ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი" - ახალი ინტერპრეტაციით თუმანიშვილის თეატრში გათამაშდა. „ჰელადოსი" სტუდია „არტ ჰოლის" მოწაფეებმა ითამაშეს. „არტ ჰოლის“ ამ თაობამ უკვე ორი წელია, რაც გაითავისა ჯემალოსა და იანგულის ძმობის მადლი და hellados-ის მნიშვნელობას საოცარი სამსახიობო ოსტატობით აგებინებენ სპექტაკლზე დამსწრე საზოგადოებას და უმეტესწილად, საკუთარ თაობასა და ბავშვებს... ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები გოგა პიპინაშვილმა ერთ სპექტაკლად გააერთიანა და მაყურებლის სამსჯავროზე ასე წარადგინა, თუმცა პირველად პრემიერა რვა წლის წინ, 2007 წლის 1 ივნისს შედგა...
„ჰელადოსი" თეატრისა და კინოხელოვნების სინთეზით შესრულდა, სპექტაკლში მოქმედება სცენასთან ერთად ეკრანზეც ვითარდება. მუსიკალური კომპოზიციები, რომლებიც სპექტაკლში შესრულდა, რომა რცხილაძეს და ვაჟა აზარაშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. გენიალური მსახიობების: გოგა პიპინაშვილისა და ნანა შონიას შესრულებითა და პატარა მსახიობების სამსახიობო ოსტატობით აღფრთოვანებულმა მაყურებელმა ემოციები ვერ დამალა. შეგახსენებთ, - თეატრალური წარმოდგენა თავდაპირველად 2007 წელს დაიდგა და დღემდე მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს.