მას შემდეგ, რაც თბილისის ახალარჩეულმა საკრებულომ უფლებამოსილება გადაიბარა, ერთი წელი სრულდება. „რეპორტიორი" დაინტერესდა, რა ხელშესახები შედეგები დადეს საკრებულოს კომისიებმა ბოლო ერთი წლის მანძილზე.
თავისი საქმიანობის და მედიასთან ურთიერთობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წლის განმავლობაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია იყო. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კომისიის მუშაობის შედეგებით და სამომავლო გეგმებით დავინტერესდით.
„რეპორტიორს"დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე ესაუბრა:
- მთელი ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში საკრებულოს როლი გაიზარდა, ახალმა კანონმა განსაზღვრა ეს. აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპზე მუშაობა გვიწევდა თითქმის 24-საათიან რეჟიმში. მოსახლეობის პრობლემები დამუშავდა არა მარტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და თვითმმართველობის, არამედ საკანონმდებლო დონეზეც კი.
პირველ ეტაპზე, ვითვალისწინებდით, რა მემკვიდრეობა დახვდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს, მერიას და იყო რაღაც საკითხები, რაზეც შესაძლოა, თვალი დაგვეხუჭა, მაგრამ 2015 წელი სულ სხვა წელიწადია, ამიტომ ყველას სხვანაირად მოუწევს მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ჩვენი კანონიერი უფლებების ფარგლებში.
- თქვენთან, ძირითადად, რა ტიპის განცხადებები შემოდის, რა აწუხებს ხალხს და რამდენად ახერხებთ მათ დახმარებას?
- მოსახლეობის მხრიდან არაერთი განცხადება შემოდის, რომლებსაც შემდეგ მსვლელობას ვაძლევთ. ნებისმიერ საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ვცდილობთ, ხალხის სამსახურში სწორად დავიხარჯოთ და ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შევასრულოთ. ჩვენ ხალხს პირობა მივეცით და ისევე სუფთა ხელებით უნდა წავიდე, როგორც მოვედი, არ უნდა შემრცხვეს ჩვენი ამომრჩევლისთვის თვალებში ჩახედვა. მე ამაზე ვარ მოტივირებული და ნამდვილად არ მიღირს თანამდებობა იმად, რომ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება შევიქმნა. მე ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე, ხალხი მცნობს და ვიცნობ და რადგან ავიღე ეს პასუხისმგებლობა, დავიხარჯები მათ სამსახურში.
ჩვენთან შემოსულ განცხადებებში, შესაძლოა, იყოს ისეთებიც, რაც არ არის ჩვენი განსასჯელი, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ დავაკვალიანოთ ეს ხალხი. მე რომ მოვედი, დამხვდა ასეთი პრაქტიკა - შემოდიოდა მოქალაქის განცხადება, მერე, ოღონდაც თავიდან მოეშორებინათ და გადაამისამართებდნენ ხოლმე. ეს არანაირად არ არის სწორი, ადამიანი მოდის სახელმწიფო უწყებაში, შენი იმედი აქვს. ასეთ დროს შენი მოვალეობაა, მიხედო ამ ადამიანს, უპასუხო წერილობით ან შეხვდე. აუხსნა, რა უნდა გააკეთოს. ეს თუ არ გააკეთე, ის აუცილებლად განაწყენდება და ეს არ უნდა დაუშვა. არსებობს საშუალებები და უნდა გამოიყენო, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ და ასეც ვიქცევით.
მე Facebook-ზე გვერდიც შევქმენი, Tedo Kobakhidze Official -ასე ჰქვია. ამ გვერდზე წერილი რომ მოდის, დაუყონებლივ რეაგირებას ვახდენ. არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც მეორე თუ არა, მესამე დღეს მაინც არ შევხვედრივარ. მერე მსვლელობას ვაძლევ საკითხს. ჩვენ იმიტომ გვიხდის ხალხი ხელფასს, რომ სწორედ ეს ვაკეთოთ, მათ სამსახურში ვიყოთ და არა ის, რომ გავიბღინძოთ, კარები ჩავიკეტოთ და ასე ვიცხოვროთ. თუ ხალხის გეშინია და ხალხთან ვერ გადიხარ, მაშინ რის დეპუტატი ხარ? თუ ეს არ შეგიძლია, წადი რა?!
მას მერე, რაც ღამით ხმაურის თემაზე დავიწყეთ მუშაობა, ყველაზე მეტი განცხადება ამ საკითხზე შემოდის. ხშირად მოგვმართავენ საყოფაცხოვრებო პრობლემებით. როგორც აღმოჩნდა, შუაგულ თბილისში 21-ე საუკუნეში ასობით ოჯახი კანალიზაციის გარეშეა დარჩენილი. როგორც აღმოჩნდა, ეს არის წლების მანძილზე მწვავე პრობლემა. ამ საკითხზე დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა, მერიასთან დავიწყეთ საქმიანი ურთიერთობა და ეს პრობლემაც უახლოეს მომავალში მოგვარდება.
ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, სასაფლაოების თემაზე, ეს ყველას ეხება, იმიტომ, რომ ყველას ჰყავს გარდაცვლილი ოჯახის წევრი ან ახლობელი.
საკითხი მართლაც მწვავეა. უამრავი საფლავი მიტოვებულია სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგი შეიძლება იმიტომ იყოს მიტოვებული, რომ არ ჰყავს შთამომავალი, ზოგსაც ჰყავს, მაგრამ დატოვებული აქვთ ქვეყნის ფარგლები და ეკალბარდებითაა სავსე მათი მიცვალებულების საფლავები.
- თუ არსებობს რაიმე სამსახური, რომელსაც ევალებოდა ან დაევალება ამ საქმის მიხედვა?
- საფლავებთან დაკავშირებული საკითხები შედის „ჰერმესის" მოვალეობებში, თუმცა, საფლავების მოვლა-პატრონობა „ჰერმესის" მოვალეობა არ არის. რომელიმე საფლავის ან საფლავების დასუფთავება ხდება იმ შემთხვევაში, თუ კერძო პირს გადაუხდის მიცვალებულის პატრონი ფულს.
როცა გარკვეული საფლავები დროთა განმავლობაში არ იწმინდება, ჩნდება ეჭვი, რომ მიტოვებულია და იქ ხდება ნაგვის გადაყრა და ა.შ. ასევე, წლების წინ იდგა ასეთი პრობლემაც - აკვირდებოდნენ საფლავებს და თუ რომელიმეს წლების განმავლობაში არ მიაკითხავდა და დაასუფთავებდა პატრონი, ითვლებოდა უპატრონოდ და შემდეგ ამ საფლავს ასხვისებდნენ აბსოლუტურად უკანონოდ, რის შედეგადაც, ყოფილა შემთხვევები, რომ ჭირისუფალი დამდგარა რეალობის წინაშე, როცა იმ ადგილზე, სადაც თავისი მიცვალებული უნდა დაესაფლავებინა, აღმოაჩინა, რომ უკვე სხვა პიროვნება იყო დასაფლავებული.
ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ ჩვენს მიცვალებულებს მივაგოთ სათანადო პატივი. ეს ისეთი რამეა, წლების მერე, ყველას კარზე დგება ეს ამბავი. ხომ არსებობენ ძალიან გამოჩენილი, საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც არიან დაფასების ღირსი, მაგრამ წლების მერე ისეც ხდება, რომ შთამომავალის არ არსებობის გამო მათი საფლავები რჩება უპატრონოდ. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. არავის არ უნდა ჰქონდეს სადარდებლად, თვითონ რომ არ იქნება, რა ბედი ელის მის საფლავს.
- რას შეცვლის კონკრეტულად, ამ წინადადების ამოქმედება საზოგადოებისთვის?
- შეიცვლება ის, რომ პირველ რიგში მოვლილი იქნება ის დიდი ტერიტორიები, რომლებიც ჩვენს ქალაქში სასაფლაოებს უჭირავს. ტყე-პარკად ვაქცევთ. ათეულ წლებს ითვლის ეს სასაფლაოები და ისინი არ გაწმენდილა მთლიანობაში არასდროს. უამრავი ქვეწარმავალი ბინადრობს, რომელიც ქალაქში და ახლომახლო დასახლებებში პრობლემას ქმნის. მარტო ნაგვის გატანაზეც არაა საუბარი. მერეც ხომ უნდა მოვლა. უნდა დამონტაჟდეს განათებებიც, რომ რა დროსაც არ უნდა მოუნდეს ჭირისუფალს საფლავზე მისვლა და პატივის მიგება გარდაცვლილისთვის - შეძლოს.
- ტყე-პარკად გადაქცევა რას გულისხმობს, დამატებით ხეებიც დაირგვება თუ რას უნდა ველოდოთ?
- საუბარია ტერიტორიის გამწვანებაზე, ხეების, დეკორატიული მცენარეების და ყვავილების დარგვაზე, დაავადებული ხეების გასხვლაზე და ა.შ. მთელი რიგი წინადადებებია.
მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ სასაფლაოების დასუფთავება და კეთილმოწყობა. თუ ვინ განახორციელებს ამ სამუშაობს ან როგორ დარეგულირდება, ამაზე ვმუშაობთ. ამჟამად თვითმმართველობის დონეზე რეგულირდება სასაფლაოების გაკეთება, სასაფლაოების დაშორიშორება და სხვა დეტალები, თუმცა შესაძლოა, ეს რეგულაციებიც საკანონმდებლო დონეზე მოექცეს. კერძო პირები ნაგავს ყრიან იქვე მდებარე უპატრონო საფლავზე და ეს ნაგავი გროვდება და ასევე, შეურაცხყოფას აყენებს მიცვალებულს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და დაწესდება სანქციები. ანუ, კერძო პირები, რომლებიც დაანაგვიანებენ სხვა სასაფლაოს, დაჯარიმდებიან.
ბოლოს შემოვიდა კოლექტიური განცხადება. განმცხადებლები არიან ნიკოლაძის ქუჩის, ფიქრის გორის და ა.შ. მცხოვრებლები. მოსახლეობა ითხოვს, გადაიხედოს სიტუაცია ე.წ. ჭიაბერაშვილის სამკუთხედთან დაკავშირებით. მოსახლეობა ითხოვს, ორმხრივი მოძრაობა აღდგეს როგორც მელიქიშვილზე, ასევე კოსტავაზე და ვარაზის ხევზე. ისინი აღწერენ, თუ რა აუტანელ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან პატარა ქუჩებში 24-საათი გადატვირთული მანქანების მოძრაობაა.
- რას აპირებთ ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რა მსვლელობას მისცემთ?
- ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ ერთი ხელის მოსმით, ისე, როგორც ეს გააკეთა წინა ხელისუფლებამ. ეს არ იქნება სწორი. მე ამ საკითხს გავიტან იურიდიული კომისიის სხდომაზე უახლოეს მომავალში. ასევე, დავაყენებ საკითხს, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, სადაც გაერთიანდებიან როგორც საკრებულოს დეპუტატები, ურბანული დაგეგმარების კომისიის წვერები, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრები, საქმეში ჩაერთვებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, მოვიწვევთ სპეციალისტებს, ექსპერტებს და ამ საკითხზე გაიმართება ინტენსიური შეხვედრები. საბოლოოდ შევჯერდებით, როგორ ჯობს, ისე, როგორც ამას მოსახლეობა ითხოვს, თუ ისე, როგორც არის. არ არის გამორიცხული, რაიმე ახალიც გამოიკვეთოს. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება მოსახლეობისთვის სასარგებლო.
- ამ ეტაპზე რა გაქვთ მოკვლეული, რამდენად დასაშვებია ამ მოთხოვნის გატარება?
- ჩვენი ინფორმაციით, დასაშვებია. ესტაკადებიც ისეა აშენებული, რომ არ უშლის ხელს. თუმცა, ჩვენ აუცილებლად ვკითხავთ სპეციალიტებს და გავარკვევთ, ხომ არ იქნება ეს უარესი, ხომ არ შექმნის საცობებს და სხვადასხვა შეფერხებებს.
- რა ინფორმაციას ფლობთ, თავის დროზე რატომ მოეწყო ეს ე.წ. ჭიაბერაშვილის სამკუთხედი?
- მაშინ, ასე, ერთი ხელის მოსმით კეთდებოდა ყველაფერი. ჩვენ წინა ხელისუფლებას არ უნდა დავემსგავსოთ და არ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონდა. გასაგებია, რომ ეს მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ საკითხი ექსპერტების და სპეციალისტების გარეშე არ გადაწყდება.
- საცობების განმუხტვის სტრატეგიაზე უკვე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ხელმძღვანელობს. ასევე, ამავე საკითხზე მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა" და სხვა ექსპერტ-სპეციალისტები, რომლებმაც უკვე წარმოადგინეს საკუთარი ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქალაქის საცობებისგან განტვირთვა. ხომ არ გისაუბრიათ ამ ადამიანებთან ან ხომ არ გეგმავთ მათთან შეხვედრას ამ საკითხზე სასაუბროდ?
- ჩვენ დავძრავთ ამ საკითხს და მასში ჩავრთავთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს თემა ესმის და ევალება.
რამდენად დასაშვებია აღნიშნულ ტერიტორიებზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა და ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული დამატებით საცობებს? ამ კითხვით „ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს ვასო ურუშაძეს მივმართეთ:
- აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრაობის შეცვლა და პირვანდელ მოძრაობაზე დაბრუნება გამოიწვევს მოძრაობის სრულ პარალიზებას მიმდებარე ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს დამატებითი შუქნიშანი, ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს რუსთაველიდან ვაკის მიმართულებით და უნდა გაიაროს მელიქიშვილის გამზირი, კვეთაში მოდის ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, რომელიც მელიქიშვილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობს, რაც მოძრაობას შეაფერხებს და ისედაც გადატვირთულ მოძრაობას სრულიად გაჭედავს.
ნებისმიერი ახალი დამატებითი შუქნიშანი არის მოძრაობის შემაფერხებელი და ამცირებს გამტარუნარიანობის კოეფიციენტს. მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მელიქიშვილის ქუჩაზე, ისედაც ძალიან მაღალია მოძრაობის ინტენსივობა და შუქნიშნის დაყენების შემთხვევაშ გამტარუნარიანობა შემცირდება მინიმუმ 2-ჯერ.
- ასეთ შემთხევაში რა გამოსავალი არსებობს?
- გამოსავალი მხოლოდ ერთადერთია - უნდა მოეწყოს ორდონიანი მოძრაობა, ანუ რუსთაველიდან მომავალმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა, რომლებიც მიემართებიან მელიქიშვილის გავლით ვაკის მიმართულებით, შეუფერხებლად უნდა განაგრძონ მოძრაობა და იგივე ეხება მელიქიშვილის ქუჩით მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მოძრაობენ გმირთა მოედნისკენ. რომ არ შემცირდეს გამტარუნარიანობის კოეფიციენტი, ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუ იქნება ორ დონიანი მოძრაობა.
ორდონიან მოძრაობას სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურული მოწყობა, რაც ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხოლო 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული ახალი ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
შესაბამისად, მივმართავ თბილისის ხელისუფლებას, ცოტა რეალურად იაზროვნონ და ლობირება გაუწიონ საკრებულოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხების გამოყოფას და დაასრულონ ისეთი პროექტები, როგორიცაა თბილისის შემოვლითი რკინიგზა, სააკაძის მოედანზე ორდონიანი მოძრაობის მოწყობა, ვერეს ხეობიდან „ლაგუნასკენ" მიმავალი დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანა, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩებზე ორდონიანი მოძრაობის მოწყობა და სხვა.
- თუ წამოვა ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე ინიციატივა საკრებულოდან, თქვენ თუ ჩაერთვებით?
- ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი თანამშრომლობაზე თუ საკითხზე ვთანხმდებით და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს საკითხი სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებზეა დაყრდნობილი, ვითანამშრომლებთ ყველასთან.