თბილის მერმა ახალი ინიციატივები წამოაყენა. მერის ინიციატივაა განხორციელდეს ცვლილება თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში და საბინაო ამხანოგობების დაფინანსების მუხლს ის თანხები დაემატოს, რომელიც რაიონულ გამგეობებს საშუალებას მისცემს წლის ბოლომდე მოსახლეობის განცხადებების მიღება განაახლონ და ამხანაგობების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულონ. მათ შორის განახლდეს: შიდა კომუნიკაციების, ლიფტებისა და სახურავების შეკეთება, ასევე აღდგეს მრავალი სხვა სახის მომსახურება. ნოემბრის შუა რიცხვებიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალია, სამარშრუტო ტაქსით გადაადგილებისას, მგზავრობას ღირებულების ნახევარს გადაიხდიან, ხოლო მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს.
თბილისის მერის ინიციატივაზე „რეპორტიორი" დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს და „რეპორტიორი"_ს ხსენებაზე კომენტარზე უარი მივიღეთ.
„რეპორტიორი" უმრავლესობის წევრ სოსო ჯაჭვლიანს დაუკავშირდა:
„მოისვენონ ნაცებმა, თბილისის მერმა და ნებისმიერმა სხვა მათგანმა რა ინიციატივაც არ უნდა წამოაყენონ მათ მაინც აღარაფერი უშველით, არ აქვს მნიშვნელობა კარგია თუ ცუდი მათი ინიციატივა, აღარავის აღარ სჯერა უკვე მაგათი. ახლა მივდივარ ოზურგეთში, ოლიმპიური ჩემპიონის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის დარბაზი იხსნება და ახლა ჩემთან ერთად არის სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი. მანქანაში ჩავისვით ერთი ახალგაზრდა სანამ ოზურგეთამდე მივალთ და ისეთი ამბები მოგვიყვა ნაციონალებზე, პირადად მის საკუთრებაში მყოფი 8000 კვადრატი მიუსაკუთრებიათ. ბოლოს ვეკითხები ხმას ვის აძლევთქო, მისი პასუხი ასეთი იყო: -„გურიამ ერთხელ უკვე 1 ოქტომბერს ვივაჟკაცეთო." ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს თბილისის მერმა, მაინც აღარაფერი ეშველებათ, ახლა გამოდიან ინიციატივებით? სულ რომ ცამდე მართლები იყვნენ, პოლიტიკურად ისე არიან გაღლეტილები, რომ აღარაფერი უშველით!"- განუცხადა სოსო ჯაჭვლიანმა „რეპორტიორს"