ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ასევე ე.წ. ისლამური სახელმწიფოდან წამოსული საფრთხეების შესახებ „რეპორტიორს" „სახალხო კრების" წევრი ირაკლი ბათიაშვილი ესაუბრა:
- ის, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეყრდნობა ძალიან სანდო და სერიოზულ ინფორმაციებს და ასევე შეიცავს ლოგიკურ ანალიზსაც. მინდა, ეს ინფორმაცია გავასაჯაროო და მივიყვანო ხელისუფლების ყურამდე, რათა სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს და რეაგირება მოახდინონ მასზე.
ბოლო პერიოდში ისლამურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ საგრძნობ წარმატებას მიაღწია, რაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი განგაშის მიზეზი გახდა. ბოლო სამხედრო მოქმედებების შედეგად ისინი პრაქტიკულად აკონტროლებენ ნახევარ სირიას, ერაყის ერთ მესამედს და აგრძელებენ შემდგომ წინსვლას. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგები დღითი დღე ივსება ახალი ნაკადით ევროპის ქვეყნებიდან. მათ ხელში ჩაუვარდათ უზარმაზარი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, აქვთ საკმაოდ დიდი ფულადი რესურსები. ამასთან ერთად მათ დაიწყეს თანმიმდევრული შეღწევის პროცესი ავღანეთში და უახლოესი სამიზნე მათთვის არის ცენტრალური აზიის ქვეყნები: თურქმენეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და საგანგაშო უნდა იყოს ის ვითარება, რომ მათ უახლოეს გეგმაში შედის კავკასიაში შემოღწევა, შემოღწევა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომ უკვე ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე. საკმაო რაოდენობით კავკასიელები იბრძვიან მათ რიგებში და ამის კონტროლს ჯერჯერობით ვერ ახერხებს ხელისუფლება. მათი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც შედის ლიდერთა ხუთეულში, გახლავთ ქართველი თარხან ბათირაშვილი. ეს ყველაფერი თავისთავად, გარკვეულწილად ხელშემწყობი ფაქტორია მათთვის.
ჩვენი სახელმწიფოს წინაშე და უშიშროების წინაშე დგას გადაუდებელი ამოცანა, რომ დროულად მიიღონ პრევენციული ზომები, ჩაატარონ სერიოზული სამუშაო და ძირშივე აღიკვეთოს ეს მოსალოდნელი საფრთხე. დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ, როგორც ასეთი, უშიშროება ჩვენ არ გვყავს. ჩვენს სახელმწიფოში ახლა დგება საკითხი, რომ შეიქმნას უშიშროების სამსახური. ამის სტრუქტურულ და საკადრო რეორგანიზაციას სჭირდება ძალიან დიდი დრო. ამის შემდეგ უნდა დაიქოქოს ეს მანქანა და ამუშავდეს მთელი ოპერატიული და ანალიტიკური მექანიზმი. ანუ, რეალურად, ჩვენ ამ უდიდეს საფრთხეს ვხვდებით უშიშროების სისტემის გარეშე. ეს არის ძალიან სავალალო მდგომარეობა. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არნახული რამ და აღკვეთოს ეს პროცესი ძირშივე, რათა ხვალ ამან არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი. დღეს მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების სპექტრმა უნდა გააცნობიეროს ამ საფრთხის არსებობა და ხელისუფლებას ყოველდღიურად შეახსენოს ეს.
- ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნაზე რა აზრის ხართ და როგორ გესახებათ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ამის შემდეგ?
- მიუხედავად სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნისა, მიმაჩნია, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს. აბა, ახლა დიპლომატიურ კავშირს ხომ არ გაწყვეტს ჩვენი ქვეყანა უკრაინასთან. თვითონ ქვეყანა უკრაინა და ხალხი ნამდვილად ჩვენი მოძმეები არიან, უბრალოდ, მათი ხელისუფლების მხრიდან დაშვებული იყო სერიოზული შეცდომა. ეს იყო სილის გაწვნა ჩვენთვის, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისათვის. მათ მოახდინეს დღევანდელი ხელისუფლების აბსოლუტური იგნორირება. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების ბრალიცაა. როგორც ადამიანმა არ უნდა დააყენოს თავისი პრესტიჟის და ღირსების საქმე ისე, რომ ასე ადვილად გააწნან სილა და იგნორირება გაუკეთონ მის ინტერესებს, ისე არ უნდა გაუბედონ ხელისუფლებასაც.
მეორე მხრივ, ვფიქრობ, შესაძლოა, ხვალ სააკაშვილის სახით უკრაინელ ხალხს სერიოზული პრობლემა შეექმნას. ოდესა არის დღეს ნომერ პირველი სტრატეგიული მნიშვნელობის პრობლემატური ქალაქი და რეგიონი. რუსეთის მთელი ყურადღება დღეს უკვე გადასულია ოდესისკენ. მთელი იმპორტი უკრაინაში შედის ოდესიდან. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ოდესაში ასევე არის სერიოზული პრორუსული განწყობილება. გასაგებია, რომ პოროშენკოს ხელისუფლებას შიში აქვს ოდესის მიმართ. ამიტომ, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ იქ სჭირდებათ რკინის ხელი, რომელიც სახალხო მღელვარებისა და წინააღმდეგობის ჩახშობაში გამოცდილია. პრობლემა არის ის, რომ ხვალ შეიძლება სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა გახდეს ოდესაში დესტაბილიზაციის სერიოზული ფაქტორი და სააკაშვილი გახდეს ოდესელების სახალხო მღელვარების მთავარი მიზეზი. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო დიდი შეცდომა უკრაინის მხრიდან.
მეორე მხრივ გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ სააკაშვილის ხელში აღმოჩნდება სერიოზული ბერკეტები და რესურსები. ყველამ იცის, რომ სააკაშვილს კონტროლი აქვს დამყარებული იქ მოქმედ შეიარაღებულ ქართულ დანაყოფზე. იქ არის დაახლოებით 300 სამხედრო. სააკაშვილს ასევე ძალიან სერიოზული ურთიერთობები აქვს მთელ რიგ უკრაინულ შეიარაღებულ ფორმირებებთან. სააკაშვილი ემზადება საქართველოში სერიოზული არეულობისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად. ფულადი რესურსები მას აქვს. უბრალოდ, მას არ გააჩნია ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ კრიტიკულად განწყობილი გარკვეული მასის, თუნდაც 15 000 კაცი, შეგროვების უნარი გააჩნია. ამიტომ სააკაშვილი ემზადება სამოქალაქო ომისთვის. ჯერ კიდევ არ იცის, რამდენად შეძლებს ამას, მაგრამ სურვილი აქვს. შესაძლოა, იქამდე სრულად დაეშალოს „ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ მას სამოქალაქო ომის სურვილი ნამდვილად გააჩნია. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ამაზე და იმუშაოს სათანადო მიმართულებით, რათა ქვეყანაში აიცილოს დესტაბილიზაცია.