიქრობ, ნაციონალები ისეთ ნიშნულზე არიან, ალბათ არჩევნებზე  ბარიერს კი გადალახავენ, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა პარლამენტში ვერ ეყოლებათ.


ბევრი საინტერესო პოლიტიკურიჯგუფი იკვეთება. საინტერესოა, მოხდება თუ არა მათი დაწყვილება, ბლოკებად გაერთიანება. ვფიქრობ, მომავალი პარლამენტი იქნება უფრო მრავალფეროვანი. პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ ერთმანეთთან საერთო ენის მონახვა, რომ შექმნან უმრავლესობა. ვინც არ იმართება გარედან და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ყველას წარმატებას ვუსურვებ! 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016