საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებსა და აქცენტებს ეხმაურება და საკუთარ პოზიციას „რეპორტიორთან" საუბარში აფიქსირებს:
- დროში მართლაც გაიწელა სამართლიანობის აღდგენის პროცესი. თუმცა, პროცესი დაწყებულია და ეს მისასალმებელია. როგორც პროკურატურა აცხადებს, რამდენიმე შედეგი უკვე დადგა. თუმცა ეს იმდენად რთული საკითხია, რომ ერთი ხელის მოსმით სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელია. ჩვენ თავიდანვე დავეთანხმეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ რევოლუციური გზით არ მივდივართ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პროცესი იქნება გაწელილი, მაგრამ იქნება სამართლიანი და საბოლოო შედეგი დადგება. ვეთანხმები ბატონ ბიძინას, რომ სრულყოფილად სამართლიანობის აღდგენა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, არათუ საქართველოში. ასე რომ, რაღაცა დარჩება, ზოგი ობიექტური და ზოგიც სუბიექტური მიზეზის გამო. მაგრამ ვეცდებით, რომ სუბიექტური მიზეზები მთლიანად აღმოიფხვრას.
- რაც შეეხება საარჩევნო სისტემაში არსებულ ხარვეზებს, ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- პრობლემები ნამდვილად არის საარჩევნო სისტემაში. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა არ არის არჩევნების დროს შედეგების თანაბარზომადი. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებშიც და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრშიც. საარჩევნო პროცესის სპეციალისტები ამ მიმართულებით დიდი ხანია მუშაობენ. საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციაც მიუთითებს, რომ ცვლილებებია საჭირო. მთელი პოლიტიკური სპექტრი ვთანხმდებით, რომ ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ეს როგორ და რა წესით განაწილდება, ჯერჯერობით შეჯერებული არაა.
- მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნაზე რა აზრის ხართ და ხომ არ ფიქრობთ, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველო-უკრაინის სამომავლო ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედებს?
- ყველაზე ნაკლებად მადარდებს სააკაშვილის ბედი უკრაინაში. ეს არ არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ სააკაშვილის იქაურ ქმედებებზე ვიდარდოთ. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, თუ რამეში გამოადგებათ და კარგ საქმეს გააკეთებს. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს ასე მოხდეს. პირიქით, ვფიქრობ, უკრაინას და იმ რეგიონს სადაც იგი მიავლინეს, სააკაშვილი დააქცევს და ბევრ ცუდს გააკეთებს. ამას უკრაინა უახლოეს მომავალში დაინახავს. ეს არაა ჩვენი პრობლემა, ეს უკრაინის პრობლემაა.
ჩვენ საგარეო ურთიერთობებში ყოველთვის მოზომილი ვართ. ვცდილობთ, რომ სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში არ ჩავერიოთ. თუმცა, დიპლომატიური გზებით და ენით მთავრობამ და ხელისუფლებამ რამდენჯერმე ურჩია უკრაინის პოლიტიკურ სპექტრს, რომ გაეთვალისწინებინა ის დანაშაულები, რაც სააკაშვილმა საქართველოში ჩაიდინა.