reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: გულდასაწყვეტია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:17
ინტერვიუ
რამაზ საყვარელიძე: გულდასაწყვეტია!
04 ივნისი, 2015. 18:04


საქართველოში მოღვაწე 15-მა აქტიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებაშიქართული ოცნების" ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. ეს სფეროებია: სახელმწიფო მართვის სისტემა და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობა, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, მართლმსაჯულება, საარჩევნო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის უფლებები და თანასწორობა, ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო, საგარეო პოლიტიკა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ღია მმართველობა, მედია, მიგრაცია და კულტურული მემკვიდრეობა. ანგარიშის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებით, საანგარიშო პერიოდში თითოეული სფეროს მიხედვით იკვეთება როგორც მიღწევები, ისე - გამოწვევები.

 

ანგარიშის ცალკეული თავები მოამზადეს ისეთმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორიცააადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), იდენტობა", ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონსტიტუციის 42- მუხლი, მრავალეროვანი საქართველო (PMMG), მწვანე ალტერნატივა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CEDA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო".

 

რა ფარულ მიზნებს ემსახურება ჩამოთვლილი ორგანიზაციების ასეთი თავგამოდება და რას გვაძლევს მართველი პოლიტიკური ძალის ორწლიანი მმართველობის შეფასება?

 

რეპორტიორს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა:

 

 

 


- საზოგადოების ნებისმიერი აქტივობა კარგია, მითუმეტეს, თუ ის ხელისუფლების შეფასებისკენაა მიმართული. ანუ ფაქტი, რომ ასეთი ანგარიში მომზადდა, უდავოდ მისასალმებელია. დასავლეთი არასამთავრობო სექტორს იმიტომ ეპყრობა დიდი ყურადღებით, რომ ეს სექტორი არის საზოგადოების აქტიური ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით.


რაც შეეხება დოკუმენტის არგუმენტაციას, სტილს - ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის სტილია ასეთი - ყოველთვის ამოდიან ოფიცალური დოკუმენტებიდან - იყენებენ წლიურ ანგარიშებს, სტატისტიკას... და ასე ხდება ვითარების შეფასება.  ამ ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დოკუმენტებში მსჯელობენ გამოწვევებზე და რეკომენდაციებსაც იძლევიან.  მეცნიერულ ანალიზს შეჩვეული ადამიანი ვარ და აღწერას ახნა მოსდევს ხოლმე და ამ ახსნას კი - რეკომენდაცია. ჰოდა, რიგ შემთხვევებში მეჩვენება, რომ ახსნილი არ არის პრობლემები, მით უმეტეს პოლიტიკურ ნაწილებში. ზედაპირულია და ეს, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ღიმილისმომგვრელია.


- რას გულისხმობთ, რა არ არის ახსნილი?

 

- მაგალითად - ამბობენ, რომ პარლამენტი ვერ ასრულებს მაკონტროლებელ ფუქციებს. ამის პარალელურად, ბევრ პოზიტიურ რამეზე საუბრობენ. როგორ შეიძლება, პარლამენტმა სრულფასოვნად შეასრულოს მაკონტროლებელი ფუნქცია, როცა საპარლამენტო რესპუბლიკასთან გვაქვს საქმე? საპარლამენტო უმრავლესობამ ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტი და ახლა ვინმეს უნდა, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული მინიტრთა კაბინეტის მიმართ იყოს კრიტიკული?! ვერ იქნება პარლამენტი მთავრობის სრულფასოვანი მაკონტროლებელი, ალოგიკურია, ღიმილისმომგვრელი, დაუფიქრებელი შეფასებაა. რომ ეცადათ ახსნა,  დაფიქრებულიყვნენ, კონსტიტუციაშივე ნახავდნენ ამ ყველაფრის საფუძველს და მიხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი არ არის პოლიტიკოსების ცუდი ან კარგი მუშაობის შედეგი.


პოლიტიკურ ასპექტში ტენდენციურები არიან, როცა ამბობენ, რომ პროკურატურა არ არის დაცული პოლიტიკური გავლენებისგან. ამ საზოგადოების წევრები არ არიან? არ იციან, ხალხი რატომაა უკმაყოფილო? იმიტომ, რომ პროკურატურა განიცდის „ნაციონალური მოძრაობის" გავლენას, რის გამოც ვერ მოხდა დღემდე „ნაციონალების" დროს ჩადენილი საქმეების  გამოძიება და სამართლიანობის აღდგენის ხელშეწყობა.


შემდეგი - ამ ანგარიშში არსად არ არის ნახსენები სამართლიანობის აღდგენა. ამხელა დოკუმენტში, ის, რასაც საზოგადოება საყვედურობს ხელისუფლებას, ნახსენები არ არის და ამბობენ, ხელისუფლების გავლენისგან არის  დასაცავი სასამართლო და პროკურატურაო. ეს ხომ არის „ნაციონალებისთვის" დაწერილი ანგარიში.  ეს ხომ ის დასკვნაა, რომელსაც ძალიან მალე „ნაციონალები" ააფრიალებენ უცხოელებთან. არასად არ არის ნახსენები ის დანაშაულები, ის გარემო, რაც ამ ხელისუფლებამ მიიღო მემკვიდრეობით. იმ გარემოებაზე არსად არ არის საუბარი, სადაც პრეზიდენტი სირთულეების შემცველ ნაბიჯებს დგამდა.


არადა, გვახსოვს, რომ საია-ც და ფონდი „ღია საზოგადეობა - საქართველოც", თავის დროზე „ნაციონალების" შეცდომებზე გაბედულად საუბრობდნენ, თუმცა, ისე გაბედულადაც ვერა, როგორც ახლა. სიმართლე გითხრათ, არც მქონდა მოლოდინი, რომ მათ მიერ დამუშავებულ დოკუმენტში რაიმე პოლიტიკური ასიმეტრია იქნებოდა. მე მეგონა, რომ პოლიტიკურად ბევრად დაბალანსებულ დოკუმენტს წარმოადგენდნენ.


- რა იყო ამ დოკუმენტის მომზადების ქვემიზანი, რას ფიქრობთ? რა თქვეს ამით?

 

- ეს ორგანიზაციები საუბრობენ მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე ხელისუფლების მხრიდან, რაც მათზე ზეწოლად შესაძლოა იყოს აღქმული.  არ იციან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რა შეიძლება იყოს ზეწოლად აღქმული? ზეწოლა იყო მედიასაშუალებებში ავტომატებით შევარდნა და ჟურნალისტების იატაკზე დაყრა. აი, ეს იყო ზეწოლა, მაგრამ საჯარო კრიტიკა არაა ზეწოლა. ასეთი შეფასება ხელისუფლების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა. ვერ გავიგე, რისთვისა გაკეთებული ეს დოკუმენტი. თუ იმისთვის გაკეთდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მორიგი არგუმენტი მიეცეს ხელისუფლების კრიტიკის დროს უცხოელებთან - გულდასაწყვეტია. თუ იმისთვის გაკეთდა, რომ ხელისუფლებას დაეხმარონ პრობლემების გადაწყვეტაში, მაშინ პოლიტიკურ სიღრმეებში უნდა ჩასულიყვნენ. პრობლემების უმეტესობა მოდის კონსტიტუციიდან და ეს არსად არ არის აღნიშნული.


ამ დოკუმენტში, ასევე, ის საკითხები, რაც ისედაც მწვავედ დგას, კიდევ უფრო გამწვავებულია, მაგალითად, პრეზიდეტის, როგორც დამბალანსებლის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ეს ხომ ცეცხლზე ნავთის დასხმაა ისედაც გამწვავებულ ურთიერთობაში? თუ ხელისუფლების დახმარება გინდა, მაშინ, ყველას ერთიანად დაეხმარე და სცადე, რომ პრობლემები კი არ გამწვავდეს, მოიხსნას. რაც შეეხება მიზანს, აბა რა გითხრათ - აიღეს გრანტი, იმუშავეს  და დადეს შედეგი.


- კარგი, დაიდო ეს შეფასება, მერე?

 

- რა ვიცი, ალბათ, კიდევ ერთი გრანტია საჭირო ამ შეფასების შესაფასებლად. ვინ გამოყოფს ამ გრანტს, არ ვიცი. თუმცა, ხელისუფლება უნდა გაეცნოს. თვითონ დოკუმენტის ინტონაცია ასეთია - ხელისუფლებას ეუბნება, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო მოცემული რეკომენდაციებიო. ესაა ღიმილისმომგვრელი. იმ ამბიციითაა ნათქვამი, რომ მათ უკეთ იციან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. არადა, დოკუმეტი არ არის ამ ამბიციის შესაბამისი. ანუ ხელისუფლება უნდა გაეცნოს, მაგარამ ავტომატურად არ უნდა გაითვალისწიოს.  თუმცა, რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ბუნების და კულტურის სფეროს საკითხებს, შრომით უფლებებს... ამ საკითხებზე თუ დაფიქრდება, კარგი იქნება. ამ ყველაფრის შედეგი რა არის? არაფერი -  გრანტი აიღეს, გული მოიფხანეს და დამთავრდა.




რატომ არ მოხვდა  ანგარიშში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები? ამ კითხვაზე პასუხის მიღებას საია-ში შევეცადეთ. მიუხედავად სატელეფონო ზარებისა და სმს შეტყობინებებისა, ანი ნაცვლიშვილმა ჩვენს კითხვას არ უპასუხა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016