„უპრეცედენტო მასშტაბის საჩუქარი!"- ასე ეხმიანებიან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი, „არსენალის მთა ღამით," მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა.
თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდიან.
„დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის ცნობილი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით" საჩუქრად გადაეცემა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის შემოწირულობა ჩვენი დაწესებულებისათვის, კერძოდ კი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისათვის, რომელიც ფლობს ნიკო ფიროსმანისყველაზე დიდ კოლექციას. ამ კოლექციის შექმნას საფუძველი დაუდეს ისეთმა დიდმა მოამაგეებმა, როგორებიც იყვნენ დიმიტრი შევარდნაძე და ძმები ზდანევიჩები.
„არსენალის მთა ღამით" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულობაა მუზეუმისათვის.
მუზეუმის ყველა თანამშრომელი, კულტურული მემკვიდრეობის მცველები გულითად მადლიერებას გამოხატავენ ამის გამო."- აღნიშნულია განცხადებაში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)