reportiori.ge - „ჯარისკაცულ სიტყვას ვიძლევი, თუ დამეხმარებიან, აქ ვეღარავინ დამინახავს“ - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც ოც წელზე მეტია ქუჩაში დგას…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:17
ინტერვიუ
„ჯარისკაცულ სიტყვას ვიძლევი, თუ დამეხმარებიან, აქ ვეღარავინ დამინახავს“ - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც ოც წელზე მეტია ქუჩაში დგას…
08 ივნისი, 2015. 14:45


კაცი, რომელიც წლების განმავლობაში მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე დგას და მოწყალებას ითხოვს. ეს წელში მოხრილი მოხუცი კაცი იქ გამვლელების თვალთახედვიდან ალბათ, არავის გამორჩებოდა. „რეპორტიორი" მისი წარმომავლობითა და ცხოვრებით დაინტერესდა. 



ეს თბილი და კეთილი მოხუცი ბადრი ბაქრაძეა - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ის 85 წლის გახლავთ. როგორც თვითონ ამბობს, საჭირო საბუთები არ აქვს, რომ რაიმე სახის დახმარება მიიღოს, ძალიან უჭირს და ამიტომაც უწევს ყოველდღიურად ქუჩაში დგომა და მოწყალების თხოვნა. მხედველობა ომში დაკარგა, მხოლოდ სილუეტებს ხედავს.


„დილით რუსთავიდან მოვყვები ხოლმე 7 ნომერ ავტობუსს და საღამოს ჩემს მეზობლებს  მივყავარ სახლში. რადგან წესიერად ვერ ვხედავ, ხალხი მეხმარება, რომ ამ ადგილამდე მოვაღწიო. ფეხები მტკივა, ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ წამლები ძალიან ძვირია ვერ ვყიდულობ. ერთხელ ჩემმა რძალმა მიყიდა და მიშველა ცოტათი, ახლა ისევ მჭირდება, მაგრამ ყიდვის საშუალება არ მაქვს.


როგორც მოხუცი გვიყვება, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, მეუღლე რვა წლის წინ ავარიაში დაეღუპა.


- ჩემსავით ბევრი ითხოვს მოწყალებას. ერთ დღესაც გაჭირვებამ გადამაწყვეტინა, რომ ქუჩაში დავმდგარიყავი და კეთილი ადამიანებისთვის მეთხოვა დახმარება. უკვე ოც წელზე მეტია აქ ვდგავარ, ხან კოლმეურნეობის მოედანზე გადავინაცვლებ ხოლმე, მაგრამ უმეტესად აქ ვარ, ყინვაშიც და პაპანაქება ზაფხულშიც. ..

 

მოხუცმა ამ დროს ცას ახედა, თითქოს ყველაზე კარგად ხედავდა ჩვენს შორის... „რა კარგია, რომ არ გაწვიმდა..." თუმცა კი, წვიმის წვეთები მიწას ეცემოდა... შემდეგ კი მართლაც იმოქმედა მისმა ჯადოსნურმა სიტყვებმა და წვიმა შეწყდა, ისე, რომ მოხუცი არც შეუწუხებია... „ძალიან არეულია ქვეყანა,  დალაგება სჭირდება.  რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს გაჭირვება?" -დასძინა და თან გამვლელის მიერ მიცემულ 20-თეთრიანს დაუწყო ხელებით შემოწმება. ვეუბნები:- „ეს 20-თეთრიანი, ბატონო" გახედა ქუჩას და მიაძახა:- „უფალმა დაგლოცოს"... შემდეგ კი საუბარი განაგრძო...


ჩემი შვილები სულ მეუბნებიან ხოლმე, რომ არ გამოვიდე და არ დავდგე აქ, მაგრამ  ეს რომ არ გავაკეთო, მაშინ მშივრები დავრჩებით, სხვა რა გზა მაქვს... სამუშაოს პოვნა რთულია, და შვილები როგორც ახერხებენ, ისე მუშაობენ, ხან რაღაცებს ყიდიან ჯიხურებში და ხანაც სახლში სხედან. კარგად მივლიან. მეც მინდა, რომ დავეხმარო, ამიტომაც ვდგავარ აქ. 




შემდეგ  მუშაობის წლებს იხსენებს...

 

-1960 წელს ჩამოვედი აქ. მაშინ უსინათლოთა საზოგადოების საწარმო იყო ფონიჭალაში და იქ მიმიღეს, რადგან უსინათლო ვარ და წლების განმავლობაში ვმუშაობდი  ამ საწარმოში, მანქანის ფილტრებს ვაწყობდი. 90-იან წლებში (შევარდნაძე იყო პრეზიდენტი) მეუბნებოდნენ, რომ გაიგონ, რომ მუშაობ, პენსიას მოგიხსნიანო, არადა, პენსია 14 ლარი იყო მაშინ...  შემდეგ ეს საწარმოც დაიხურა  და დღემდე ასე ვწვალობთ.  ცოლი სანამ ცოცხალი იყო, მაშინაც  ძალიან გვიჭირდა და როგორც შეგვეძლო, ისე ვშოულობდით პურის ფულს. როგორც ძალიან ბევრს, გაჭირვება მეც სულ თან მდევს. არცერთ მდიდარ ადამიანს არ გამოუთქვამს ჩემი დახმარების სურვილი, მხოლოდ ქუჩაში გამვლელები მეხმარებიან, ვისაც რა შეუძლია... ძალიან მადლიერი ვარ მათი. მიხარია, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები.

 

საჭირო საბუთები არ მაქვს, რომ ომის ვეტერანის პენსია მივიღო. არადა, თვალისჩინი სწორედ ომში დავკარგე - ყუმბარის ნამსხვრევები მომხვდა თვალში და დავბრმავდი. საბუთები კი ადრე ვიღაც ხულიგნებმა დამიწვეს - რუსეთში, ერთ-ერთ სოფელში ყოფნის დროს გამაჩერეს, თქვენი საბუთები წარმოადგნინეთო, მეც მივეცი,  ჩანთაში  მელაგა ყველანაირი საბუთი,  ჯერ შეხედეს, მერე  შემაგინეს - შენიც და  ვინც მოგცა იმისიცო... შემდეგ კი დაწვეს. თუ საბუთებს არ მივცემდი, მომკლავდნენ, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ გადამარჩინა.




მოხუცმა თავის ოცნებებიც გაგვიმხილა:



-ნეტავ, ისეთი პირობები იყოს, ლუკმაპურის საშოვნელად მთელი დღე აქ დგომა აღარ მიწევდეს. როცა ვინმე რაიმე საკვებით მეხმარება, სახლში მიმაქვს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ვუნაწილებ. ერთად ვსხდებით და გემრიელად შევექცევით ხოლმე. აბა, მარტო მე რად მინდა ის ლუკმა, ჩემები მშივრები თუ დარჩნენ... არ შემერგება... პენსია ან რაიმე სახის დახმარება 400 ლარამდე თუ მექნება, ჯარისკაცულ სიტყვას ვდებ, თუ აქ მოვიდე და ისევ დავდგე, მე ვიყო უკანასკენელი კაცი... და არავის აღარ დავენახვები აქ... მინდა, რომ აღარ არსებობდეს გაჭირვება ადამიანებისთვის.

 

 

ქუჩაში ბატონი ბადრის მსგავსად მყოფ ადამიანს არაერთს შევხვდებით, მაგრამ შესაძლოა, წარმოდგენაც კი არ გვქონდეს,  თუ როგორი ღირსეული ადამიანები არიან. ისინი დგანან და უბრალოდ ელიან... მათაც აქვთ ოცნებები, რომლებიც შესაძლოა ყველაზე იოლად ასახდენი იყოს.... ახლა, რატომღაც გენიალური ტოლსტოის ერთი ცნობილი ფრაზა მახსენდება: „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად"...



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016