ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაბინძურებულია. სანაპირო ზოლის ამ ნაწილში შავ ზღვას მდინარე ენგური უერთდება. როგორც TSpress-თან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, როცა რამდენიმე დღე წვიმს, სანაპიროს ზოლზე ყოველთვის ასეთი მდგომარეობაა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მდინარე ენგურში ჩაედინება მდინარე ჩხოუში, სადაც ქალაქის ნაგავი იყრის თავს ეს ყველაფერი კი მდინარე ენგურით შავ ზღვაში ჩადის. ზღვა კი ყველაფერს ნაპირზე რიყავს.
„ასეთი მდგომარეობა მხოლოდ ანაკლიაშია. ხიდს იქით, ანუ განმუხურში სანაპირო ზოლზე სისუფთავეა. ეს ენგურისა და მდინარე ჩხოუშის დამსახურებაა. თუმცა ჩვენი სამსახურები სანაპირო ზოლს ინტენსიურად ასუფთავებენ, გუშინ უკვე მიმდინარეობდა დიდი მანქანებით ნაპირის დასუფთავება", - აცხადებენ გამგეობაში.
ანაკლია- განმუხურის საზღვაო კომპლექსი 2011 წლის აგვისტოში ზარ-ზეიმით გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც პრეზედენტმა გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა, ანაკლია „შავიზღვისპირეთის შარმ-ელ-შეიხი" გახდებოდა.