საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისია" რეგიონებში შეხვედრებს მართავს. რას გეგმავს აღნიშნული მოძრაობა, რა მიზნით აერთიანებს მხარდამჭერებს?
„რეპორტიორს" მოძრაობა „ქართული მისიის" დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი ესაუბრა:
- მოძრაობა შეიქმნა 2015 წლის 6 მარტს ჩემი, არჩილ შველიძის, გიორგი ზარნაძის და დავით ონიანის მიერ. მოძრაობა დღეს უკვე დაახლოებით 3000-მდე თანამოაზრეს აერთიანებს. „ქართული მისია" არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანას სჭირდება რეალურ განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ორგანიზაციის რეალური საზრუნავი საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ვთვლით, რომ ინტელექტუალური რესურსის მოზიდვა და მისი ქვეყნისთვის გამოყენება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
ჩვენი მიზანი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებსაც ეს მართლა სჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ მივეხმაროთ, ასევე, ხელისუფლებას, რომ ადამიანებს მათი ნიჭი დაახარჯვინოს ისე, როგორც წესია. პური მეპურემ რომ გამოაცხოს, აი, ეს გვინდა.
- თქვენს მიერ ორგანიზებული აქციები რას ემსახურება?
- აქციები, რომელთა ორგანიზებასაც ჩვენ ვაკეთებთ, არსებულ ხელისუფლებას უნდა მიეხმაროს საქმიანობაში. დავიწყეთ ხალხთან შეხვედრებით და მათი მოსმენით.
- თუ გქონიათ საუბარი ხელისუფლებასთან, რას ფიქრობენ ისინი თქვენს მიერ დაწყებულ აქტივობაზე?
- ჩვენ დავიწყეთ და თუ ხელისუფლებისგან წინააღმდეგობა შეგვხვდება, ჩვენ მართლები ვიქნებით. დანარჩენი მერე ხალხმა განსაჯოს.
- რა შედის თქვენს გეგმებში? კარგი, გააწევრიანეთ ეს ხალხი, მერე?
- არჩევნების მერე, ძალიან ბევრი ადამიანია გულნატკენი. გულნატკენები არიან იმიტომ, რომ არ აღდგა სამართლიანობა, იმიტომ, რომ დაუსაქმებელნი არიან... არის ძალიან ბევრი მიმართულება, რაზეც მე და ჩვენი გუნდი ვფიქრობთ, რომ ეს არის საბოტაჟი. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გამოვავლინოთ და ხელისუფლებაში მყოფ მართალ ხალხს დავუდგეთ გვერდში.
- ვის მიიჩნევთ ასეთებად?
- ძალიან ბევრს. არ დავაკონკრეტებ. ჩვენ ამ ადამიანებს ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ შექმნილი ჩიხიდან.
- დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
- ეს ისეთი თემაა, რომლის გადაწყვეტაც საზოგადოებას უნდა მივანდოთ. საზოგადოებამ უნდა თქვას - ეს კარგია თუ ცუდი. საზოგადოებამ ამაზე უნდა იმსჯელოს პროფესიონალებთან ერთად. მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაზეც არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია.
- ბატონო გია, „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა ოთხმა დეპუტატმა. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს პოლიტიკურ ველზე?
- ამ ეტაპზე არაფერს. მე, გია კორკოტაშვილი, ქართველი კაცი, ვეუბნები „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს - გააცნობიერეთ პარტიის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ამის მიხედვით იმოქმედეთ ნებისმიერმა!
არ ვერჩი არავის, მაგრამ ამ ადამიანებმა პირჯვარი უნდა გადაიწერონ და თქვან - რაში არიან დამნაშავეები. მათ ღმერთის და სულიერი მოძღვრების წინაშე აქვთ აღებული ვალდებულება. სხვა მხრივ, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ.
- „ახალგაზრდა უფლებადამცველთა გაერთიანება" „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნით, სარჩელს ამზადებს. ორგანიზაცია სარჩელს მომავალ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. როგორ ფიქრობთ, რამდენად დგას ამ პარტიის აკრძალვის მოთხოვნა მაშინ, როცა დღეს, ერთი შეხედვით, თავისი გასაჭირიც საკმარისად აქვთ.
- ერთმნიშვნელოვნად ვამბობ - „ნაციონალური მოძრაობა" უნდა აიკრძალოს! ამ პარტიის სახელით იმდენი დანაშაულია ჩადენილი, რომ სხვანაირად არ შეიძლება. მაგრამ ამის პარალელურად „ნაციონალებმა" უნდა მოინანიონ! ჩვენ გვინდა ახალ სივრცეში ცხოვრება, ახალი სახელმწიფოს შექმნა და ნებისმიერი ადამიანი უნდა გახდეს ამ პროცესის თანამონაწილე, მაგრამ ვინც კანონი დაარღვია, იმან პასუხი უნდა აგოს.
- ბიძინა ივანიშვილმა გადაუხადა და მოისყიდა 4 „ნაციონალი" დეპუტატიო, - ასეთი რამეც გაჟღერდა. რამდენად უშვებთ ასეთი რამის ალბათობას?
- ამაზე ვერაფერს ვიტყვი. რთული სათქმელია. ბიძინა ივანიშვილი დიდი „მოთამაშეა" და მისი ნებისმიერი „თამაში" ჩემთვის მისაღებია.