reportiori.ge - იური ვაზაგაშვილის მეუღლე დუმილს არღვევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:27
ინტერვიუ
იური ვაზაგაშვილის მეუღლე დუმილს არღვევს!
ავტორი:
08 ივნისი, 2015. 15:52


2006 წლის 2 მაისი, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია... სამართალდამცავებმა მშობლებს მოგვიკლეს ოცდაორი წლის შვილი - ზურიკო, ჩემი ლამაზი ბიჭი. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ტანჯვა. გავნადგურდით... შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი ენით აღუწერელია. ზურიკოს სისხლით მორწყეს ქვაფენილი კორტების წინ. შვილის სიკვდილი ტელევიზიით შევიტყვე. დილის 11 საათი იქნებოდა, დავინახე როგორ იყო გასისხლიანებული და ტყვიებით დაცხრილული ზურიკოს მანქანა. ირგვლივ მკვლელები ირეოდნენ, ნაცნობი მკვლელები. მუშაობდნენ, როგორ ჩაეწყოთ მანქანაში იარაღები და როგორ გადაერეცხათ ქვაფენილზე დაღვრილი სისხლი.


წლების განმავლობაში იბრძდა ჩემი მეუღლე იური ვაზაგაშვილი, რომ როგორ მე სამართლისთვის მიეღწია და ჩვენი შვილის მკვლელები დაესაჯათ, მაგრამ უშედეგოდ.


მე, შვილმოკლული დედა, დაზარალებულადაც კი არ მცნეს. გამოძიება ჩაატარა იმავე გამომძიებელმა, რომელიც ზურიკოს მკვლელობაში თავადვე მონაწილეობდა. ეს იყო გრიგოლ კვინიკაძე, რომელიც საქართველოდან გაქცეულია.


რამდენი შეურაცხყოფა აიტანა ჩემმა ოჯახმა, რამდენი ცრუ ბრალდება. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. ჩემი ზურიკო „მკვლელი" და „ყაჩაღი" გახადეს, ჩემი მეუღლე ნარკოტიკების „ბარიგად" და „ქურდული სამყაროს" წევრად შერაცხეს.


ირაკლი ფირცხალავა, ირაკლი ქადაგიძე, გივი თარგამაძე დასცინოდნენ ჩემს მეუღლეს და რა ხმებს არ უვრცელებდნენ. ძალაუფლება მათ ხელში იყო. როგორი დიქტატორი, შეურაცხადი მმართველიც ჰყავდათ, ისეთები იყვნენ მისი მიმდევრებიც.


გვეღირსა ახალი მთავრობის მოსვლა. ჩემს მეუღლესა და მის მიერ შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობას „გადაარჩინე სიცოცხლეს" დიდი წვლილი მიუძღვით სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დამარცხებაში, მაგრამ არც ახალმა მთავრობამ გამოიჩინა დიდი ყურადღება ჩვენი გაუბედურებული ოჯახის მიმართ. არადა, იურის იმედი ჰქონდა, ფიქობდა, ესენი მაინც დამეხმარებიან ჩემი შვილის მკვლელების დასჯაშიო, მაგრამ ამათაც გაუცრუეს იმედები. გული მეწვოდა მის დატანჯულ სახეს რომ ვუყურებდი. იური კიდევ უარესად განადგურდა, რადგან ხელისუფლებამ ისევ ის მკვლელები დატოვა თანამდებობაზე, რომლებმაც შვილი დაგვიხვრიტეს. ასეა, სკამებზე რომ მოკალათდებიან გაჭირვებული ადამიანი ვიღას ახსოვს, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ფულისა და ქონების მოგროვება შეძლონ ახლის მოსვლამდე.


ამ ხელისუფლებას იური ვაზაგაშვილის ამაგი დაავიწყდა! არადა, რას ითხოვდა, თანამდებობას? არა, მხოლოდ და მხოლოდ შვილის მკვლელების დასჯას!


ზურიკოს მკვლელობიდან ერთ წელიწადში იურის უკვე გამოძიებული ჰქონდა ყველა დეტალი და მკვლელების გვარ-სახელებიც ცნობილი იყო მისთვის. ისიც იცოდა, რომ ზურიკო საკონტროლო გასროლით შეურაცხადმა გიორგი ცააძემ მოკლა!


დიდი ვაი-ვაგლახის და წვალების შემდეგ, როგორც იქნა, პროკურატურამ იურის ყურადღება მიაქცია, საქმეში მთავარი მოწმეც გამოჩნდა და სიტუაცია უკეთესობისკენ წავიდა, მაგრამ ხელისუფლებას ძალიან დააგვიანდა!


დიახ, იური ვაზაგაშვილი, შვილის ტკივილით დატანჯული კაცი, შვილის საფლავზე ააფეთქეს.


საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ მომხდარა, რომ მოკლული შვილის საფლავზე მამა მოეკლათ. ეს ქართველებმა გააკეთეს! ეს ფაშისტებსაც არ გაუკეთებიათ! ასეთი ცინიზმით მოკლეს დატანჯული მამა. ეს ქართველი კაცის სირცხვილია.


ზურიკოს მკვლელებს არ უნდოდათ, რომ იური ვაზაგაშვილი მათ გასამართლებას მოსწრებოდა და სიძულვილით მოკლეს.


იურის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ჩემი შვილის მკვლელები დააკავეს, ცოტა ხანში კი თავად იურის მკვლელიც დაიჭირეს - ამაზრზენი, ბოროტი სული, სატანისეული, რომელსაც ემოციებიც არ გააჩნია. სოსანაშვილს, ალაბთ, ძალიან დიდი თანხა გადაუხადეს. 4 თვეა, დაკავებული ჰყავთ, მაგრამ შემკვეთის ვინაობას არ ასახელებს. იმედია, იტყვის, თუ არ ათქმევინეს, იურის მკვლელობა გამოძიებულად ვერ ჩაითვლება, რადგან მთავარი შემკვეთია.


სოსანაშვილს ისეთი ადვოკატი აუყვანეს, როგორიც თვითონაა. ეს გახლავთ ჭკუანაღრძობი, სამარცხვინო, უბოროტესი სული სოსო ჯოგლიძე. მიცვალებულს მიწაში არ მიყენებს. რამდენ ზღაპრებს ყვება ეს უწმინდური... ვითომ ჩემ ქმარს დეიდაშვილი ჰყავდა საყვარლად. ეტყობა, თვითონ ვერ არჩევს ერთმანეთისგან სისხლის ნათესავსა და გარეულს. ბოლოს თქვა, იური ვაზაგაშვილმა თავი თვითონ აიფეთქა, ცალი ხელი მოგლეჯილი ჰქონდაო. არადა, მე იურის ცივ ხელებს ჩემი ხელებით ვუთბობდი გასვენების დღეს. ჯოგლიძე მათხოვარო, ვერ აცდები ღვთის რისხვას.


ჩემი შვილის მკვლელების სასამართლო დაიწყო. შევძელი ჩემი ქმარ-შვილის მკვლელებისთვის თვალებში ჩამეხედა. ესენი არიან ი. ფირცხალავა, მთავარი მოქმედი პირი, დანარჩენი შემსრულებლები - პირსისხლიანი მკვლელები: ბ. ცააძე, ლ. ბეროძე, კ. ნაკანი, ბ. კვინიკაძე (ძებნილი) მკვლელების ნახევარზე მეტი გარეთ დატოვეს. ჩემი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა სამარღანიშვილი დღესაც თანამდებობაზე მუშაობს - თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეა.


ვაკვირდები და ვერცერთის სახეზე სინანულის ნატამალს ვერ ვხედავ. ფირცხალავა ხშირად გამოდის სიტყვით და მისი უწმინდური მუნდირით ტრაბახობს. იმ მუნდირში კაცის ნაცვლად, სატანა და მკვლელია გახვეული, რომელსაც ბოროტების მეტი არაფერი უკეთებია.


მე გამინადგურეს ოჯახი. ორი საწოლი გააცარიელეს ჩემს სახლში. მომიკლეს ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ახლობელი, მზრუნველი ქმარი, რომელიც 35 წლის განმავლობაში ბავშვივით მივლიდა. მე ის მიყვარს უსაზღვრო სიყვარულით, მე მას ყოველდღე მადლობას ვეუბნებოდი იმ სიყვარულისა და ყურადღებისთვის, რასაც ჩემი, ჩემი შვილებისა და შვილიშვილის მიმართ ავლენდა. ახლა კი, იურის გარეშე, ობლად ვგრძნობ თავს.


ვაჟა-ფშაველამ თქვა: „ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია". იური ვაზაგაშვილი კაცური კაცის სახელით წავიდა თავის შვილებთან. ჩემ ქმარს მთელი საქართველო დასტირის.


თქვენ კი, თქვენ ვინ გიტირებთ, მკვლელებო?!


საუკუნეები რომ გავიდეს, თქვენს მოდგმას მკვლელის სახელი არ მოსცილდება. სიკვდილს ინატრებთ და არ მოკვდებით. ჯერ მიწიერი მოსამართლე გაგასამართლებთ, ზეციერი გასამართლება კი უარესი იქნება.


იური ვაზაგაშვილი ვერ მოკალით!


თქვენ კი ღმერთისთვის მკვდრები ხართ!

 

 

ციალა შანავა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016