„სამართლიანობის აღდგენა იყო უდიდესი გამოწვევა ხელისუფლებისთვის. სწორედ ამ საკითხის ფონზე მოვიდა „ქართული ოცნება" მთავრობაში" - აცხადებს შს ყოფილი მინისტრი „რეპორტიორთან" ინტერვიუში. კობა ნარჩემაშვილი თვლის, რომ სამართლიანობის აღდგენა არასტანდარტული, არაორდინალური ნაბიჯებით უნდა განხორციელებულიყო:
„მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, ხალხმა ხმა მათ მისცა იმიტომ, რომ აღდგენილიყო სამართალი. ხალხს ჰქონდა მოლოდინი, რომ ესენი დააბრუნებდნენ სამართლიანობას. ხელისუფლებამ მოინდომა ამ საკითხისთვის მოევლო ორდინარული გადაწყვეტილებებით, მიმდინარე რეჟიმში. ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო არაორდინარული, არასტანდარტული ნაბიჯებით.
ამას მხოლოდ ერთი კაცი ვერ უშველის. უნდა იყოს პოლიტიკური გუნდის ნება და გადაწყვეტილება. ცალკე აღებული ვერც შს მინისტრი და ვერც მთავარი პროკურორი ვერ გადაწყვეტს. იმ ზღვა მასალის გადამუშავება, რომელიც სამართლიანობის აღდგენასთან იყო დაკავშირებული, ვერ მოხდებოდა იმ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, რომლითაც მუშაობდა სააკაშვილის ხელისუფლება. საჭირო იყო ცვლილებები კანონმდებლობაში. საჭირო იყო საგანგებო, ექსტრემალური რეჟიმის შემოტანა. საჭირო იყო დაახლოებით 1000-მდე გამომძიებლის დამატება, პროკურორების დამატება, ვადების გადასინჯვა, ძლიერი კვალიფიკაცია... სტანდარტულმა რეჟიმმა გამოიწვია კრახი," - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.