ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარების შესახებ ვესაუბრებით საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს.
- ბატონო კობა, რიგის სამიტზე ევროპასთან თავისუფალ უვიზო რეჟიმზე უარი გვითხრეს და ხის „შვისტოკები" გვისახსოვრეს, ამაზე დაუსტვინეთო. დაგვცინიან, გვაშაყირებენ თუ რა ხდება?
- ვიზალიბერალიზაციაზე რომ უარს გვეტყოდნენ, ეს მოსალოდნელი იყო. ის კი არა, რიგის სამიტის რეზოლუციაში ზუსტი თარიღიც კი არ განისაზღვრა, როდის უნდა ელოდოს საქართველო ევროპასთან თავისუფალ უვიზო რეჟიმს?! ეს რომ ასე მოხდებოდა, ხელისუფლებამაც კარგად იცოდა და გაუგებარია, რატომ ქმნიდნენ ხალხში გადაჭარბებულ მოლოდინებს?!
- სამაგიეროდ, ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოში ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი მატულობს და როგორც „ენდიაის" ბოლო კვლევამ აჩვენა, 31 პროცენტი უჭერს მხარს ამ ჯერარშექმნილ კავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას. ამაზე რას იტყვით?
- დღეს ბევრს უკვირს, რატომ უჭერს მხარს მოსახლეობის 31 პროცენტი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას? მე კი ის მაოცებს, უფრო მეტი რომ არ უჭერს მხარს!
დიახ, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ასე ხელაღებით დაინიშნენ მაღალი თანამდებობებზე ძებნილი სააკაშვილი და ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლები, ხოლო სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მთავრობებმა უარი უთხრეს საქართველოს ძებნილი სააკაშვილის გადმოცემაზე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ჩვენს მოსახლეობაში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობები გამოიკვეთა!
- რამდენიმე დღის წინათ რიგაში ერთდროულად იმყოფებოდნენ ძებნილი სააკაშვილი და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. რა დავარქვათ ამას - კომედია თუ ტრაგედია?
- ეს არის უკიდურესად აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელიც ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს არამარტო საქართველოს მთავრობას, არამედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილსაც.
ვფიქრობ, სააკაშვილის ასეთი ვოიაჟები და სხვადასხვა ღონისძიებაზე, საქართველოს ხელისუფლების პარალელურად მისი მიწვევა რამდენიმე რამეს ემსახურება:
1. საქართველოს მოსახლეობას აფიქრებინონ, რომ ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლებები ერთმანეთთან არიან შეკრულნი;
2. საქართველოს მოსახლეობის თვალში დღევანდელი ხელისუფლება სუსტად და უუნაროდ გამოჩნდეს;
3. საქართველოს ხელისუფლება მიიყვანონ იმ მდგომარეობამდე, რომ ერთ დღესაც ყელში ამოუვიდეს და თქვას - ჩვენ აღარ გვინდა ისეთი დასავლეთი, რომელიც ყოველ წუთში შეურაცხყოფას გვაყენებს და თვალებში გვაფურთხებსო.
- პირველი და მეორე მიზანი თუ მიზეზი გასაგებია, მაგრამ ვის აწყობს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთზე უარი თქვას?
- ეს აწყობთ იმ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება არ აწყობთ!
დიახ, საკმარისია, დასავლური ორიენტაციის შეცვლაზე ჩვენი მთავრობიდან ვინმეს სიტყვა წამოსცდეს და ეს მაშინვე იქნება გამოყენებული საბაბად, რომ ეს ხელისუფლება დაამხონ!
არადა, საქართველოსთვის სააკაშვილი არის მოსიარულე საფრთხე! ეს კაცი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო აირიოს! ეს არის მისი ოცნება!
- მაინც რა შეიძლება მოიმოქმედოს სააკაშვილმა და რისი გაკეთება შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში ქაოსისა და არეულობის გამოსაწვევად?
- მე პირადად ძალიან მეეჭვება, რომ 2016 წლის არჩევნებზე ნაცმოძრაობამ ბარიერი გადალახოს და პარლამენტში მოხვდეს!
თუკი ხელისუფლება მთელ რიგ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულობასა და კომპეტენტურობას გამოამჟღავნებს, თუკი საგარეო პოლიტიკის მიმრთულებითაც უფრო ხარისხიანად იმუშავებს, მაშინ ნაციონალებს არც არეულობისა და დესტაბილიზაციის შექმნის საბაბი მიეცემათ, თუმცა, ამის მცდელობა მუდმივად ექნებათ, მითუმეტეს, რომ „რუსთავი-2" მათ განკარგულებაშია და გამუდმებით აპოკალიფსურ სურათა ხატავს.
მე არ ვამბობ, რომ ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა და ამ ხელისუფლების მიმართაც კრიტიკულად ვარ განწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესმე ნაციონალების მხარდამჭერი გავხდები!
- როგორ ფიქრობთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კოალიცია „ქართული ოცნება" დაიშლება?
- საკუთრივ პარტია „ქართული ოცნების" გარდა, კოალიციის დატოვება არცერთ სუბიექტს არ აწყობს, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, არცერთ მათგანს გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია.
- თქვენ თქვით, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნაცმოძრაობას ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება. რა ბედი ელის „ქართულ ოცნებას", შეძლებს კვლავ უმრავლესობით მოსვლას?
- პირდაპირ გეტყვით ჩემს აზრს - 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას და საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება!
თუკი ეს ასე არ მოხდა, მაშინ, ძალიან მაღალი ალბათობით, 2016 წელს ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისაგან შემდგარი კოალიციური მთავრობა გვეყოლება!
- ე.ი. ვარაუდობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება?
- ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს!
- არსებობს ვარაუდი, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს. ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ?
- თუკი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს, ამით „ქართული ოცნება" უფრო მეტს წააგებს, ვიდერე მოიგებს!
- რას გულისხმბთ?
- ღარიბაშვილის წასვლისა თუ გადაყენების შემთხვევაში კოალიციის წევრებისაგან, შესაძლოა, ახალი პრეტენზიები წამოვიდეს და პრემიერ-მინისტრის სავარძელი, იმავე, რესპუბლიკელებმა მოითხოვნ!
- და მიიღებენ კიდეც?
- ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, არაფერია გამორიცხული!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"