reportiori.ge - ჯანსუღ ჩარკვიანი: ივანიშვილმა საქართველოს მისცა თავისუფლება! ეს არის ფაქტი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:47
ინტერვიუ
ჯანსუღ ჩარკვიანი: ივანიშვილმა საქართველოს მისცა თავისუფლება! ეს არის ფაქტი!
20 მაისი, 2015. 17:03


 

რას ფიქრობს ცნობილი პოეტი  ჯანსუღ ჩარკვიანი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, პოლიტიკური ნიშნით  ორად  თუ  სამად დანაწევრებულ  საზოგადოებაზე? რაში ხედავს გამოსავალს? როგორ აფასებს ყოფილ და არსებულ ხელისუფლებებს? მისი შეხედულებით, რატომ უნდა საქართველოს მოსახლეობის 31%-ს ევრაზიული კავშირი?

 

„რეპორტიორს" პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ესაუბრა:

 

- ბატონო ჯანსუღ, ბოლო თითქმის სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის მდგომარეობა უშუალოდ თქვენზე, თქვენს ოჯახზე როგორ აისახა?  საით მიდის ქვეყანა - უკეთესობისკენ, უარესობისკენ თუ უცვლელია ვითარება?


- მე პარლამენტარის პენსია და რუსთაველის პრემია მაქვს, შესაბამისად, ვცოცხლობთ და ვართ. მე რასაც ვხედავ, ისაა, რომ ყველა საწყალი კაცი დაზღვეულია, თუნდაც ეს თუ არ თქვი, ვინ ხარ მაშინ?! ამხელა ფულს რომელი ქართველი კაცი გადაიხდიდა?!  დღეს საშუალება აქვს ავადმყოფ ადამიანს, ისე იმკურნალოს, რომ ფული არ გადაიხადოს.  ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგი რაღაცები ხდება სოფლის მეურნეობაში. ბევრი რამ ხდება სასიკეთო, ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ მე ადამიანებში სიკეთეს ვეძებ და ამის გამო დადებითად ვაფასებ ცვლილებებს, თორემ  გასაკეთებელი ძალიან ბევრია. 


გავიხსენოთ, რა ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს - როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს, როგორ უდებდნენ ნაროტიკებს, აუბედურებდნენ... დღეს, ეს ყველაფერი  შეცვლილია!  შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ასე არ არის, მაგრამ ტყუილს იტყვის! როგორ შეიძლება, რომ 300 ათასი ქართველი გაასამართლო და  40 ათასი ციხეში ჩასვა?! შედარებები უნდა გააკეთო, თუ გინდა დაინახო განსხვავებები ორ ხელისუფლებას შორის.

 

- დღეს არსებული საკადრო პოლიტიკა მოგწონთ?


- ყველა სფეროში არ ვარ ჩახედული, რაღაც სისუსტეები ექნებათ ალბათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ცუდსაც ვერ ვხედავ ვერავის. ქალბატონი თინა ხიდაშელის მინისტრად დანიშვნას მოჰყვა დიდი ვნებათაღელვა, თუმაც, მე  არ  მიმაჩნია, რომ ეს საკითხი სალაპარაკოა. მგონია, რომ ქალებს გზა უნდა გაუკვალო, ქალი არავისზე ნაკლები არ არის. ბევრს არ მოსწონს ეს ამბავი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინსიტრად დანიშვნით, ძალიან კარგი რამ მოხდა.

 

- ყოფილი ხელისუფლების დროს, საზოგადო მოღვაწეებს იმის მიხედვით აფასებდნენ, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერდა ის მხარეს. დღეს რას ხედავთ, ეს საკითხი როგორაა, თქვენი გადასახედიდან?


- ადრე, საზოგადო მოღვაწეების დამფასებელები კი არა, არაფრის მკეთებლები გვყავდნენ. მეთავისეები გვყავდნენ ადრე, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდათ. ერთ ამბავს გაგახსენებთ - ჰიტლერი ამბობდა - „მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ ნაციონალური პარტიის წევრი",  ამათ არ იცოდნენ, თავიანთ პარტიას ჰიტლერის პარტიის სახელს რომ არქმევდნენ?! „ნაციონალების" დროს არაფერი კარგი არ იყო, დღეს არის რაღაც წინსვლა და ძალიან ბევრი გასაკეთებელი. 

 

- დღეს აშკარაა, რომ საზოგადოება პოლიტიკური ნიშნითაა დაჯგუფებული და ერთმანეთს უპირისპირდებიან ისე, როგორც შეუძლიათ. ასეთი სიტუაცია ქვეყანაში კიდევ როდის იყო ან თუ იყო საერთოდ ოდესმე?


- რა არის, იცით? საქარათველოში არც გუშინ, არც გუშინწინ, ერთობა არ ყოფილა - არასოდეს! ამან დაღუპა ჩვენი ხალხი. ეს ხდება ტელეგადაცემებშიც - ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთი ეზიზღებათ, ერთმანეთი სძულთ. ერთი ჩემი ლექსი ასე მთავრდება: „ვისაც ვუყვარვარ - მიყვარს, ვისაც ვძულვარ - არ მძულს!" სიძულვილით ქვეყანა არ აშენებულა, მთავარია  ერთმანეთის სიყვარული, ხალხნო! თორემ მე რა, უბრალოდ,  აკაკის არ იყოს, „შუა კაცი ვარ უბრალო, არც მიწისა ვარ, არც ცისა!"  უნდა იცოდე, იმ შუალედში რა უნდა გააკეთო, ვის როგორ მიმართო, რა უნდა თქვა, გარემოების საყვირი უნდა  იყო ადამიანი.


- როგორ წარმოგიდგენიათ, რა გზით შეიძლება საზოგადოების გაერთიანება?


- ამ ყველაფრის დაბალანსება შესაძლებელი გახდება მაშინ, როცა საწყალ ხალხს ექნება საარსებო მინიმუმი. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება - შეიძინოს წამალი, სახლში მიიტანოს პური და ხორცი... ეს ყველაფერი რომ ჰქონდეს ხალხს, მაშინ ერთმანეთს კი არ „დახოცავენ?!" 


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია - 31%-ს სადღაც უნდაო შეძრომა, იმ 31%-ს საბჭოთა კავშირი კი არ ენატრება, ფიქრობენ - იქნებ რამე გვეშველოს და ელემენტარული საარსებო პირობები შეგვექმნასო. სოციალური ვითარება უნდა გამოასწოროს ხელისუფლებამ. ესაა უმთავრესი პრობლემა დღეს. ივანიშვილმა გააკეთა ის, რომ საქართველოს მისცა თავისუფლება! ეს არის ფაქტი! მანამდე ჩვენ არ გვქონია თავისუფლება - სამაგიეროდ, დღეს გვაქვს თავისუფლება, მაგრამ მე მინდა ამ თავისუფალ და ამავდროულად საწყალ ხალხს, როგორმე მოუარონ, რომ პურის ფული მაინც ჰქონდეთ.


P.S.  შესაძლოა, ადამიანს იმის საშუალება არ გქონდეს, რომ ოჯახში, როგორც ბატონი  ჯანსუღი ამბობს - პური და ხორცი მიიტანო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, სირცხვილია, ბიჭებო და გოგონებო, ბატონებო და ქალბატონებო - ერთმანეთის „ჭამა", აუტანლობა და გაუტანლობაა სირცხვილი! განსხვავებული აზრის პატივისცემა ვისწავლოთ და როგორც ნოდარ დუმბაძე წერდა: „ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ. სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ. და კიდევ ერთი: შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან!"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016