ქალები, რომლებიც კანის კინოფესტივალზე ფილმ „კეროლის" პრემიერაზე უქუსლო ფეხსაცმლით („ბალეტკები") მივიდნენ, კინოსეანსზე არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ScreenDaily ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს სტუმრებს, რომელთა ასაკი 50 წელს აღემატებოდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა სამედიცინო ჩვენებების გამო არ შეეძლოთ.
ფესტივალის პერსონალმა ქალებს განუცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებდნენ, თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ჩაიცვამდნენ.
მსგავსი ინციდენტის შესახებ ისაუბრა რეჟისორმა აზიფ კაპადიამაც. მან განაცხადა, რომ შეუსაბამო ფეხსაცმლის გამო კინოფესტივალის თანამშრომლები მის მეუღლეს ფილმ „ემის" პრემიერაზე არ უშვებდნენ, თუმცა საბოლოოდ მან მაინც მოახერხა კინოჩვენებაზე შეღწევა.
კანის კინოფესტივალის წარმომადგენლები აღნიშნულზე კომენატრს არ აკეთებენ. თუმცა მათ დაადასტურეს, რომ წესების თანახმად, ქალები კინოჩვენებზე მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დაიშვებიან.
ფილმში „კეროლი" მოქმედება ნიუ-იორკში 1950-იან წლებში მიმდინარეობს. სურათში მოთხრობილია ახალგაზრდა გამყიდველი ქალის ტერეზასა (რუნი მარა) და გათხოვილი ქალის კეროლის (ქეით ბლანშეტის) სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. სურათი დაფუძნებულია პატრიცია ჰაისმიტის რომანზე „მარილის ფასი", რომელიც 1952 წელს გამოქვეყნდა.
კანის 68-ე კინოფესტივალი 13 მაისს გაიხსნა და 24 მაისამდე გასტანს.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: http://mtavari.info/com