მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს წითელი ცირკულარით ძებნა მოუხსნეს, `ალიას~ არაერთ ნომერში ვწერდით, რომ შემდეგი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი, ანუ მოგვიანებით შეწყვეტდნენ მის ექსტრადიციაზე ფიქრს. ამერიკის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი მიდის სოლოლაკის შუშის სასახლეში, ბიძინა ივანიშვილს თანამდებობიდან ახსნევინებს თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, მის ადგილზე ანიშვნინებს თინა ხიდაშელს, სიტყვას უგდებს მიხეილ სააკაშვილის ძებნის შეწყვეტის თაობაზეც და დიღმის „პენტაგონში" ბრუნდება დამშვიდებული. ამის შემდეგ სახელისუფლებო კულუარებში იწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება შეწყდეს სააკაშვილის სამართლებრივი დევნა. თუმცა მოვლენები ისე წაეწყო ერთმანეთს, ბევრი ფიქრი და ტვინის ჭყლეტაც არ არის საჭირო... ამ დღეებში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინაში ჩავიდა და ღიად შეხვდა სააკაშვილის „სასტავს", კერძოდ, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გია გეწაძეს. გადის კიდევ რამდენიმე დღე, მიხეილ სააკაშვილს ნიშნავენ ოდესის გუბერნატორად და თეა წულუკიანი აკეთებს ასეთ განცხადებას: „ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ ავთენტური დამოწმებული ასლი პრეზიდენტ პოროშენკოს აქტისა, რის საფუძველზეც დაიწყება მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, რადგან ფორმალურად სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა. სააკაშვილის ოდესაში გადაყვანა ნიშნავსიმას, რომ ის მოარიდეს კიევს. რაკი სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, სამართლებრივად მისი საქართველოში ექსტრადირების შანსი მთლიანად ამოწურულია".
ესე იგი, ნებისმიერს შეუძლია საქართველოში მძიმე დანაშაული ჩაიდინოს, რომელიმე ქვეყანაში გაიქცეს, მოქალაქეობა მიიღოს და მორჩა, შერჩება ყველაფერი? ყოველ შემთხვევაში, ასე გამოდის წულუკიანისა და ამ ხელისუფლების დავთრების მიხედვით. რაკი ასეა, მაშინ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ უნდა შეუწყვიტონ და ვერც ძებნა შეწყდება. ამ მეთოდით თუ გავაგრძელებთ ცხოვრებას, მაშინ ვერც ბიძინა ივანიშვილს მოედავება ვინმე... მაგალითად, მან თავისი მდგომარეობის გამოყენებით გააკეთა კიდევ მილიარდები და შემდეგ წავიდა საფრანგეთში, რომლის მოქალაქეც ამჟამად გახლავთ, როგორ ფიქრობთ, საფრანგეთის მოქალაქის ექსტრადირებას ვინმე შეძლებს საქართველოში? რა თქმა უნდა, ვერავინ შეძლებს! თეა წულუკიანმა ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილზე ძებნა უნდა შეწყდეს და ამიტომაც გვეღადავება: „მოქალაქეობა სააკაშვილს ფორმალურად ქაღალდზე ჯერ კიდევ აქვს, თუმცა მან შეიძინა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა... მე არ ჩავვარდებოდი ცაიტნოტში, იმიტომ, რომ ყველა ბერკეტი სააკაშვილმა მოგვცა ხელში. ბურთი ჩვენს მოედანზეა და ახლა ჩვენ შეგვიძლია, წყნარად, დინჯად გადავწყვიტოთ, როდის შევუწყვეტთ მას მოქალაქეობას. დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით... ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა გვინდა, მაშინ მივიღოთ".
ესე იგი, ეკიდოს ეს პრობლემა სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით, როცა გვინდა, მაშინ წავართმევთ საქართველოს მოქალაქეობასო. უკაცრავად, ქალბატონო თეა, მაგრამ რიჩარდ ნორლანდმა რომ თქვას, მოქალაქეობა ჩამოართვით და ძებნა შეწყვიტეთო, რას იზამთ, არ დაემორჩილებით? რა თქმა უნდა, სულ ღიღინით განაცხადებთ თანხმობას. დაუკვირდით, რას ამბობს უკვე გაგუბერნატორებული მიხეილ სააკაშვილი: „თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის, როცა მე დავბრუნდები საქართველოში და ეს მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ხალხი გააუქმებინებს მათ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ჩემზე აღძრეს, ასევე, გააუქმებინებს ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა ჩამოვიდა და გახდა საქართველოს ლიდერი, ივანიშვილი არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა დარბოდა და ატარებდა საარჩევნო კამპანიას და გახდა საქართველოს ლიდერი. ასე რომ, ეს მოქალაქეობა არავისთვის არ ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება? მაგრამ მეორეა, რას ნიშნავს დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა? საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ნიშნავს მატროსოვის 6 კვადრატულ მეტრ საკანში ჯდომას ჩემს მეგობრებთან ერთად".
ახლა ვნახოთ, რას აცხადებს დღევანდელი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი: „საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები, ასეთი არის, მაგალითად, მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს ნაბიჯი".
როგორც ხედავთ, არც მიხეილ სააკაშვილი თვლის თავს ძებნილად და არც გიორგი მარგველაშვილი თვლის მას დამნაშავედ. მეტიც, ყოფილ პრეზიდენტს ფეხებზე ჰკიდია საქართველოს მოქალაქეობა და იხსენებს არა მხოლოდ შევარდნაძეს, არამედ ივანიშვილსაც, არავისთვის ეს პრობლემა არ ყოფილა, რაღა ჩემთვის იქნებაო? მოკლედ, ბალი ათი შაურია, მთავარია გარიგება და არა კანონი და სამართალი.
რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? რა შეეშალა თეა წულუკიანს?
„ალიას" ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრება:
- რასთან გვაქვს საქმე? ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება, წულუკიანი ასეთ რამეს საკუთარი ინიციატივით ვერ იტყვის. რას ჰქვია, ექსტრადაცია შეწყდება?
- მსგავსი კანონი ბუნებაში არ არსებობს. რაკი სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, უნდა შევეშვათ? ამას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, არსებობს ტერიტორიული პრინციპი, თუ ადამიანმა თავის ქვეყანაში ჩაიდინა დანაშაული, ის უნდა გადაეცეს იმავე ქვეყანას და გასამართლდეს შესაბამისი კანონმდებლობით. ასეთი განცხადებები რომ გაეკეთებინათ პოლიტიკოსებს, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ამას აკეთებს იურისტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა, კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი არის სამართლებრივი ნონსენსი. ჩემი აზრით, აქ არსებობს გარკვეული შეთანხმება, გარიგება, მორიგება საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს შორის. ცოტა ძნელი სათქმელია, სააკაშვილმა რის სანაცვლოდ უნდა მიიღოს საქართველოდან „თავისუფლება", მაგრამ საქმე რომ აქეთ მიჰყავთ, ეს აშკარად ჩანს.
- სააკაშვილი ტოვებს მოქალაქეობას, მისთვის ეს მატროსოვის ციხეში ჯდომის ტოლფასია, ამის შემდეგ ვეღარ მიიღებს საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობას და ამის სანაცვლოდ უქმდება ძებნა. არის ეს ვერსია სინამდვილესთან ახლოს?
- კი, ეს ვერსია ახლოსაა სინამდვილესთან, მაგრამ აქ ერთი რამეცაა, სააკაშვილი ვერ ჩერდება, ვერ ისვენებს და თავისი მოღვაწეობით უახლოვდება ერთერთიმ ფიგურას, რომელიც ზვიად გამსახურდიას დროს გვეძახდა, მოგელანდებითო. სააკაშვილიც ჩაგვჩიჩინებს, მოგელანდებითო, მაგრამ რამდენად გავა ფონს ეს ავანტიურისტი, სხვა საქმეა. მე მაინც მგონია, მიშა იმიტომ გაგზავნეს ოდესაში, რომ საბოლოოდ გაწირეს, მას უფრო დიდ სიბინძურეში ჩაითრევენ და, ალბათ, ფსიქიატრიულში დაამთავრებს სიცოცხლეს. ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ თამაშში ქართული მხრიდან ჩაჰყვნენ და როგორც ვთქვი, ამ ადამიანმა ტრაგიკულად დაამთავროს.
აქ მე არ ვლაპარაკობ სამართლებრივ პროცესებზე. ალბათ, ეს ინტერვიუ შეინახება და როცა სააკაშვილს საბოლოოდ დაასამარებენ ოდესაში, მერე ამოიღეთ და საზოგადოებას შეახსენეთ. სააკაშვილისთვის ყველაზე უკეთესი იქნებოდა, დაბრუნებულიყო საქართველოში და ჩამჯდარიყო ციხეში, ასე უფრო გადარჩებოდა ფიზიკურად.
- ანუ შესაძლებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დათმოს და საერთოდ გაუშვას სააკაშვილი პოლიტიკურ მოუსავლეთში?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია... თუ დღევანდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა, ეს სამართლებრივი კუთხით არის შეცდომა და როგორც სააკაშვილის გასამართლების საკითხი დადგა, ასევე, დადგება იმ ადამიანის გასამართლების საკითხი, ვინც მას ხელს დააფარებს. ჩვენ ამ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ ლაპარაკი იმ ხელისუფლების წარმომადგენლებზე თუ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არსებობს კანონი, ნება იბოძოს ყველამ და დაემორ ჩილოს.
ასეთი გარიგებები თუ თამაშები ძალიან უარყოფითად აისახება 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის". ვიმეორებ, შეიძლება მე მიხაროდეს კიდეც, რომ მიშა აღარ იქნება საქართველოს მოქალაქე, იქნებ დაგვასვენოს, მაგრამ, თუ ამ ყველაფრის საფუძველი გარიგებაა, ძალიან არ მომწონს. პირველი - ამას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს, მეორე - თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაშინ არ გამოხატავს ხალხის ნებას.
ნუ დაგვავიწყდება ერთი რამეც, გიორგი მარგველაშვილს აქვს უფლება, სააკაშვილს დაუტოვოს საქართველოს მოქალაქეობა. ახლა ის ორ წყალს შუაა, დაუტოვებს? ძებნა შეიძლება აღარ შეწყვიტოს მთავრობამ, ასე გამოდის წულუკიანის თქმით. ჩამოართმევს? როგორც თვითონ ამბობს, ეს სახელმწიფოს შეურაცხყოფას ნიშნავს, თურმე სააკაშვილს ძალიან ცუდი რამე ჩაუდენია უკრაინის მოქალაქეობის მიღებით. თუ ამ გზას გაჰყვება, მარგველაშვილი ქულებს ვერ დაიწერს, რაც აქვს, ისიც ჩამოეწერება. თუ მარგველაშვილი დაუტოვებს, მაშინ სხვა ქართველებსაც გაუჩნდებათ პრეტენზია, რომლებიც უცხოეთში არიან, სხვა ქვეყნების მოქალაქეობა მიიღეს და საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ვერ გავიგე, სააკაშვილი წითელი კოჭია? მოკლედ, ძალიან რთული თემაა.
სხვათა შორის, ბოლო სიტყვა მაინც მარგველაშვილმა უნდა თქვას და მართლა ვერ გავიგე, რა განცხადებებს აკეთებს წულუკიანი? ყველას ვურჩევ, დაემორჩილოს კანონს, რომელი ქვეყნის მოქალაქეობაც არ უნდა მიიღოს სააკაშვილმა, ეს არავის აძლევს უფლებას, ბრალდებები გაუუქმოს. ამით იქმნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, მაშინ რას ვერჩით სხვებს, ყველას ვაპატიოთ დანაშაული, ვინც რომელიმე ქვეყანას შეაფარებს თავს?
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"