რატომ ტოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის წევრები, რა გახდა პარტიაში განხეთქილების მიზეზი, რატომ დუმს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „რეპორტიორს" „ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი ესაუბრა:
- „ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულმა ოთხეულმა ძალაუნებურად გააჟღერა ის განწყობები, რაც პარტიაში არის. სინამდვილეში კი ბაქიბუქობენ „ნაციონალები", მაგრამ არამგონია, თავადაც სჯეროდეთ სერიოზულად, რომ უახლოესი 10-20 წლის მანძილზე ისინი არჩევნებს მოიგებენ. ეს სიმპტომატურია, ალბათ ესმით, რომ 40 %-იანი მხარდაჭერა არ ექნებათ, საეჭვოა, 20%-იც რომ იყოს. ამომრჩეველი ბევრი თუ მოვა, ისინი მიიღებენ 10%-ს. თუკი საშუალოდ მოვა ამომრჩეველი, მათ 15 % ერგებათ. იმ შემთხვევაში, თუ არავინ მოვა, მათ რაც ჰყავდათ ელექტორატი 20%, ისევ ის იქნება. ოღონდ ეს ელექტორატი უფრო სააკაშვილისაა. სააკაშვილი მათი პრობლემაა, მასთან ასოცირდება ბევრი რამ ხალხის წარმოდგენაში, მაგრამ ეს ელექტორატი თუ ჰყავთ, ესეც სააკაშვილისაა.
- უფრო კონკრეტულად, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მათი წამოსვლის რეალური მიზეზი?
- ეს ოთხეული „ნაციონალური მოძრაობის" სათავეში არ იყო და ალბათ, გადაწყვიტეს, რომ იყვნენ უფრო ადეკვატურები. მათი წამოსვლის მიზეზი უპერსპექტივობა იყო. „ნაციონალური მოძრაობა" რაღაცნაირად დაკონსერვდა თავის რიტორიკაში, ფრაზეოლოგიაში და არაფერს ახალს არ სთავაზობს მოსახლეობას. „ნაციონალებმა" თავად უნდა აღიარონ, რა დააშავეს და ამის შემდეგ მათმა მოწინააღმდეგეებმაც უნდა თქვან, რომ კი ბატონო, ცდილობენ, იყვნენ ობიექტურები, მაგრამ „ნაცებმა" ისეთი რამ დააშავეს, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება.
შესაძლოა, მათი წამოსვლა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებასაც უკავშირდებოდეს. მათ ილუზია ჰქონდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რაღაცებს კი აშავებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში პროგრესს ემსახურებოდა. ახლა მიხვდნენ, რომ ამის პერსპექტივა არ არსებობს.
„ნაციონალური მოძრაობა" დრომოჭმულია. „ოცნება" თავიდანვე დრომოჭმული იყო. მათი მთავარი ამოცანა იყო „ნაციონალების" გაგდება. ახლა მათი ამოცანაა, მშვიდობიანად წავიდნენ ხელისუფლებიდან. ვფიქრობ, ეს არ არის პატარა მისია. „ნაციონალების" გაშვება ხელისუფლებიდან იყო იმის საშუალება, რომ ქვეყანაში გამოსწორებულიყო ვითარება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
- ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური არეალიდან ისე ქრება, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა?
- „პარტიას" ვერ გაასამართლებ და ვერ აკრძალავ. ჩვენ ნუ ვიფიქრებთ, რომ დასავლეთი ამას დაუშვებდა, რადგან იქ ითვლებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იყო მათი ამოცანების იდეალური შემსრულებელი. ასეთი კარგი შემსრულებლები მათ არ ჰყოლიათ არსად, რადგან ისინი ასრულებდნენ უნივერსალური ამოცანებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესების ხარჯზეც კი. ასეთები იყვნენ ბოლშევიკებიც. დიდი გასხვავება არაა მათ შორის. რუსეთის იმპერია ამას ნიღბავდა მსოფლიო პროლეტარიატით და სოციალიზმით, რაც გარდაისახა საბჭოთა კავშირად. ეს დადებითიცაა და უარყოფითიც, რადგან მსოფლიო წესრიგს ასე თუ ისე ამერიკა უზუნველყოფდა, მინიმალურად, თავისი ინტერესების შესაბამისად. ახლა არ ჩანს ასეთი წესრიგის დამამყარებელი.
- საქართველოს ექს-პრეზიდენტის დუმილზე რა აზრის ხართ?
- სააკაშვილი ეს დღეებია დუმს. დაბნეულია. ალბათ, არ ელოდა, მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩნდებოდა. ის დუმს მედიისთვის, დარწმუნებული ვარ, კერძო საუბრებში ასე არ არის, რადგან უკრაინის ექსპერიმენტიც კრახით მთავრდება. ეს ექსპერიმენტი თავიდანვე განწირული იყო ბევრი მიზეზის გამო. ეს ქვეყანა მართლაც დაყოფილი ქვეყანაა და სახელმწიფოდ ვერ შედგებოდა. ყირიმზეც კი ხმას აღარ იღებს არავინ. ის, რაც სააკაშვილმა და მისმა ჯგუფმა განუკითხავი ძალაუფლებით საქართველოში მოახერხეს, 46-მილიონიან უკრაინაში ვერ მოახერხებენ. კორუფციის გარკვეულწილად დამარცხება საქართველოში საზოგადოების დამსახურება იყო და არა ხელისუფლების.