როგორც მოგეხსენებათ, ბაქოს „ინტერი" დატოვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და კლუბის ხელმძღვანელობა მისი შემცვლელის ძიებაშია.
აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას, კლუბის პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა აღნიშნული თანამდებობის დაკავება კვლავ ქართველებს შესთავაზა. ამჯერად წინადადებით ზაურ სვანაძესა და გიორგი ჩიხრაძეს მიმართეს. პირველი „ინტერში" ცხადაძის ასისტენტი იყო, ხოლო მეორე ზაქათალის „სიმურგს" თავკაცობდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სვანაძე, ჩიხრაძე კი, უკვე გარკვეულია, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში ცხადაძის თანაშემწედ იმუშავებს.
გეორგი ნიკოლოვის თქმით, თუ ქართველი სპეციალისტებისგან უარს მიიღებს, ანალოგიური წინადადებით აზერბაიჯანელ სპეციალისტს მიმართავს, თუმცა სახელი და გვარი ჯერჯერობით არ ხმაურდება.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პირველობაზე „ინტერმა" მეორე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც, ბაქოს „ინტერის" ღირსების დამცველმა ქართველმა ლეგიონერებმა კლუბი ცხადაძესთან ერთად დატოვეს.