„წინასაარჩევნოდ ტარიფების დაწევაზე საუბრობდით, თუმცა, რეალურად გადასახადები არ შემცირებულა..." - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურისტი გედევან ფოფხაძე „რეპორტიორის" ამ შეკითხვას ამგვარად პასუხობს:
„კომუნალური გადასახადების თემა რთული საკითხია, ეს მარტო სახელმწიფოს რეგულაციაში არ არის. რეალურად კომუნალურ მომსახურებას ახორციელებენ კერძო მეწარმეები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო სუბიექტები. მათ შეუძლიათ, სამართლებრივად დაიცვან ის განაკვეთები, რომელიც უკვე დადგენილია მარეგულირებელი კომპანიის მიერ. გარკვეული მონოპოლია კომუნალურ გადასახადებზე არსებობს და ამას ჩვენ ვერ გავაუქმებთ, რადგან არის ერთი კომპანია, რომელიც აწვდის ელექტროენერგიას მოსახლეობას. სწორედ ამიტომ არის საჭირო ტარიფის დადგენის პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობა. ვალუტის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით, იმას მაინც ვახერხებთ, რომ კომუნალური გადასახადების ფასმა არ აიწიოს და ეს დავარეგულიროთ. ჩვენ კარგად გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობა" როგორ ზრდიდა ფასებს. ძალიან იოლია ფასის გაზრდა, თუ საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებ და გინდა, უფრო მეტი წაართვა მოსახლეობას. შემცირება გაცილებით რთულია, რადგან პირდაპირ ეჯახები კომერციულ სტრუქტურებს", - აცხადებს ფოფხაძე.