reportiori.ge - ვართ თუ არა საცდელი ვირთხები და რა ექსპერიმენტი ტარდება საქართველოში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:39
ინტერვიუ
ვართ თუ არა საცდელი ვირთხები და რა ექსპერიმენტი ტარდება საქართველოში?
ავტორი:
29 მაისი, 2015. 15:28


დღეს ჩვენი სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მირან გამყრელიძე.


- ინტერნეტსივრცეში უცხოური გამოცემების პუბლიკაციების მოშველიებით გამოჩნდა ეჭვისშემცველი წერილები: უფასოდ გვაძლევენ მედიკამენტებს, უწინარეს ყოვლისა, C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს, უფასოდ იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოს განიხილავენ, როგორც ლაბორატორიას, სადაც მოსახლეობაზე (თეთრ ვირთხებზე) გამოსცდიან ამ ახალი საშუალების ეფექტიანობას?


- გვწამლავენ?


- ჩვენს ცენტრს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დაკისრებული C ჰეპატიტის აღმოფხვრის იმ უპრეცენდეტო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში დაიწყო.


დღეს მსოფლიოს ისტორიაში აღმოფხვრილია ერთადერთი დაავადება - ყვავილი, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. აღმოფხვრილია ძირითადად ვაქცინაციის მეშვეობით.


1979 წლის შემდეგ ასეთი ვაქცინაცია ყვავილის წინააღმდეგ აღარ კეთდება - საჭიროება არ არსებობს.


ამჟამად რიგში დგას პოლიომიელიტი, რომელიც მსოფლიოს სამ ქვეყანაშია დარჩენილი: პაკისტანში, ავღანეთში და ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში. საქართველოში პოლიომიელიტის შემთხვევა 1992 წლიდან აღარ გვქონია. მაგრამ მის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ამჟამადაც ყოველწლიურად ვაწარმოებთ.


ამის შემდეგ წითელა დგას რიგში. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ეს დაავადება სრულად არის აღმოფხვრილი. ევროპა ამის მიღწევას 2020 წლისთვის აპირებს.


C ჰეპატიტი ასევე ინფექციური (ვირუსული) დაავადებაა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. 90-იან წლებში, როცა C ჰეპატიტის სამკურნალოდ ინტერფერონი დაინერგა, განკურნების მაჩვენებელი ზოგიერთი გენოტიპის შემთხვევაში 50-60 პროცენტი იყო. ზოგი ადამიანი სრულად იკურნებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი - ვერა, თანაც ამ საშუალებით მკურნალობა ძვირი ჯდებოდა და ახლდა ბევრი გვერდითი ეფექტი.


დღეისთვის მსოფლიოში C ჰეპატიტის ვირუსით 180 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.


ბოლო 3 წელიწადია, რაც მედიცინამ უზარმაზარი გარღვევა მოახდინა ამ დაავადების მართვის საქმეში. 2013-2014 წლების უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში შედის პრეპარატი სოფოსბუვირი, რომელიც 3 წელიწადია C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება მსოფლიოში და რომელმაც უდიდესი გადატრიალება მოახდინა ამ საქმეში.

 

- უკვე მოახდინა?


- დიახ, უკვე მოახდინა! ეს პრეპარატი დაახლოებით 9 წლის წინათ, ვიმეორებ, 9 წლის წინათ, შექმნა ატლანტაში ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა შინაზიმ, რომელსაც პირადად ვიცნობ. მას ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია აქვს. თავისი იდეა და წამალი მან მიჰყიდა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას „გილიადს" (რომელიც ამჟამად საქართველოსთანაც თანამშრომლობს). ჩატარდა უამრავი ექსპერიმენტული, კლინიკური კვლევა, დადგინდა, რომ ამ პრეპარატით განკურნების მაჩვენებელი 90 პროცენტს აღემატება, ხშირ შემთხვევაში, 95 პროცენტს სჭარბობს. ეს პრეპარატი 2 წელიწადზე მეტია, გამოიყენება ამერიკასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, დარეგისტრირებულია ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ.


ამ პრეპარატის პრობლემა მისი სიძვირეა: სამთვიანი მკურნალობის კურსი აშშ-ში 80-85 ათასი დოლარი ღირს. ერთი აბი პრეპარატის ღირებულება ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში და ა.შ. საშუალოდ ათასი დოლარია.


მკურნალობა 3 თვეს გრძელდება. ავადმყოფი დღეში ერთხელ იღებს წამალს; ზოგიერთი გენოტიპის მკურნალობისთვის 6 თვე ან ცოტა მეტი დროა საჭირო.


თუ, ერთი მხრივ, ამ პრეპარატის გამოჩენა სამედიცინო ბაზარზე დიდი გარღვევა იყო, მეორე მხრივ, ხელმისაწვდომობა პრობლემად წარმოჩინდა. ამ შეუთავსებლობას მდიდარ ქვეყნებში სახელმწიფო ან დაზღვევა ფარავს, რაც ღარიბი სახელმწიფოებისთვის ყოვლად წარმოუდგენელია.


კომპანიას, რომელმაც ეს წამალი შექმნა, აქვს უზარმაზარი შემოსავალი, მაგრამ ამასთან ერთად უდიდესი მორალური პასუხისმგებლობაც ეკისრება. მან ლიცენზია მიჰყიდა ინდოეთს (სადაც C ჰეპატიტის გავრცელების დონე ძალიან მაღალია), რათა ამ უკანასკნელს დაბალ ფასად გაევრცელებინა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის სააფთიაქო ქსელებით.


კომპანია „გილიადი", როგორც მოგახსენეთ, კარგად თანამშრომლობს საქართველოსთან და ეს დიდი პატივია ჩვენთვის. ამ თანამშრომლობას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შუამდგომლობამ. ეს ცენტრი შტატებში ერთ-ერთი უმთავრესი ფედერალური დაწესებულებაა (მის მაგალითზე შეიქმნა ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც მასთან შედარებით ძალიან პატარა ორგანიზაციაა, მაგრამ ფუნქციებით იდენტურია), მისი წარმომადგენლობა ჩვენს დაწესებულებაშია განთავსებული და ბევრი საკითხის გადაჭრაში აქტიურად გვეხმარება. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დაწყება მათი მონაწილეობით გახდა შესაძლებელი. შეიქმნა ერთგვარი სამკუთხედი: საქართველოს მთავრობა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროთი იყო წარმოდგენილი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მწარმოებელი კომპანია „გილიადი".


სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე:


* C ჰეპატიტის ინფექციის მაღალი პრევალენტობა ზოგად მოსახლეობაში (2001 წელს შიდსის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით, მოზრდილი მოსახლეობის 6,7 პროცენტი ინფიცირებულია, ასეთი კვლევა ამჟამად მეორედ ტარდება. საბოლოო შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებში გვეცოდინება);


* ქვეყნის შედარებით პატარა ფართობი (69,700 კვადრატული კილომეტრი) და მოსახლეობის რაოდენობა (4,5 მილიონი);


* ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით;


* C ჰეპატიტის თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებების არსებობა;


* ფართომასშტაბიანი ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების დანერგვისთვის ეფექტიანი სისტემების არსებობა ქვეყანაში;


* გამოცდილი ექიმები, დიაგნოსტიკის კარგი ლაბორატორიული ბაზა.


ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადაწყდა, საქართველოში განხორციელებულიყო მსოფლიოსთვის სამოდელო პროექტი C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით.

- და არა პრეპარატის გამოცდისა და ადამიანებზე ექსპერიმენტის განხორციელების თვალსაზრისით?

- დიდი ხანია, ეს წამალი გამოცდილია! დიდი ხანია, დადგენილია მისი ეფექტიანობა და წარმატებით გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, რომ გავხდეთ მსოფლიოსთვის სამოდელო ქვეყანა C ჰეპატიტის ელიმინაციის თვალსაზრისით და არა საექსპერიმენტო პოლიგონი, როგორც ეს ზოგიერთ პუბლიკაციაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არის წარმოჩენილი. კარგი იქნება, თუ თქვენი მკითხველი ამ განსხვავებას ყურადღებას მიაქცევს.


და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მკურნალობა ნებაყოფლობითი პრინციპით ხორციელდება. დაძალება ან თავსმოხვევა აბსოლუტურად გამორიცხულია.


დადგენილია, რომ ინტერფერონისგან განსხვავებით, ახალ პრეპარატს თითქმის არ აქვს გვერდითი მოვლენები. მკურნალობისთვისაც მარტივია - ადამიანი სვამს წამალს, ინტერფერონის მკურნალობის დროს კი ინექცია უნდა გაიკეთოს, ამავე დროს, ამ უკანასკნელს ახასიათებს ბევრი გვერდითი მოვლენა.


მიმაჩნია, რომ ახალი გენერაციის ანტივირუსული პრეპარატით C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, პირადად ბატონ დავით სერგეენკოს, რომელიც თვითონ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარესთან, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევაა.


სამინისტროს სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ბატონ ვალერი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, პროფესიონალმა ექიმებმა, შიდსის ცენტრმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთო ძალისხმევით მოკლე დროში შექმნეს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განხორციელების ფაზაშია.


ჩვენს ცენტრს ამ პროექტის რეალიზაციის პროცესში მრავალმხრივი ფუნქცია აკისრია და აქტიურად ვართ ჩართული ახალ ფართომასშტაბიან პოპულაციურ კვლევაში, რათა დავადგინოთ გავრცელების ზუსტი ციფრები როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე ცალკეული რეგიონების მიხედვით. ასევე ცენტრის ბაზაზე ექსპერტთა ჯგუფი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელბთან ერთად ვმუშაობთ ხანგრძლივვადიან (2020 წლამდე) ელიმინაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.


ამიტომ, ვიმეორებ, წამლის არავითარ გამოცდაზე არ შეიძლება ლაპარაკი. პირიქით, ეს დიდი შეღავათია მოსახლეობითვის, უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანმრთელების პროგრამა და უზარმაზარი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობაცაა. ჩვენ 5 წლის განმავლობაში უნდა ვუმკურნალოთ 100-150 ათას ადამიანს, მაგრამ, რაც მთავარია, უნდა მოვახდინოთ ინფექციის განვითარების პრევენცია და მოვსპოთ ინფექციის ახალი წყაროები. რადგან C ჰეპატიტი სისხლით გადამდები დაავადებაა, მკაცრდება, ერთი მხრივ, ინფექციის კონტროლი სამედიცინო, სტომატოლოგიურ დაწესებულებებში, სილამაზის, სვირინგების სალონებში და, საერთოდ, ყველგან, სადაც გადადების რისკი მაღალია და, მეორე მხრივ, მეტი პროფესიული განათლების შეტანაა საჭირო სამედიცინო საზოგადოებაში. ამავე დროს, უნდა ამაღლდეს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ამ მიმართულებით.

 

2015 წელს 5 ათას ადამიანს ვუმკურნალებთ. მომდევნო წლებში ყოველწლიურად 20 ათასი ავადმყოფისთვის მოგვაწვდიან წამალს. პრეპარატი უკვე ჩამოტანილია საქართველოში. პაციენტების რეგისტრაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესი 4 სამედიცინო ცენტრშია დაწყებული. ესაა: ინფექციურ დაავადებათა ცენტრალური საავადმყოფო, კლინიკაჰეპა", კლინიკამრჩეველი" და კლინიკანეოლაბი". დიაგნოსტიკის ხარჯებს სახელმწიფო მნიშვნელოვნად ფარავს - სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის - ცენტრალური ხელისუფლება - 70 პროცენტს, ადგილობრივი - 20 პროცენტს. დანარჩენ 10 პროცენტს, რაც 40-45 ლარია, იხდის პაციენტი. პაციენტების მომსახურების გეოგრაფიული არეალი თანდათან გაფართოვდება და მოიცავს რეგიონებს.


ხოლო მკურნალობა, ვიმეორებ, ყველასთვის უფასოა, რადგან წამალი „გილიადმა" უფასოდ გადმოგვცა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

 

- რით მოიხიბლნენ?


- შარშანდელი სექტემბრის შემდეგ სამ-ოთხჯერ ჩამოვიდა ჩვენთან სხვადასხვა დელეგაციები, სკრუპულოზურად შეისწავლეს სიტუაცია და დაასკვნეს, რომ ამ სოციალური პროექტის განხორციელება საქართველოში შესაძლებელი და ეფექტიანი იქნება. მკურნალობა უფასოა არა მხოლოდ „გილიადის" წამლით, არამედ დაავადების ზოგიერთი ფორმის დროს აუცილებელი ინტერფერონითა და რიბავირინით მკურნალობის შემთხვევაშიც.


შემოდგომისთვის ეს ფირმა მოგვაწვდის იმავე წამლის ახალ, განვითარებულ სახეობას - „ჰარვონს", რომლის ერთ ტაბლეტში ორი პრეპარატი იქნება და მაშინ მკურნალობას ინტერფერონი აღარ დასჭირდება.


ადამიანებს გაუჩნდათ სრულად გამოჯანმრთელების შესაძლებლობა, რეალური გახდა შანსი იმისა, რომ C ჰეპატიტი არ გართულდეს და არ გადაიზარდოს ციროზში, ღვიძლის კიბოში და ა.შ.


- თუ ადამიანმა არ იცის, C ჰეპატიტი რომ სჭირს, რა უნდაქნას?


- ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, გაარკვიონ თავიანთი სტატუსი ამ დაავადებასთან დაკავშირებით - შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მათ ამას მარტივი პროცედურით დაუდგენენ. ყველა, ვიმეორებ, ყველა უზრუნველყოფილი იქნება წამლით!


დარწმუნებული ვარ, რომ ამ უპრეცედენტო პროექტის განხორციელებით საქართველოში შესაძლებელი გახდება C ჰეპატიტის აღმოფხვრა და სწორედ ეს ფაქტი აპირობებს ჩვენი ქვეყნისადმი დიდ საერთაშორისო ინტერესს.




ესაუბრა  არმაზ სანებლიძე

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო"



P.S. ასე რომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მუშაობს და მას არაფერი ემუქრება, C ჰეპატიტის პროგრამა ამოქმედდა, და ყველას ვუსურვებთ განკურნებასა და ჯანმრთელობას!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016