„რეპორტიორის" შეკითხვებს „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პასუხობს:
- 26 მაისს სამხედრო აღლუმი აღარ იქნება. თქვენ ხედავთ აღლუმის საჭიროებას?
- საბჭოთა პერიოდში, ბუნებრივია, გვქონდა სურვილი, აღგვენიშნა 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების დღე. მიუხედავად საბჭოთა სივრცეში ყოფნისა, ამას მაინც ვაპიარებდით. მაგრამ, დღეს, როცა გეუბნებიან, რომ ხარ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა (ყოველ შემთხვევაში იურიდიულად ასეა), რა გეზეიმება, როცა შენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგულია? თუკი 26 მაისს სამხედრო აღლუმი უნდა ჩატარდეს, მაშინ ეს უნდა იყოს შავი დროშებით და გლოვის გამოხატულებით. ჩვენ დავმარცხდით როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით 2008 წლის 8 აგვისტოს. რატომ 8 აგვისტოს და არა 1992 წელს?! იმიტომ რომ მაშინ პირველად მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ხელყოფა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, მაშინ ეს ტერიტორიები ითვლებოდა ჩვენს ტერიტორიებად. მისი დაბრუნების პერსპექტივა უფრო ახლოს იყო. რომ არა სააკაშვილის ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, დღეს ცხინვალთან საქართველოს პრობლემა არ ექნებოდა.
2008 წლის შემდგომ ეს დღე უნდა აღინიშნოს მთლიანობის დაკარგვის განცდით! ძალიან ცუდია, რომ ეს მიდგომა არ აქვს ქვეყანას და ფიქრობენ, რომ ზარ-ზეიმით უნდა აღნიშნონ. როცა დამოუკიდებელი ქვეყანა ხარ, იმ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდე, რაც ნამდვილად დამოუკიდებელ ქვეყნებს ახასიათებს. უნდა იზეიმო, როდესაც შემდგარი და ერთიანი ქვეყანა ხარ.
არის მეორე საკითხი - 26 მაისი უკავშირდება დამამცირებელ ფაქტორებსაც! 2011 წლის 26 მაისს მოხდა საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ფიზიკური ლიკვიდაცია და განადგურება. ევროპას გამოაქვს გადაწყვეტილება სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციაზე, 2012 წლის მაისის მოვლენებზე, ხოლო 2011 წლის 26 მაისზე, როდესაც ხელისუფლებამ ადამიანები დაგიხოცა, არაფერი აქვს ნათქვამი, შენ რა ქვეყანა ხარ? ვფიქრობ, დღეს ლაპარაკი 26 მაისზე არის რიტორიკა ხელისუფლების იმიჯისთვის, ამას საერთო არ აქვს იმ ტკივილთან თუ სიხარულთან, რაც რეალურად უკავშირდება 26 მაისს.
თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს - ჩვენ, სამწუხაროდ „ბუტკის" დირექტორსაც ვერ ვნიშნავთ სხვადასხვა საელჩოებისა თუ ქვეყნების კარნახის გარეშე...
- როგორ ფიქრობთ, ვინ მართავს საქართველოს?
- ყველა, ვისაც ძალა აქვს.
- კონკრეტულად?
- უამრავი კონკრეტული მაგალითია. ჩემი მოღვაწეობის პერიოდშიც არაერთხელ მინახავს პირდაპირი ჩარევები ამერიკის საელჩოს მიერ. თინა ხიდაშელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მისი დანიშვნა უკავშირდება ნორლანდის ვიზიტს ივანიშვილთან. ალასანია გათავისუფლდა და ნორლანდმა გამოაცილა, სხვა მინისტრი დაინიშნა და ნორლანდმა შეაცილა... რა ხდება საერთოდ?
- კონკრეტულად რა არის ცუდი, თუკი საკადრო პოლიტიკას აშშ გაატარებს?
- საბჭოთა პერიოდში კომუნისტები ფიქრობდნენ, რომ ჩვენს ნაცვლად უნდა ეაზროვნა კრემლს და ყველაფერი მას უნდა გადაეწყვიტა. ჩვენ ამაზე ერთხელ ვთქვით უარი. კრემლი არც მოსკოვში და არც ვაშინგტონში არ უნდა გვინდოდეს! ჩვენი კრემლიც და თავიც არის აქ - საქართველოში. თუ ამის უნარი არ გაგვაჩნია, უნდა თქვას ხელისუფლებამ. უნდა თქვას - დამოუკიდებლად ვერ ვმართავთ, გატყუებთ საქართველოსო და წავიდეს!
ბუნებრივია, თავიდან ვერ აიცილებ ორი უდიდესი სახელმწიფოს გავლენებს, მაგრამ ლავირება უნდა მოხდეს დასავლურ და რუსულ ინტერესებს შორის და წინ უნდა წამოიწიოს ქართული ინტერესები! მაგრამ სად ჩანს ქართული ინტერესები? დღევანდელი საქართველო არ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი, ჩვენი ქვეყანა არის მონურ მდგომარეობაში!
- თავდაცვის ახალ მინისტრს როგორ აფასებთ? იქნება ის ქართული ჯარის სიმტკიცის გარანტი?
-როგორც გავიგე, არათუ მინისტრს, არცერთ მის მოადგილეს სამხედრო განათლება არ გააჩნია. ეს რა მესიჯია? ჯარი რისთვის არსებობს? ვის ებრძოლოს ამ ჯარმა, როდესაც თვითონ, პირველი პირები, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ამ სფეროში ჩახედულები არ არიან?! ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე?! არ მესმის, რატომ არ უნდა იყვნენ მინისტრები თუ არა, მოადგილეები მაინც სამხედრო პირები.
- რამდენიმეჯერ ითქვა, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის საჭიროა დიქტატორული მეთოდების გამოყენება. საუბარია იმაზე, რომ არ არის ადვილი რეჟიმის გასამართლება სამართლებრივი მეთოდებით... ამას ემატება ისიც, რომ დასავლეთი ლობირებს ყოფილ ხელისუფლებას...
- დასავლეთი რომ ლობირებს იმ კრიმინალებს, ვისზეც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, ესეც ამ ხელისუფლების დანაშაულია.
ხელისუფლებაში ყოფნაზე პრეტენზიას რომ აცხადებ, უნდა შეგეძლოს კიდეც მართვა. დღეს ქუჩაში ნებისმიერი გამვლელი იტყვის, რომ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, კარგი მომსახურება, კარგი მანქანა, კაბინეტი, მივლინებები, სეირნობა და ა.შ. მაგრამ, ხელისუფლებაში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ მარტო კარგი ცხოვრება და ფუფუნება გინდა, არამედ შენ იღებ პასუხისმგებლობას მთელ ქვეყანაზე, უამრავ ადამიანზე.
დღევანდელმა ხელისუფლებამ თუ დაიწყო განცხადებების კეთება, რომ სამართლიანობის აღდგენას დიქტატურა სჭირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სრულიად გავიდნენ პოლიტიკური სივრციდან. ეს ხელისუფლება იმიტომ მოვიყვანეთ, რომ დიქტატურა და ძალადობა არ გვინდოდა, მაგრამ გვინდოდა ძლიერი ხელი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის! როგორ ფიქრობთ, დემოკრატიულ ქვეყნებში სამართლიანობა და ადამიანის უფლებები არ არსებობს?
ევროინტეგრაციის საკითხები იქნება თუ სხვა, სააკაშვილი უზით პირველ რიგებში და ქვეყნის პრეზიდენტს არ ჰყოფნის შეგნება, დატოვოს იქაურობა და თქვას - როგორ, ამ ადამიანს ჩემი ქვეყანა ეძებს და მასთან ერთად მსვამთ? ჩემი ქვეყნის კანონს მარღვევინებთ? იგნორირებულია დღეს საქართველოს ხელისუფლება! ადეიშვილს მოუხსნეს ძებნილის სტატუსი და ამის გაპროტესტება ვერ მოახერხა პროკურატურამ! ჩვენს ქვეყანასთან შეუთანხმებლად ადეიშვილის ამ სიიდან ამოღება ვერ მოხდებოდა!
- რა ძალა აქვს დღეს „ნაციონალურ მოძრაობას"?
- „ნაციონალური მოძრაობა" კომფორტს უქმნის დღევანდელ ხელისუფლებას. რომ არა ეს პარტია, ხალხი დიდი ხნის წინ გაისტუმრებდა „ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ მოუსავლეთში. სანამ მთავარ ოპოზიციურ ძალად იქნება „ნაციონალური მოძრაობა", ქართველი ხალხი აიტანს ყველა სხვა პარტიას თუ კოალიციას, ოღონდ არ იყვნენ ნაციონალები. ეს არის პრობლემა!
როგორი მოკლეც არ უნდა იყოს ადამიანის მეხსიერება, ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ქართველ ხალხს და ქვეყანას გაუკეთა, არა მხოლოდ ამ თაობას ემახსოვრება, არამედ ისტორიაშიც ჩაიწერება! მათი უშუალო მობრუნების შანსი ძალიან ნაკლებია. „ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში სისტემურ დანაშაულს სჩადიოდა! ერთი წერილია საჭირო - საჯარო რეესტრიდან გამოითხოვონ, რამდენი ადამიანი მიდიოდა ღამის 3-4 საათზე ნოტარიუსში, საჯარო რეესტრებში და აფორმებდნენ თავიან ქონებას ხელისუფლების ახლობლების სახელზე, ჩუქნიდა სახელმწიფოს! სწორედ ეს რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ჰქონდა ადგილი სისტემურ დანაშაულს. ნებისმიერი სასამართლო განაჩენი აიღონ - რასაც პროკურატურა უკვეთდა, იმას რომ იწერდნენ ქოფი-ფეისთით! მე არაერთხელ ვთქვი, სანამ ამინისტია იქნებოდა, ციხეებში ჩავუტაროთ ექსპერტიზები ადამიანებს, რა პროცენტია დღეს დაინვალიდებული ციხეებში. რატომ არ დადო ეს მტკიცებულებები ხელისუფლებამ? მათ არ სურდათ, „ნაციონალური მოძრაობა" აკრძალულიყო, ჩარეცხილიყო და წასულიყო პოლიტიკურ სანაგვეზე!
- რა იქნება მომავალ არჩევნებზე?
- თუ ასე გაგრძელდა და საზოგადოებამ თავის თავში ვერ იპოვა ძალა, რომ დაიბრუნოს საკუთარი ღირსება, მოხდება იგივე ან იმაზე უარესი, რაც ამ დრომდე ხდება.
- ვინ არის დღეს ხელისუფლებისთვის ძლიერი ალტერნატიული ძალა?
- პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის ინტერესებზე იზრუნებს, დღეს არ არსებობს! დღეს ჩვენ გვატყუებენ და უნდა მოვნახოთ ძალა, რომ ვებრძოლოთ ტყუილს.