reportiori.ge - კობა ნარჩემაშვილი: რას მეუბნებით?! აღმაშფოთებელია ამის მოსმენა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:27
ინტერვიუ
კობა ნარჩემაშვილი: რას მეუბნებით?! აღმაშფოთებელია ამის მოსმენა!
ავტორი: ანა ნოდია
29 მაისი, 2015. 16:12

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი კობა ნარჩემაშვილი ხელისუფლებას დადებითად და ამავდროულად  კრიტიკულად აფასებს. შინაგან საქმეთა  ყოფილი მინისტრი „რეპორტიორთან" ინტერვიუში ასახელებს ხელისუფლების კონკრეტულ ხარვეზებს და გამოსავლის გზებს.


- შევაჯამოთ - რა არის ხელისუფლების მთავარი რეფორმა ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში?

 

- ყველაზე მნიშვნელოვანია ტენდენცია, ოღონდ ჯერ დაუმთავრებელი, სოციალური ვითარების გაუმჯობესების თაობაზე. მაგალითად, საყოველთაო დაზღვევა დიდი წარმატებაა. ასევე, გადადგმული ნაბიჯები სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში. ვთვლი, რომ ბევრი ადამიანი გადარჩა, ჩატარდა ოპერაციები უფასოდ. იმ ლიბერტარიანულ მიდგომასთან შედარებით, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას" და მის ეკონომიკურ გუნდს, ეს პროგრამა იყო სრულიად ახალი.


-   მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაც სწორედ ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად, მოდი, ვკითხოთ ექიმებს - ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამ რეფორმის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში გაჩნდა კორუფცია...

 

- სწორედ ამიტომ ვთქვი, ამ რეფორმის გატარება არის კარგი ტენდენცია, მაგრამ აუცილებლად დასახვეწია. ბოლომდე მისაყვანია. გაჩნდა დავალიანებები, ამას გარდა ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია და მათ დაქვემდებარებაში მყოფი კლინიკები სარგებლობენ ბოროტად... საბოლოო ჯამში მივდივართ სამართალდამცველი ორგანოების მუშაობამდე.


-  რა შენიშვნები გაქვთ ხელისუფლებასთან?

 

- ხშირად ხდება დაუდასტურებელი ჭორის სიმართლედ მიჩნევა. ეს არის სპეცსამსახურების პრობლემა. ხშირ შემთხევაში არ ხდება სრულყოფილად გადამოწმება იმ ინფორმაციისა, რასაც იღებენ. ამით კი სარგებლობენ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში დივერსიული მიზნით არიან ჩანერგილები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ვიღაცა რაღაცას დაწერს და ამას როგორც მტკიცებულებად, ისე იღებენ.


- საქართველო კონკრეტულ საქმეებზე ედავება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, თუმცა ვერ ხდება ამ ადამიანების გასამართლება. როგორ ფიქრობთ, არ აქვთ ბრალდებები სწორად წარდგენილი ან არ არის საფუძვლიანი? და, თუ არის, რატომ დუმს ხელისუფლება?

 

- ეს არის ხელისუფლების ყველაზე სუსტი წერტილი. ეს იყო უდიდესი გამოწვევა ხელისუფლებისთვის. სწორედ ამ საკითხის ფონზე მოვიდა „ქართული ოცნება" მთავრობაში. მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, ხალხმა ხმა მათ მისცა იმიტომ, რომ აღდგენილიყო სამართალი. ხალხს ჰქონდა მოლოდინი, რომ ესენი დააბრუნებდნენ სამართლიანობას. ხელისუფლებამ მოინდომა ამ საკითხისთვის მოევლო ორდინარული გადაწყვეტილებებით, მიმდინარე რეჟიმში. ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო არაორდინარული, არასტანდარტული ნაბიჯებით.


- რას ნიშნავს არასტანდარტული და არაორდინარული გადაწყვეტილებები?

 

- ამას მხოლოდ ერთი კაცი ვერ უშველის. უნდა იყოს პოლიტიკური გუნდის ნება და გადაწყვეტილება. ცალკე აღებული ვერც შს მინისტრი და ვერც მთავარი პროკურორი ვერ გადაწყვეტს. იმ ზღვა მასალის გადამუშავება, რომელიც სამართლიანობის აღდგენასთან იყო დაკავშირებული, ვერ მოხდებოდა იმ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, რომლითაც მუშაობდა სააკაშვილის ხელისუფლება. საჭირო იყო ცვლილებები კანონმდებლობაში. საჭირო იყო საგანგებო, ექსტრემალური რეჟიმის შემოტანა. საჭირო იყო დაახლოებით 1000-მდე გამომძიებლის დამატება, პროკურორების დამატება, ვადების გადასინჯვა, ძლიერი კვალიფიკაცია... სტანდარტულმა რეჟიმმა გამოიწვია კრახი.


- მაგალითად, ირაკლი სესიაშვილი საუბრობდა, რომ ყველაზე მარტივია დიქტატორული მეთოდებით სამართლიანობის აღდგენა, თუმცა ამ მეთოდს დღევანდელმა ხელისუფლებამ არ მიმართა, რადგან ეს იქნებოდა დაბრუნება წარსულში. 

 

- პრობლემაა კომპეტენციის. მაინცდამაინც დიქტატორული მეთოდებით უნდა აღდგეს სამართლიანობა?  ჩილეს მაგალითი წაიკითხონ. იქ პინოჩეტის დროინდელი შს მინისტრი ახლაც ციხეში ზის. არავინ დარჩენილა დაუსჯელი!


- ვახტანგ ხმალაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მაღალჩინოსნების დასჯა არ არის ადვილი, ვინაიდან, როცა ისინი გასცემენ უკანონო ბრძანებებს ან დანაშაულს სჩადიან, არ ტოვებენ ამის დოკუმენტაციას...

 

- რას ნიშნავს ეს? სამეგრელოში აღმოჩენილი საშინელი კადრები დოკუმენტი არ არის? ვისი გაკეთებული იყო ეს? რას მეუბნებით? აღმაშფოთებელია ამის მოსმენა! 26 000 ფაილი ამოიღეს, ამ ფაილებს ჰყავს თავისი შემსრულებლები, დამკვეთები და ა.შ. არ იციან, რა არის მტკიცებითი სამართალი? დამაგრება? შეფასება? ეს ფაილები მე გადავიღე? მე შევუკვეთე? თუ არ უნახავთ, როგორ აღმოაჩენენ მტკიცებულებებს? არ ტოვებენ კვალსო, ეს როგორ შეიძლება ითქვას? ბარემ, ტაშიც ხომ არ დავუკრათ, რომ მაგრები არიან ნაციონალები? მათზე ლოცვაც ხომ არ დავიწყოთ?


- გაქცეულ მაღალჩინოსნებზე რას იტყვით - ხელისუფლებას გაექცა?

 

- ვერ გეტყვით. აქ იყო შიდა საბოტაჟი, იგივე სახელისუფლებო სავარძლებში მოკალათებული ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომელთა ინტერესებშიც არ შედიოდა საქმეების გახსნა...


დასავლეთში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მხარს უჭერენ წინა ხელისუფლებას რიგი მიზეზების გამო. მაგალითად, ბილდტი, რომელიც პირდაპირ იყო დაინტერესებული კორუფციული გარიგებებით. თუმცა, ფაქტია, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ თავისუფლად შესაძლებელია, საზოგადოებაში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობები დაბადოს.


- საუბრობთ ევრაზიულ განწყობებზე? 

 

- დიახ. კვლევების მიხედვით, 31% რატომ უჭერს მხარს ევრაზიულ კავშირსო, პანიკა რომ არის ატეხილი, რატომ, იცით? ზუსტად ამიტომ! ყველაფერი ეს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, იწვევს ანტიდასავლურ განწყობებს. საზოგადოება ფიქრობს, რომ მას ხელს უგრეხენ.


- როგორ აფასებთ „ნაციონალურ მოძრაობას"?

 

- ვთვლი, რომ 2016 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა" ბარიერსაც ვერ გადალახავს! ნაციონალების მხრიდან პროვოკაციებს საბაბი უნდა ჰქონდეს და საბაბად ისინი ვერ გამოიყენებენ თუნდაც დანგრეულ გზებს და სხვა მსგავს პრობლემებს. ერთადერთი საბაბია - თუკი ხელისუფლების რომელიმე წევრი საჯაროდ, იმის გამო, რომ უკრაინაში ინიშნებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოთქვამს უკმაყოფილებას დასავლეთის მიმართ და განაცხადებს, რომ შესაძლებელია, კურსი შევცვალოთ. აი, ეს იქნება იმპულსი. გახსოვთ ბზურაბ აბაშიძის განცხადება, როცა ამბობდა, ვერ გავხდებით ალიანსის წევრიო? ატყდა ერთი ამბავი. არადა, ზურაბ აბაშიძე არ არის ოფიციალური პირი, ის არის წარმომადგენელი. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს რომ წამოსცდეს პრემიერ-მინისტრს ან სახელმწიფო თანამდებობის რომელიმე პირს? ეს განხილული იქნება როგორც ოფიციალური კურსის ცვლილება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მაიდნის მსგავსი რამის მოწყობას ეცადონ! ამგვარი საბაბი არ უნდა მოიხელთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ". 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016