საპარლამენტო უმცირესობის ოთხი წევრის - პავლე (პალიკო) კუბლაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ უპრიანი იქნება, საზოგადოებას მოკლედ შევახსენოთ ამ ადამიანების პოლიტიკური ბექგრაუნდი.
ჩვენი ხალხისთვის დამახასიათებელ მოკლე მეხსიერებას, პოლიტიკურ გულუბრყვილობასა და გადაჭარბებულ ლოიალურობას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, სააკაშვილის პარტიიდან გასული ოთხეულის მიმართ საზოგადოების რაღაც ნაწილს სენტიმენტებიც კი გაუჩნდეს - არიქა, ეს ხალხი ჭკუაზე მოვიდა, სინანულის გზას დაადგა და დანაშაულებრივ ნაცმოძრაობას ამიტომაც გაემიჯნაო!
ძვირფასო მკითხველო, შესაძლოა, მსგავსმა განცდამ ზოგიერთი თქვენგანის მწყალობელ გულშიც დაისადგუროს, რის გამოც კიდევ ერთხელ გადავხედოთ სააკაშვილის ფარვატერიდან მოჩვენებითად თუ რეალურად გასული ნაცოთხეულის პოლიტიკურ პორტრეტებს და ამის შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, შესაძლებელია თუ არა, მათი პოლიტიკური მორჯულება?
პალე (პალიკო) კუბლაშვილი
სააკაშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულების ცერბერისა და უსამართლო სასამართლოს აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის კოტე კუბლაშვილის ძმას პავლე კუბლაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.
იგი წლების განმავლობაში იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და, შესაბამისად, ერთ-ერთი უპირველესი მჭედელი იმ კაბალური, ანტიადამიანური და ანტისამართლებრივი კანონმდებლობისა, რომლის საფუძველზეც სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში 9 წლიან დიქტატს და პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებდა.
სააკაშვილის რეჟიმის მძვინვარების პერიოდში, სწორედ პავლე კუბლაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ იურიდიულ კომიტეტში მომზადდა და ჩამოყალიბდა არაერთი საკანონმდებლო აქტი, არაერთი ცვლილება სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსებში, რომელთა ძალითაც ხდებოდა ბიზნესის დატერორება, კერძო საკუთრების დატაცება, უდანაშულო ადამიანების ციხეში გამოკეტვა და, ზოგადად, „ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის წარმოება, რამაც შედეგად მოგვცა 9 წლის განმავლობაში გასამართლებული 300000 (!!) ადამიანი. ეს იყო არამარტო სამართლებრივი და პოლიტიკური კოლაფსი, არამედ დამანგრეველი დარტყმა ერის ფსიქიკასა და გენოფონდზე.
პავლე კუბლაშვილს, შესაძლოა, „დუბინკა" არ ეჭირა, ციხეებში პატიმრებს პირადად არ აუპატიურებდა და არც უდანაშაულო ახალგაზრდებს ხოცავდა ქუჩაში საკუთარი ხელით, მაგრამ პავლე კუბლაშვილი იყო სააკაშვილის რეჟიმის საკანონმდებლო ჯალათი!
ასე რომ, დღეს პავლე კუბლაშვილი ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური წევრი იქნება თუ არა, ეს მის ბიოგრაფიაში არაფერს ცვლის.
დიახ, შეიძლება, პალიკო (პალი) კოსმეტიკურად შეიცვალოს, მაგრამ მისი მორალურ-პოლიტიკური შიგთავსი ყოველთვის იგივე იქნება!
ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების დროს გამოჩნდა.
ჯაფარიძე მანამდე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკას" ხელმძღვანელობდა და მისი ერთადერთი ფუნქცია-დანიშნულება პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსული ბიძინა ივანიშვილის ძაგება, „რუს ოლიგარქად" და „პუტინის მონად" გამოცხადება იყო.
რა მორალურ-პოლიტიკური ღირებულებების მატარგებელია ჯაფარიძე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს მხოლოდ იქიდან ჩანს, თუ რა დროს შევიდა იგი ნაციონალურ მოძრაობაში.
დიახ, ჯაფარიძე ნაციონალურ მოძრაობაში შევიდა მას შემდეგ, რაც ამ პარტიას, ანუ სააკაშვილის რეჟიმს, უკვე მოკლული ჰყავდა ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი, სანდრო გირგვლიანი და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდები, დარბეული ჰქონდა 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციები, დაკარგული ჰქონდა ახალგორი და კოდორის ხეობა, ციხეებში ნაწამები და გაუპატიურებული ჰყავდა ათასობით პატიმარი, მოკლედ, ჩადენილი ჰქონდა ყველა უმძიმესი დანაშული.
ძვირფსო მკითხველო, ამ ყველაფრის შემდეგ კაცი რომ ნაცმოძრაობაში შევა და მისი სიით დეპუტატი გახდება, შეიძლება, იმ კაცს რაიმე პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს?
სხვათაშორის, 2011 წლის 26 მაისის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძის ნაცმოძრაობაში გაწევრიანება ძალიან ჰგავს 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში დავით უსუფაშვილის შესვლას!
უსუფაშვილმა ერთხელ განაცხადა, 9 აპრილის შემდეგ კომპარტიაში იმიტომ შევედი, რომ იგი შიგნიდან დამენგრიაო.
როცა ნაცმოძრაობა საბოლოოდ დაიშლება და გაქრება, შეიძლება, ჯაფარიძემაც თქვას, 2011 წლის 26 მაისის შემდეგ ნაცმოძრაობაში იმიტომ შევედი, რომ იგი შიგნიდან დამენგრიაო.
თუმცა, ნაცმოძრაობა, შიგნიდანაც და გარედანაც, მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა დაანგრია!
ეს მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს!
ხოლო ის, რაც დღეს ნაცმოძრაობაში ხდება, მხოლოდ პოლიტიკური სიკვდილისწინა კონვულსიებია და მეტი არაფერი.
გოგა ხაჩიძე
გოგა ხაჩიძეზე, როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე, სერიოზული ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, არასერიოზული საქმეა.
სააკაშვილის მთავრობაში გარემოს დაცვის მინისტრის სავარძელი ხაჩიძემ მხოლოდ იმის გამ მიიღო, რომ ნაცბელადს, საბჭოთა პროპაგანდის სტილში, ჰიმნი „მიშა მაგარია" დაუწერა.
ხოლო ერთადერთი, რაც საზოგადოებას ხაჩიძის მინისტრობიდან დაამახსოვრდა, ის არის, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში ადამიანებს კვირაში სამჯერ იჭერდნენ ქრთამის აღებისა და სხვადასხვა კორუფციული ბრალდებით! საბოლოო ჯამში, მინისტრ ხაჩიძეს მისივე ხელისუფლებამ იმდენი მაღალი თუ დაბალი ჩინის თანამშრომელი დაუპატიმრა, თბილისში ანეკდოტივით დადიოდა, გარემოს დაცვის სამინისტროში მარტო მინისტრი და დამლაგებელი დარჩნენო!
მიუხედავად ამისა, ხაჩიძე ნაცმოძრაობის კვოტით, პარლმენტშიც აღმოჩნდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი „მაგარი" ბელადი წყალობის თვალით უყურებდა!
ნაცმოძრაობიდან გასულ ოთხეულში ხაჩიძის ყოფნა უფრო აძლიერებს იმ მოსაზრებას, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია, რადგან ხაჩიძე სააკაშვილის ნების გარეშე და მით უფრო, მისი ნების წინააღმდეგ, ნაბიჯს ისევე არ და ვერ გადადგამს, როგორც ერთგული და მორჩილი ფინია პატრონის გარეშე!
ხაჩიძე ახლაც ხმამაღლა აცხადებს, ნაცმოძრაობიდან კი გავედი, მაგრამ, დღესაც მიმაჩნია, რომ მიშა მაგარიაო!
აი, ასეთია მუსიკალურ ჯგუფ „სახეს" ყოფილი წევრის გოგა ხაჩიძის პოლიტიკური სახე, უფრო სწორად, პოლიტიკური უსახურობა!
გიორგი მელაძე
ნაცმოძრაობიდან გასულ ოთხეულში მელაძე ყველაზე ნაკლებად „ცნობადი" პერსონაა. იგი სააკაშვილის პარტიაში ლიდერშიპის წარმომადგენელი არასოდეს ყოფილა.
როცა უგულავა თბილისის მერი იყო, მელაძე მის მოადგილედ მუშაობდა. 2013 წლის ოქტომბერში მთავარმა პროკურატურამ იგი მოწმის სახით დაიბარა და „თბილისის განვითარების ფონდიდან" დიდძალი სახელმწიფო თანხის გაფლანგვის ფაქტზე დაჰკითხა.
მელაძე მაშინ, როგორც ყველა ნაციონალი, გაიძახოდა, პროკურატურაში ჩემი დაბარება პოლიტიკური მოტივებით ხდებაო.
მოკლედ, მელაძე ერთი სტანდარტული ნაცია, სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი ჭანჭიკი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს, შეიძლება, მხოლოდ სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებებისგან იმსახურებდეს!
P.S ახლა იმაზე მიდის ბჭობა, ნაცმოძრაობიდან გასული ოთხი დეპუტატი ცალკე პარტიას ჩამოაყალიბებს თუ რომელიმე არსებულ პოლიტიკურ ჯგუფს შეუერთდება?
არადა, საქმე ძალიან მარტივადაა - თუ ეს ნაცოთხეული საკუთარ პარტიას შექმნის, ბუს კვერცხებს დაამტვრევს, ხოლო, თუ ამ ნაცოთხეულს რომელიმე სხვა პარტია მიიხუნებს, ის პარტიაც ბუს კვერცხებს დაამტვრევს!
ალბათ, გახსოვთ, სამშობლოსთან ოთხწლიანი განშორების შემდეგ, პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებული ილია ჭავჭავაძე როგორ ამთავრებს თავის „მგზავრის წერილებს":
„ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო, ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთა-ქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა".
მოცემული სიტუაციის შესაბამისად, ილიას სიტყვებს ჩვენ ასეთი პერიფრაზი უნდა გავუკეთოთ - ოო, ძვირფასო ოთხო ნაციონალო, ვაი იმათ, ვინც თქვენს „რიგიანად მოხმარებას" გადაწყვეტს!
ჯაბა ხუბუა