ნინო ბურჯანაძე დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მატეო მეკაჩს შეხვდა.როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეუთოს წარმომადგენლებთან მან წინასაარჩევნო მდგომარეობაზე ისაუბრა.
„მე მათ ვუთხარი, რომ მართლაც დიდია მხარდაჭერა და აქტიურობაა მოსახლეობის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში მეორე ტურში ვიქნებით მე და გიორგი მარგველაშვილი. ასევე ვისაუბრე იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომ მარგველაშვილის განცხადებამ, 60%-იანი მხარდაჭერის თაობაზე, გარკვეულწილად გამოიწვია გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობისა, რადგან ეს იქნა მიღებული როგორც პირდაპირი დირექტივა, რომ მინიმუმ 60 % უნდა მიიღოს მარგველაშვილმა და ადგილებზე დაიწყო გარკვეული წნეხის განხორციელება.მნიშვნელოვანია, რომ ჯერჯერობით პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს პრეტენზიები და ამას ნამდვილად ვაფასებთ. ასევე ვაფასებ იმას, რომ ე.წ შავი პიარი არ იქნა გამოყენებული ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ ვიღაც ამზადებს შავ პიართან დაკავშირებით მასალებს, მაგრამ ესეც არ არის შემაშფოთებელი. ის, რომ კამპანიამ ჩაიარა მეტნაკლებად ნორმალურ ვითარებაში ეს კარგია, თუმცა ჩვენ გვაქვს პრეტენზია არათანაბარ მდგომარეობაზე, თუნდაც მედიასივრცეში, თუნდაც დაფინანსების თვალსაზრისით. ასევე მე ის ჩავაყენე საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილებიდან მოდის ძალიან სერიოზული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" გარიგების თაობაზე. ეს სქემა ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც, როდესაც მოსახლეობას თავს ახვევენ აზრს იმის შესახებ, რომ პირველ ადგილზეა მარგველაშვილი ლამის 80 %-ით და მეორეზე ბაქრაძე. მე მინდა ყველას მოვუწოდო, არ გააყალბონ არჩევნები. ჩვენ გვყავს საკმარისი დამკვირვებლები იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბება არ დავუშვათ. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს მომხრეს, მოვიდნენ არჩევნებზე, არ დაკარგონ თავისი ხმა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ."_განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.