reportiori.ge - ლალი მოროშკინა: პრეზიდენტი გუბერნატორი ხდებოდეს, უკვე წარმოუდგენელია! მითუმეტეს უცხო ქვეყნისა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:56
ინტერვიუ
ლალი მოროშკინა: პრეზიდენტი გუბერნატორი ხდებოდეს, უკვე წარმოუდგენელია! მითუმეტეს უცხო ქვეყნისა...
01 ივნისი, 2015. 18:41


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, საქართველოს მიერ ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დაკავებაზე თანხმობა განაცხადა და უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ, უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო.


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებს და თავის თავს მთლიანად სხვა ქვეყანას უძღვნის. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა იმდენად რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული, რომ შეიძლება ითქვას,  თითქმის შეუძლებელია.


საზოგადოებას კარგად ახსოვს მიხეილ სააკაშვილის პათოსი იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობას არაფრის დიდებით არ დათმობდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს საზოგადოებაში და პოლიტიკურ სივრცეში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ტრადიციულად, „ნაციონალური მოძრაობა" გულზე მჯიღს იცემს და თავის ლიდერს გმირად ხატავს, რომელსაც სურს, ოდესის აღორძინებით საქართველო „გადაარჩინოს." მეორე მხარე კი, ექს-პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.


ამ ფაქტს წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან რამდენიმე წამყვანი სახის გასვლა. დადის ხმები, რომ პარტიას სხვა წარმოამდგენლებიც ტოვებენ...


„რეპორტიორი" მიხეილ სააკაშვილის თანასკოლელს, ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელს ლალი მოროშკინას დაუკავშირდა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ესაუბრა:


მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი რომ თქვა, ამაში არაფერია გასაკვირი იმიტომ, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი მანიპულატორია და ყოველთვის მანიპულირებდა სხვადასხვა თემით. მისთვის მთავარია პიარ-აქციები, მასებით მანიპულირება, რითაც მან ცხრა წელი შეინარჩუნა ძალაუფლება. მისთვის სულ ერთი იყო, რეალურად რომელ ქვეყანაში იქნებოდა, ოღონდაც ჰქონოდა სავარძელი და მანიპულაციის საშუალება. შესაბამისად მან ადვილად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, რაც არც ერთ წინა პრეზიდენტს არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტს გარკვეული სიმძიმე და ტრაგიზმი ჰქონდა საქართველოში. ნოე ჟორდანია ურთულეს ვითარებაში იყო, გამსახურდია დევნილი იყო, შევარდნაძესაც საკმაოდ მძიმე პერიოდში მოუხდა ე.წ. სახლში წასვლა, მაგრამ არავის უკადრებია ქვეყნისთვის უკადრებელი. ყოფილი პრეზიდენტები პრეზიდენტებად რჩებიან. მიხეილ სააკაშვილი უკვე ყოფილი პრეზიდენტი კი არ არის, ის არის ოდესის გუბერნატორი. პრეზიდენტი გუბერნატორი ხდებოდეს, უკვე წარმოუდგენელია! მითუმეტეს უცხო ქვეყნისა...


-სააკაშვილმა წარდგენისას ოდესის გეოპოლიტიკურ დანიშნულებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ოდესა მთელი შავი ზღვის აუზის ცენტრად უნდა იქცეს... ამ დროს ბევრს გაახსენდა სააკაშვილის განცხადებები ბათუმის, ფოთისა და ანაკლიის შესახებ...

 

 

-შეგიძლიათ მოიძიოთ მისი სიტყვები, რასაც ლაპარაკობდა ბათუმზე, ბათუმის პორტზე, საქართველოს საპორტო ქალაქზე, შავი ზღვის გამაერთიანებელზე და დღეს ანალოგიურად ლაპარაკობს ოდესაზე. ოდესა არ არის უკრაინა, ეს არის ცალკე კუნძული, ცალკე სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც ცნობილია თავისი იუმორით, გამჭრიახი ადამიანებით. ეს არის ის კუნძული, რომელსაც აღწერდნენ რუსი კლასიკოსები. ძირძველი ებრაელობა ძალიან ლამაზად აქცევდა ყოფით პრობლემებს იუმორად და ვნახეთ კიდეც, თუ როგორ დახვდნენ წითელი ჰალსტუხებით.



მისი გუბერნატორობა ოდესაში, ალბათ, რამდენიმე თვით შემოიფარგლება, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან გამჭრიახი ხალხის კუთხე. იქ აბსოლუტურად დაუმონებელი ადამიანები ცხოვრობენ, თვითმყოფადი იუმორის პატრონები. გამოვრიცხავ, რომ ისინი შეისისხლხორცებენ ისეთ აფიორას, როგორსაც მათ სააკაშვილი მიაწოდებს. აფიორა, იუმორი და სარკაზმი ამ ქალაქში ძალიან კარგად ესმით და შესაბამისად, სააკაშვილის მდარე იუმორი მათთვის მიუღებელი იქნება.  მიხეილ სააკაშვილს ოდესელები ძალიან მალე ისე მოიშორებენ, როგორც უცხო სხეულს...


-არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე პირის გასვლამ გაანაწყენა და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო...

 

 

-სააკაშვილმა ამ ნაბიჯით უარი თქვა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ იმ პარტიაზე, რომელიც მას კბილებით იცავს ამდენი ხანია და უნდა ითქვას, რომ კრახის შემდეგ, რომელიც ბოლო არჩევნებზე განიცადეს, სააკაშვილი მაინც კბილებით ჰყავდათ დაჭერილი და საოცარი, მონოლითური სიმტკიცე გამოიჩინეს თავისი ლიდერის მიმართ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ სექტანტური სიყვარული და დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ გურუმ ისინი გაწირა.


როგორც ჩანს, ჩემი პროგნოზი გამართლდა და ის ოთხეული, რომელიც პირველი გავიდა პარტიიდან, მიხვდა იმას, რომ ამ ადამიანის გვერდში დგომა უკვე შეურაცხმყოფელი იქნებოდა. დაწყებულია პროცესი, როდესაც ისინი სინანულით გაიხსენებნ რაღაცეებს.


„ნაციონალურ მოძრაობას" სინანული რომ გამოეთქვა ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში, ისინი დღეს რეაბილიტირებულნი იქნებოდნენ, მაგრამ დღეს ისინი ასჯერ მეტად არიან დამნაშავეები, რადგან, როდესაც ადამიანი დანაშაულს არ ინანიებს, ის უფრო დამნაშავე ხდება.


დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" აღარ ჰყავს გურუ, სააკაშვილი როგორი  მოღალატეც იყო, ისეთად დარჩა.


მე მისი სკოლელი ვარ და კარგად მახსოვს ის წლები. კლასი შატალოზე წავიდა, ის ერთადერთი დარჩა და დირექტორთან „ჩაუშვა". სკოლაში ეს უღირსი საქციელია და მაგის გამო 12 წლის ბიჭებმა მაშინ ის სასტიკად სცემეს. წლების შემდეგ სააკაშვილმა, როდესაც პრეზიდენტი იყო, სისხლის სამართლის  დანაშაულის ასაკი ჩამოწია 12 წლამდე. ეს არის ღრძო, ბოღმიანი ადამიანი და ბოღმიანი ადამიანი ვერ მოუტანს სიკეთეს და სინათლეს ვერც ერთ ქვეყანას. გული მწყდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ოდესელები ვერ მიიღებენ, ისევე როგორც ვერ მიიღო საქართველომ და უარი უთხრა სააკაშვილსაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც".


-ყველას გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ იგი საქართველოს მოქალაქეობას არაფრის დიდებით არ დათმობდა...

 

 

-სააკაშვილი მსოფლიო დონის ცრუპენტელაა. არასდროს მჯეროდა მისი გულწრფელობის, ისევე, როგორც მისი მართლმადიდებლობის. კარგად გვაქვს ყველას ნანახი,  მახათას მთაზე რა მდგომარეობაში იმყოფებოდა და როგორ იყო გაშხლართული იმ სავარძელზე, სადაც პატრიარქი უნდა დაბრძანებულიყო.


კარგად გვახსოვს მისი „ცრემლები", როდესაც უპოვართა ოჯახებში დადიოდა, როგორ იკვებებოდა თითქოს უპოვართა სასადილოებში და მერე სუფრებს ახვედრებდნენ ხუთვარსკვლავიან რესტორნებში. როგორ იკეთებდა პლასტიკურ ოპერაციებს, მაშინ, როდესაც ცალი თვალიდან კურცხალი გადმოსდიოდა ჯარზე... ეს არის ადამიანი, რომელსაც პრინციპი, გარდა საკუთარი კეთიდღეობისა, საერთოდ არ გააჩნია.


მიხეილ სააკაშვილს ფენიქსივით უნარი აქვს ბოძებული ღმერთის ოპოზიციისგან, თვითაღდგენის საშუალება გააჩნია. მან ახლაც აღიდგინა თავი, მაგრამ გაწირა დიდი გუნდი, რომელიც მას ამდენი ხანია გვერდში ედგა.


-„ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე  წამყვანმა სახემ ცალკე, დამოუკიდებელ პარტიად გასვლა ამჯობინა, მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინაში გადაბარგდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა, „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილ, არშემდგარ პარტიად გამოვაცხადოთ?

 

 

-ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი ფიგურა „ნაციონალურ მოძრაობაში" არის ჭიაბერაშვილი. იმთავითვე ასე იყო, მახსოვს თათბირი დაგებულ გზებზე, კულუარულად გამოვიდა ინფორმაცია, რომ ჭიაბერაშვილს მაშინ, აეროპორტის ტრასაზე სააკაშვილმა პანჩური ამოარტყა. მახსოვს საათების სკანდალი, სადაც ჭიაბერაშვილს „კაცობა" უნდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამოუვიდა. საქართველოში არსებობს ტრადიციები, რომელიც ურყევია. მათ შორის საათის ჩუქება არის ტრადიციული და ვაჟკაცური ჟესტი. ის, რომ მას ვიღაცამ საათი მიართვა და საჯარო გახადა ეს ინფორმაცია და მერე წივილ-კივილით დასდევდნენ ამ ამბავს, ეს იყო სამარცხვინო. ის, რომ გარდა ჭიაბერაშვილისა, დღეს სპიკერი აღარ დარჩათ, უკვე მეტყველებს, რომ ეს პარტია გარდაცვლილია.


მე მიმაჩნდა, რომ ეს პარტია გარდაიცვალა გაცილებით ადრე. ამ ოთხეულის გასვლაც, და მატგან სამი ნამდვილად იყვნენ სპიკერები, ის, რომ პირველები ისინი წამოვიდნენ, უკვე გასაგები იყო, რომ პარტია იშლება.


-რას ფიქრობთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით? რამდენად შესაძლებელია ამ ვითარებაში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და როგორ მიიღებს ამას ქართველი მოსახლეობა?

 

 

-ვთვლი, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის მზად იმისათვის, რომ მარიხუანა დაშვებული იყოს. მაგრამ კანონში შესაძლებელია რამდენიმე ცვლილების შეტანა. თუ ადამიანს აქვს იმდენი, რომ მხოლოდ მისთვის იყოს გამოსადეგარი, ეს შესაძლებელია ისჯებოდეს, მაგრამ არა ციხით. მითუმეტეს, მარიხუანას ჩადება საერთოდ უნდა დასრულდეს.


ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ გასაზრდელია იმისთვის, რომ ისეთ ნივთიერების დეკრიმინალიზაცია ხდებოდეს, რამაც შესაძლებელია, ჩვენი ახალგაზრდობა დაღუპოს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016