reportiori.ge - თბილისი - საცობების ქალაქი, ანუ - გვეშველება რამე?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 21 თებერვალი, 2025. 21:30
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თბილისი - საცობების ქალაქი, ანუ - გვეშველება რამე?!
25 მაისი, 2015. 21:40


 

საცობები თბილისის ქუჩებში, უკვე საკმაოდ მდგრად და აქტუალურ პრობლემად ჩამოყალიბდა. აღნიშნული პრობლემა, ძირითადად, დისკომფორტს პიკის საათებში ქმნის. დაბრკოლება ექმნებათ,  როგორც მძღოლებს,  ასევე ფეხით მოსიარულეებს და ცენტრალურ უბანში მცხოვრებ მოსახლეობასაც. საცობებისთვის ცხელი წერტილები ცენტრალური ქუჩების გარდა პიკის საათებში სანაპირო ქუჩებში და გარეუბნებშიც იქმნება. ყველაზე მწვავედ პრობლემა მაშინ დგება, როცა საცობი ერთდროულად თბილისის რამდენიმე წერტილში იქმნება. ეს ხდება ერთდროულად - ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სანაპიროსა და გარეუბნებში.


საცობები, როგორც პრობლემა, არ არის ახალი. მისი გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი, როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, ქალაქში მომრავლებული ავტომობილებია. ამას უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძეც ადასტურებს მის მიერ შემოსავლების სამსახურში მოპოვებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც  „იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების რიცხვი საოცრადაა გაზრდილი, მარტო წელს, იმდენი ავტომობილი შემოვიდა საქართველოში იაპონიიდან, რამდენიც 2010-2013 წლებში ერთად."


მიუხედავად იმისა, რომ მსგავს პრობლემებს სხვადასხვა საფუძვლები აქვს ხოლმე, იყო შემთხვევები, როცა  სოციალურ ქსელში გარკვეული პოლიტიკური კუთვნილების ჯგუფებმა პრობლემის პოლიტიზირებაც სცადეს და პრობლემა, მათივე შეფასებით „უუნარო ქალაქის მერ ნარმანიას" გადააბრალეს.  იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული პრობლემა ყოფილი მერის, გიგი უგულავას მერობის პერიოდშიც აქტუალური იყო „თბილისის ფორუმზე" გახსნილი თემიდანაც ჩანს. თემა 2013 წლის აგვისტოთი თარიღდება.  მომხმარებლები შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ: ამონარიდი  ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტიდან:


„ეს პრობლემა არის ძალიან სერიოზული, ნერვები ძლივს მყოფნის ყოველდღე და ესე არის ძალიან ბევრი, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა და ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ საზოგადოების დიდი ინტერესი და პრობლემა. შევქმნათ რაიმე პეტიცია ინტერნეტში, დარწმუნებული ვარ ათასობით ადამიანი მოაწერს ხელს, დავარქვათ "განტვირთეთ საცობები", ან რამე მსგავსი... უბრალოდ, გაუსაძლისია ეს ყველაფერი, სამსახურიდან სახლამდე 40 წუთი, ნერვების მოშლა, გინება და ასე შემდეგ.

 

პეტიცია იქნება მთავრობის სახელზე, მოთხოვნით - შექმნან კომისია, შევიდნენ ამ კომისიაში თბილისის მერია, ინფრასტრუქტურის და შს- სამინისტრო, ექსპერტები და ყველა საჭირო ადამიანი ვისაც შეუძლია მოიფიქროს როგორ განიტვირთოს ქალაქი საცობებისგან.. მოიფიქრონ პროექტები, გამოაცხადონ კონკურსი იდეებზე, ან რამე ამდაგვარი და როგორც უნდათ განტვირთონ ქალაქი. ჩემი აზრით ყველაზე მარტივი რაც შეიძლება უმარტივესად გაკეთდეს არის:

 

1. ავტობუსებს აეკრძალოთ სხვა ზოლებში სიარული და იმოძრავონ მარტო პირველ ზოლში, მარშუტკებსაც დაუწესდეს გაჩერებები. ან მესამე ზოლში გადასვლის შეზღუდვები.

2. ნაგავი გაიტანონ პიკის საათების შემდეგ ან მანამდე.

3. დაწესდეს დიდი ჯარიმები პეკინისნაირ ქუჩებზე არასაპარკინგო ადგილზე გაჩერებისთვის.

4. ტაქსებს დაუწესდეს ლიცენზიები.

ეს არის ის ყველაზე მარტივად გასაკეთებელი საქმე, რაც ოდნავ მაინც შეამცირებს საცობებს ჩემი აზრით, არც ბევრი ფული უნდა ამის გაკეთებას და არაფერი, მხოლოდ კანონებია მისაღები" - წერს „თბილისის ფორუმის" მომხმარებელი.


ის, რომ პრობლემა არ არის ახალი, საზოგადოებითვის არაფერს არ ცვლის და  საზოგადოებას იმავე პრობლემის წინაშე ტოვებს. ეს ყველაფერი კი, წესით და რიგით, ქალაქის ამჟამინდელი მთავრობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად უნდა ქცეულიყო.


საზოგადოების წუხილმა ქალაქის მერიამდეც მიაღწია და მერიაში ქალაქის საცობებისგან განტვირთვის სტრატეგიაზე სამუშაოდ კომისია შეიქმნა.  ამის პარალელურად ქალაქში დასუფთავების მანქანების პიკის საათებში გადაადგილება აიკრძალა. ექსპერიმენტმა, როგორც ჩანს გაამართლა, რადგან, ის დეკემბრიდან დღემდე გრძელდება:


„რამდენიმე თვეა, ცენტრალურ უბნებზე საღამოს 6-დან 8 საათამდე მონიტორინგს ვახორციელბთ და ამ პერიოდში ნარჩენის შემგროვებელი მანქანები არ მოძრაობენ ქუჩებზე.  ინფორმაცია, თუ სად შეინიშნება საცობები პიკის საათებში,  გვაძლევს საპატრულო პოლიცის დეპარტამენტი და ამ ტერიტორიაზე ვახორციელებთ მონიტორინგს."- გვითხრა „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილემ ლევან ჯღარკავამ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფი თითქმის 5 თვის წინ შეიქმნა, მისგან დღემდე არაფერი გვსმენია. ჯგუფის მუშაობის შედეგებით მაშინ დავინტერესდით, როცა ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ  აპრილის თვეში თქვა, რომ საცობების განტვირთვის საკითხზე მომუშავე ჯგუფმა უკვე მნიშვნელოვანი სამუშოები ჩაატარა და მათ ხედვას საზოგადებას მალე გავაცნობთო.


„რეპორტიორი" აღნიშნულ კომისიაში ჩართულ პირს, ეკა ლალიაშვილს დაუკავშირდა. მან გვითხრა:


„თბილისის მერიამ, რამდენიმე თვის წინ, ქალაქის საცობებისგან განმუხტვის საკითხზე სამუშაოდ, სპეციალური კომისია შექმნა. ამ კომისიას უნდა შეემუშავებინა გეგმა, სტრატეგია, როგორ უნდა განტვირთულიყო ქალაქი საცობებისგან. კომისია შეიკრიბა სულ 2-3-ჯერ და რეალური, ხელშესახები რამ, დღემდე არ შეგვიმუშავებია".

 

თუ მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან, დასუფთავების მანქანების პიკის საათებში გადაადგილების აკრძალვამ დადებითად იმუშავა, ამ კუთხით მერიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება - ვგულისხმობ აკრძალვას მანქანების ტროტუარებზე გაჩერებასთან დაკავშირებით.


მერიის მიერ ამ მხრივ გადაგმული ნაბიჯებიდან, ერთ ერთი დუბლინელი ექსპერტების ჩამოყვანაც იყო, რომელთა დასკვნაც იმ ხედვაში უნდა აისახოს, რომელსაც მერია რახანია გვპირდება, რომ გაგვაცნობს.


სანამ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გვპირდებიან, რომ პროლემა მალე აღმოიფხვრება და ამასობაში საზოგადოებას ნერვები აწყდება, არასამთავრობო ორგაიზაციებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ალტერნატიული კომისია შექმნეს,  თავიანთი ხედვა შეიმუშავეს და საზოგადოებას და ქალაქის მთავრობას გააცნეს.


რა გზა მოძებნა მერიის მიერ გადაუწყვეტელი პრობლემის გადასაჭრელად შექმნილმა ალტერნატიულმა კომისიამ? რას თვლიან პირველ რიგში მოსაწესრიგებელ პრობლემად და რა დაუჯდება საცობების განმუხტვა დედაქალაქის ბიჯუეტს?

 

„რეპორტიორს" „ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე ესაუბრა:

 

 

- ჩვენ მიერ შემუშავებული დოკუმენტი არის 50-გვერდიანი და ჰქვია თბილისი „სმარტ-სიტი", რომელსაც წარვადგენთ დაინტერესებული საზოგადოების წინაშე. ეს დოკუმენტი გადაეგზავნა ყველა საჯარო უწყებას და გავრცელდა სხვადასხვა ვებგვერდებზე. ამ სტრატეგიის საქმიანობაში ჩართულები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობენ, ასეთები არიან - „გზებისა და ტრანსპორტის ასოციაცია", ჩვენი ორგანიზაცია, კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა, სადაც 18 ორგანიზაცია ერთიანდება, ასევე, მუშაობდნენ პროფესორები, დამოუკიდებელი ექსპერტები. გავითვალისწინეთ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებაც - როგორ ხდება სხვა ქვეყნებში აღნიშნული პრობლემის მოგვარება - ჰოლანდიაში, გერმანიაში და ა.შ. და ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ დავდეთ ეს შედეგი.


- რა წერია თქვენს დოკუმენტში, რა გამოიკვლიეთ - რა არის უმთავრესი პრობლემები, რაც საცობებს ქმნის?

 

- ესენია: ავტომობილების რაოდენობის ზრდა, ინფრასტრუქტურა, მწყობრიდან გამოსული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დისტრიბუცია, დასუფთავების სამსახური, სპეცტექნიკა, ტაქსები, მეტრო, რომელიც იმდენად ამორტიზებულია, რომ უმეტესობა ტაქსით ან საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას ამჯობინებს, თუ გამოუვალ სიტუაციაში არაა ადამიანი. არის კიდევ სხვა პრობლემებიც, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.


- ქალაქში საცობებისთვის არის რამდენიმე „ცხელი" წერტილი. მაგალითად, პეკინის, კოსტავას ქუჩები, სააკაძის მოედანთან, ლაგუნა-ვერედან აბანოთუბნამდე ჯავახეთის ქუჩა ვარკეთილში და ა.შ. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ადგილების მოწესრიგება?

 

 - ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტებია, უნდა შეიქმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქს განტვირთავს. პირველი და უმნიშვნელოვანესი შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება, იმიტომ, რომ განსაკუთრებით მარცხენა სანაპიროზე პრობლემას წარმოქმნის ის გზა, რომელიც მარცხენა სანაპიროს ყოფს შუაზე და ავტომობილების დამაკავშირებელია რამდენიმე მონაკვეთი. ამ შემთხვევაში რკინიგზის პროექტის დასრულებისა და გადატანის დროს ჩვენ მივიღებთ თავისუფალ სივრცეს, სადაც აუცილებლად უნდა აშენდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, იმის მსგავსი, რომელიც აშენდა ვაკე-საბურთალოზე, ვერეს ხეობაში, ასეთი უნდა აშენდეს მარცხენა სანაპიროზე, თავისი ესტაკადებით, დამაკავშირებელი ხიდებითა და გვირაბებით.


ასევე, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობა უნდა მოეწყოს ორ დონეზე, შუქნიშნებზე უნდა მოეწყოს ორდონიანი დამაკავშირებელი ესტაკადა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისის მოედანზე მოძრაობის მოწყობა ორ დონეზე, გვირაბის საშუალებით მოხდეს, რადგან საცობების გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია აღნიშნული მოედანი. ასევე, აუცილებელია ვერეს ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ ლაგუნასკენ მიმავალ  გვირაბთან. ეს, თავის დროზე, არსებობდა პროექტში. როცა ჩვენ ვერეს ხეობიდან მოვდივართ გმირთა მოედნის მიმართულებით, ხშირად მაგ წერტილშია საცობები, აი, მანდ უნდა გაკეთდეს გვირაბი, სანაპიროზე მიმავალი - ლაგუნას გავლით, რომლის საშუალებითაც გვერდს აუვლიან ავტომობილები გმირთა მოედანს.


ასევე, შემდეგი წერტილია მარშალ გელოვანის მოედანზე, ვეფხვისა და მოყმის ძეგლთან არსებული ტერიტორია. აუცილებელია მისი ორ დონეზე მოწყობა გვირაბის მეშვეობით და მტკვარზე ხიდის მშენებლობა, რომელიც სამტრედიის ქუჩას დააკავშირებს მარშალ გელოვანის ქუჩასთან. ასევე, სააკაძის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალების ორ დონეზე მოწყობაა აუცილებელი, ესტაკადებისა და გვირაბების საშუალებით. ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა მოუწესრიგებელი გზის საფარი, როცა მძღოლები უვლიან გვერდს, ან მოძრაობას ანელებენ, ასეთ დროსაც ფერხდება მოძრაობა და ესეც ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია საცობების.


როგორც ზემოთ აღვნიშნე, საცობების გამომწვევი მიზეზია დასუფთავების სამსახურისა და დისტრიბუციის მუშაობა. დასუფთავების სამსახურმა უნდა იმუშაოს ღამით. შესაბამისად, უნდა დაემატოს ურნები, რომ დღის განმავლობაში გაუძლონ დატვირთვას. რაც შეეხება სადისტრიბუციო მანქანებს, რომლებიც დღის განმავლობაში დგანან ვიწრო ქუჩაში და შეუძლებელი ხდება ავტომობილების მოძრაობა - უნდა დარეგულირდეს მათი გადაადგილებაც და პიკის საათებში მათი გადაადგილება უნდა შეიზღუდოს. იგივე შემიძლია გითხრათ სპეცტექნიკაზე, რომლებიც დღის განმავლობაში მოძრაობს სხვადასხვა ტვირთით.


ასევე, ხშირ შემთხვევაში, ქვეითთათვის არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათი გადაადგილება შესაბამისად ქმნის შეფერხებას ტრანსპორტის გადაადგილებისას. ასევე, შემდეგი პრობლემაა პარკინგი და ინფრასტრუქტურა - უნდა დაემატოს პარკინგისა და მიწისქვეშა გადასასვლელების ადგილები. გასამკაცრებელია საპატრულო პოლიციის როლი და კანონის აღსრულება.


- ესტაკადები, გვირაბები, ხიდი... რა დაუჯდება ეს ყველაფერი ბიუჯეტს, თუ გაქვთ გამოანგარიშებული?

 

 - ჩვენ დაწვრილებით გვაქვს გაწერილი ის პროექტები, რომლებიც შესაძლოა, მილიონებს უკავშირდებოდეს, მაგრამ არ გვაქვს ასე ზედმიწევნით გამოთვლილი, იმიტომ, რომ აუცილებელია ამაზე იმუშაონ არქიტექტორებმა და სამშენებლო კომპანიებმა და დადონ საერთო ღირებულება. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს არსებული ბიუჯეტით ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ამ ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები იყოს.



ამ სტრატეგიის გამოქვეყნების მერე, ორი კვირა გავიდა, თუმცა, მას მერე ქალაქის მთავრობას საკითხზე ხელშესახები არაფერი უთქვამს, გარდა საკრებულოს თავმჯდომარის, გია ალიბეგაშვილის მორიგი დამშვიდებისა, რომ ყველაფერი იქნება კარგად.



გაეცნო თუ არა მერია ზემოთხსენებულ შემუშავებულ სტრატეგიას? რა გეგმები აქვს ქალაქის მერიას ქალაქის ქუჩების საცობისგან განტვირთვისთვის? ამის გასარკვევად  ქალაქის მერიას დავუკავშირდით  და საკითხში გარკვევას შევეცადეთ.

 

ჩვენს კითხვებს ქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა:

 

- მაქვს ინფორმაცია ამ ინიციატივის შესახებ, მზად ვართ რომ გავიზიაროთ, თუმცა  ჩვენ სტრატეგიულად ვუყურებთ ამ საკითხს და გვინდა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტიელბა, რომელსაც მივიღებთ, იყოს გლობალური მიდგომის ნაწილი.  ანუ, საცობების თემა, გამომდინარეობდეს ტრანსპორტის ურბანული გეგმიდან და იყოს მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვყავს ჯგუფი, რომელიც ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება, სადაც ხდება გარკვეული იდეების ფორმირება. ის წინადადება, რომელიც ამ არასამთავრობოებმა მოგვაწოდეს, ამ ჯგუფშიც დამუშავებულია.  მათ კარგად აქვთ დანახული ის საკითხები, რაც თბილისს სჭირდება. 


ჩვენ ძალიან მალე, შემოდგომამდე გვექნება შუალედური დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით არის ჩაშლილი, მათ შორის გულისხმობს საცობების განტვირთვის კონცეფციას. ამ  საკითხის მოგვარებას რამდენიმე გზით ვხედავთ - ერთია ინფრასტრუქტურული პროექტები, მეორე, საკანონმდებლო საკითხებია, რომლებიც დროის მოკლე მონაკვეთში ხელს შეუწყობს ქუჩების განტვირთვას, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც იმ ორგანიზაციებსაც ჰქონდათ წარმოდგენილი, რომელიც გულისხმობდა გარკვეული დანიშნულების ავტომანქანების პიკურ საათებში გადაადგილების შეზღუდვას. ასევე, ცნობირების ამაღლების მიმართულება იქება გამოყოფილი - ფეხით მოსიარულეებზე, მძღოლებზეა საუბარი.


- ჯგუფი, რომელიც საცობების განტვირთვის თემაზე მუშაობს, რამდენად მუშაა? აკრიტიკენენ, ამბობენ, რომ სულ 1-2-ჯერ შეიკრიბა და ხელშესახები არაფერი გაუკეთებია.


- ამ ჯგუფთან სულ 2-ჯერ გვქონდა შეხვედრა.  ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც რეალურად დგას, რა უნდა გაკეთდეს  მოკლე პერიოდში და რა არის უფრო გრძელვადიანი. ჩვენ, ამ საკითხს ვხედავთ უფრო გლობალურად. საცობების მხრივ თბილისში ძალიან კატასტროფული მდგომარეობაც არ არის.



ვიდრე მერია კრიტიკულ სიტუაციაში სიმშვიდეს ინარჩუნებს, არასამთავრობო სექტორი ფორმაშია და ქალაქის მთავრობას  საკითხის მოსაგვარებლად დროს უწესებს.


„თბილისის ბიუჯეტი შედგება გადასახადებისგან, ხალხის ფულისგან. ხალხის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი არის საცობები. 2015 წლის ბიუჯეტში, ნათლად გამოჩნდა, რომ მერიამ არ მიანიჭა პრიორიტეტი  თბილისში სატრანსპორტო მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამიტომ, ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით, თუ ჩვენს რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, მერე კი დავიწყებთ თბილსის მოსახლეობის მობილიზებას. ეს ხალხი პატიოსნად იხდის გადასახადს,  ხელისუფლებისგან კი არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, რომ მათი პრობლემები მოგვარდეს. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ ყველა ცივილიზებულ ხერხს და ვაიძულებთ, რომ თუ ისინი თვითონ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ვაიძულოთ გავაკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელია. დროს ვაძლევთ ზაფხულის ბოლომდე, მერე კი დავანახებთ ხალხის ნებას, ხალხის მოთხოვნას!"-აცხადებენ არსამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაა „საზოგადოებრივ ინიციატივაში".


 

P.S. დაველოდოთ, ვნახოთ რას მივიღებთ შემოდგომაზე. იქნებ საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულებს თბილისი აღარ დაგვხდეს, როგორც საცობების ქალაქი, ანუ იქნებ ჩვენც გვეშველოს რამე.







 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016