reportiori.ge - ვახტანგ ხმალაძე: სამწუხაროდ, ჩვენთან განათლება არ არის პრიორიტეტული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:49
ინტერვიუ
ვახტანგ ხმალაძე: სამწუხაროდ, ჩვენთან განათლება არ არის პრიორიტეტული!
ავტორი: ანა ნოდია
20 მაისი, 2015. 14:05


„რეპორტიორის" შეკითხვებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე პასუხობს:


- უნდა იყოს თუ არა ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი განათლება და რეალურად არის თუ არა ასე?


- ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება. სამწუხაროდ, უკვე მრავალი წლის განმავლობაში ჩვენთან განათლება არ არის პრიორიტეტული.


- რა არის ამის მიზეზი?


- განათლებისთვის გამოყოფილი ხარჯები არ არის საკმარისი. მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად გვიჭირს, მაინც ვეცდებოდი, რომ განათლება მეტად დაფინანსებულიყო. თუმცა, პრობლემა მხოლოდ დაფინანსებაში არ არის. არის სხვა ბევრი მიზეზიც...


-  თქვენ, როგორც მოქალაქე და არა როგორც პოლიტიკოსი, თუ თვლით, რომ სამართლიანობა აღდგა ახალი ხელისუფლების პირობებში?


- ცნება - სამართლიანობის აღდგენა არ არის სწორი, ვინაიდან აღდგენა ნიშნავს იმას, რომ ადრე იყო, შემდგომ გაქრა და მერე ხდება აღდგენა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში სამართლიანობა არ ყოფილა. ამ ორი წლის განმავლობაში, მე ვიტყოდი, სამართლიანობის დამკვიდრება დაიწყო. თუმცა, ეს პროცესი ვერ იქნება მყისიერი, ვერ დასრულდება ძალიან სწრაფად, რადგან უსამართლობა და სამართლიანობა მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. ამას აკეთებენ ადამიანები.


- რას გულისხმობთ?


- ხელისუფლება იქცევა თუ არა სამართლიანად, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, საზოგადოებაში როგორია სამართლიანობის განცდა და რამდენად ცდილობს თავად საზოგადოება, მოიქცეს სამართლიანად. თუ საზოგადოება არ იქცევა სამართლიანად, მაშინ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ საზოგადოების ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ხვდებიან, თავად მოიქცევიან სამართლიანად. აქაც განათლების პრობლემასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ადამიანი ერთნაირად უნდა უდგებოდეს სხვას და საკუთარ თავს. პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე მხოლოდ ხელისუფლების ან საზოგადოების სურვილია. თუ არ გვინდა, იყოს სიბინძურე, მაშინ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დავყაროთ.


- თქვენ ზოგად თემას შეეხეთ. მე შეგეკითხებით უფრო კონკრეტულად - ხელისუფლების დანაპირები იყო კონკრეტულად წინა ხელისუფლების რეჟიმის გასამართლება. არის რამდენიმე პირი დაკავებული, თუმცა ვერ ხერხდება ბევრისთვის ბრალის დამტკიცება, ექსტრადირება, დაკავება...


- რამდენია ბევრი?


- თუნდაც ოთხი-ხუთი ადამიანი, ვთქვათ...


- ოთხი-ხუთი ადამიანი არ არის ძალიან ბევრი. მოდი, ვთქვათ ასე - ყველა, ვინც არღვევდა კანონს, თუ იქნა დაპატიმრებული და პასუხისგებაში მიცმეული, მაშინ ჩვენ ციხეებში გვექნება გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე იყო „ნაციონალური მოძრაობის" დროს. ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება დაკავებული.


- ანუ, ბევრი ადამიანი ყოფილა დამნაშავე...


- როდესაც თვითონ სისტემაში ხდებოდა დარღვევები, უმაღლესი საფეხურიდან ყველაზე დაბალ საფეხურზეც, კანონს არღვევდა ძალიან ბევრი. აი, აქ შეგვიძლია ვთქვათ ძალიან ბევრი. ყველას გასამართლება არანაირად არ იქნებოდა გამართლებული. ხელისუფლებამ უნდა შექმნას ის პირობები, რომ ადამიანებს, უშუალო შემსრულებლებს არ უწევდეთ კანონის დარღვევა. მათ არ უბრძანებდნენ და აიძულებდნენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას. პასუხი უნდა მოეთხოვოთ იმ ხელმძღვანელ პირებს, ვისი დავალებითაც ხდებოდა უკანონობა.


- და რატომ ვერ მოეთხოვათ პასუხი?


- მიზეზები არის სხვადასხვა. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ კვალიფიკაციის ნაკლებობა. ხალხს აქვს განცდა იმისა, რომ მავანმა ჩაიდინა დანაშაული, თუმცა იმისათვის, რომ ეს დადგინდეს, სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული, მყარი მტკიცებულებები იყოს მოკვლეული და ბრალდება უნდა იყოს დასაბუთებული. ამის შემდგომ სამართლიანი სასამართლო (თუ იქნა სამართლიანი სასამართლო) გამოიტანს სწორ გადაწყვეტილებას. ანუ, საჭიროა კვალიფიციური გამოძიება, კვალიფიციური ბრალდება და შემდეგ წესიერი სასამართლო. როდესაც დანაშაული რჩება დაუსჯელი, რომელიღაც ამ რგოლში არ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.


- საუბარია პოლიტიკურ დევნაზეც...

 

- ეს არის მეორე საკითხი. დიახ, პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებს. აქ მტკიცებულებების მოპოვებაც ძნელია, ვინაიდან, როგორც წესი, ეს თანამდებობის პირები არ ქმნიან დოკუმენტს უკანონო ბრძანების გაცემისას. ამიტომ, ძალიან მაღალკვალიფიციური გამოძიების გარეშე ფაქტობრივი  მტკიცებულებების მოპოვება ხდება შეუძლებელი. ხოლო, ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე, ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი დევნისას, ყოველთვის უჩნდება მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლებლობა, რომ თქვას - ეს არის პოლიტიკური დევნა. არა მხოლოდ ჩვენთან, ყველგან, მაღალი რანგის თანამდებობის პირების სამართლებრივად დასჯა იშვიათად ხდება. მხოლოდ ძალიან მყარი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ მომხდარა მათი დასჯა. ჩვეულებრივ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების „სასჯელი" არის ის, რომ ისინი კარგავენ საზოგადოების ნდობას, შესაბამისად კარგავენ შესაძლებლობას, კვლავ იყვნენ ხელისუფლებაში.


_ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთ იმყოფება. ამაზე თქვენ წინასაარჩევნოდაც საუბრობდით, რომ ეს ადამიანები უნდა დაბრუნებოდნენ თავს ქვეყანას. თუ გაქვთ სტტისტიკური მონაცემები, რამდენი ადამიანი დაუბრუნდა საქართველოს თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში?


- ეს ინფორმაცია არ მაქვს. და არა მგონია, რომ ეს რიცხვი დიდი იყოს. ვინაიდან, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის სტაბილურობის განცდა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. ძალიან მაღალია უმუშევრობის დონე. ვისაც საზღვარგარეთ სამუშაო და კარგი ანაზღაურება აქვს, ჯერ არ დაბრუნდება, რადგან არ აქვთ გარანტია, რომ სამშობლოში ექნებათ თუნდაც მიახლოებული შემოსავალი.


- და რატომ არ არის სტაბილურობის განცდა?


- ამას ინტენსიურად უწყობს ხელს ხელისუფლების დღევანდელი ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა". ისინი ყველგან პრობლემებს ხედავენ, იქაც კი, სადაც  პრობლემები რეალურად არ არსებობს. უცხოეთში მყოფ ადამიანს, რომელიც ინფორმაციას იღებს მედიის საშუალებით და არ აქვს ამ ინფორმაციის შემოწმების შესაძლებლობა, ბუნებრივია, უჩნდება არასტაბილურობის განცდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016