იუსტიციის სახლში, „კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის" საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის „საგამოძიებო კომისიის" სხდომა დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარეობდა „კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის" მოქმედი წევრების, კარლო კვიტაიშვილის, სოფიო ბრიტანჩუკის, აკაკი სიხარულიძის, ირაკლი მოსეშვილის და ირაკლი ჩიქოვანის დაკითხვა.
„რეპორტიორი" პარლამენტის „საგამოძიებო კომისიის" წევრ ანი მიროტაძეს დაუკავშირდა:
„მთელი დღის განმავლობაში ვიყავით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ჩაგვერთო „skype"_ით ირაკლი ჩიქოვანი და ჩემი სუბიექტური აზრი არის, რომ რაღაც კითხვებს თავი განზრახ აარიდა, თუმცა რიგ კითხვებს მაინც გასცა პასუხი, რომლებიდანაც ზოგი დამაჯერებელი იყო და ზოგიც არადამაჯერებელი. ასეთივე შეფასება მინდა გავაკეთო კომისიის სხვა წევრების მიმართ, ძალიან ბევრი თავშეკავება იყო პასუხებში და არადამაჯერებლობა. რეალურად ჩვენ გვაქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად მოვუსმინეთ ყველა მხარეს, განვიხილეთ საჩივრები, გვაქვს ყველა დოკუმენტაცია რომელიც მოვითხოვეთ და ბოლოს და ბოლოს ჩვენი კომისია მზად არის იმისათვის, რომ დადოს თავისი ექვს თვიანი მუშაობის დასკვნა. ნამდვილად ნაყოფიერი სამუშაო იყო, ბევრი პრობლემა იყო ამ სფეროში და ბევრიც არის გამოსასწორებელი, შესაბამისად რეკომენდაციების ნაწილში ჩვენ კიდევ დავდებთ რეკომენდაციებს თუ როგორ წრამოგვიდგენია რა უნდა მოხდეს ამ კომისიის საქმიანობის მიმართულებით, თუ რა ცვლილებები უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენს დასკვნას, რათქმაუნდა წარვუდგენთ პარლამენტს, ვინაიდან პარლამენტმა მოგვცა მანდატი ამ საქმიანობის და ამის შემდეგ გაირკვევა უკვე დაექვემდებაროს თუ არა ეს საქმე სისხლის სამართლებრივ ძიებას."_ განაცხადა „რეპორტიორთან" ანი მიროტაძემ.