reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: ადეიშვილმა გიორგი გაბუნიას აღიარებითი ჩვენება მისცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:59
ინტერვიუ
ნანა კაკაბაძე: ადეიშვილმა გიორგი გაბუნიას აღიარებითი ჩვენება მისცა
ავტორი:
12 ივნისი, 2015. 20:01


საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ტელეინტერვიუს „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს:


- მე ვუყურებდი ადამიანს, რომელზეც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, რომელსაც ეძებს საქართველოს ხელისუფლება, როგორც წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში დადანაშაულებულ პირს და არამარტო ამაში. ის კი თავის ინტერვიუში ამბობს, რომ მინიმუმ 3 ქვეყნისგან ჰქონდა შეთავაზება საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე. ეს არის ის შემთხვევა, რომელსაც უცხოელები no comment-ს ეძახიან და ჩვენ გვინდა ვთქვათ „უკომენტაროდ". აქ ჩანს იმ ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი. ეს ადამიანები, რომლებსაც უამრავი ბრალი აქვთ წაყენებული, გადაადგილდებიან სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენ პარტნიორებს ვუწოდებთ. ისმის კითხვა, რაში არიან ეს ქვეყნები ჩვენი პარტნიორები, თუ არა იმაში, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარი დაუჭირონ? თუ ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი სახის ადამიანების მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ხასიათისაა, მაშინ როგორ არიან ეს ქვეყნები ჩვენი პარტნიორები? რად უნდათ მათ ისეთი ქვეყანა პარტნიორად, რომელიც პოლიტიკურ დევნას ახორციელებს? თუკი ისინი ასე ფიქრობენ და მაინც პარტნიორად გვირჩევენ, გამოდის, თავადაც ანალოგიური სახელმწიფოები ყოფილან. თუ ასეთი მიდგომა არ აქვთ და ფიქრობენ, რომ საქართველო კანონის ფარგლებში მოქმედებს, მაშინ რას ნიშნავს ამ ადამიანების სხვადასხვა ქვეყნებში სიარული და თანამდებობების დაკავება? საქართველოს შეცდომაა, რომ ეს კითხვები არ ისმის საერთაშორისო დონეზე. ეს ეხება უკრაინასაც და არამარტო მას.

 

- რაც შეეხება ციხეებში არსებულ ვითარებასა და წამების ამსახველ კადრებს, ადეიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო პრობლემა. თქვენი აზრით, ეს იყო პრობლემა თუ დანაშაული?


- ადეიშვილმა მისცა აღიარებითი ჩვენება გიორგი გაბუნიას, სადაც ის თავის დანაშაულს დანაშაულად კი არ აფასებდა, არამედ პრობლემას უწოდებდა. ადეიშვილი ამბობდა, რომ ციხეებში წამების ამსახველი კადრები იყო რეალური, თუმცა იქ შესაძლოა, ყოფილიყო დადგმული კადრებიც. ეს ნიშნავს, რომ დადგმის მიუხედავად, ამის გაკეთება ციხეებში შესაძლებელი იყო და დიახ, ეს იყო პრობლემაო. საუბარი არ იყო იმაზე, რომ ეს პრობლემა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაული იყო, რომელზეც პასუხი უნდა ეგო როგორც ადეიშვილს, ისე სააკაშვილს. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ადეიშვილი თავად აღიარებს, „პრობლემა", რომელიც უკავშირდება ციხეებში წამებას, იყო სისტემური ხასიათის და ჩვენ მას ვაფასებთ, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს.


- 7 ნოემბრის აქციაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, ადეიშვილმა აღიარა, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. ვის ეკისრება აღნიშნულზე პასუხისმგებლობა?


- ადეიშვილმა განაცხადა, რომ 7 ნოემბერს იყო ძალის გადამეტება, მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ ხელისუფლების გადაბარების საფრთხე იყო. ჯერ ერთი, როდესაც უწყება იყენებს არაპროპორციულ ძალას, რა დგას ამის უკან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის დანაშაული და ძალის გადამეტება არის დასჯადი ქმედება. დავიწყოთ იქიდან, რომ მან აღიარა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, რისთვისაც არავის  უგია პასუხი. არ შეიძლება, ადეკვატურად ჩაითვალოს ის პასუხისგება, რაც ამ საქმეს მოჰყვა.  მხოლოდ 7 ნოემბრის აქცია არ ყოფილა ასე დარბეული. ამასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. 7 ნოემბერი თუ ხელისუფლების გადაბარების მცდელობა იყო, 26 მაისი რა იყო?!


ადეიშვილს ჰგონია, რომ მთავარია, მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე თქვას, რომ ეს იყო პრობლემა და ამის შემდეგ შეუძლია ხელისუფლებაში დაბრუნება. ასევე, ფაქტია ისიც, რომ სისტემურ დანაშაულებზე პასუხი არ მოეთხოვა არავის, მათ შორის არც ადეიშვილს. ვინც დაპატიმრებულია, მათაც კი არ აქვთ ბრალდებები სრულფასოვნად წაყენებული. ადეიშვილის ინტერვიუ საინტერესო იყო იმ მიმართულებითაც, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე დასავლეთს და რა რეაგირებას მოახდენს იგი.


ასევე მაინტერესებს, ამ ინტერვიუს მერე მაინც როგორი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია ამ ფაქტებზე. ასევე მაინტერესებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციები, რომლებიც დღეს ძალიან კარგად ხედავენ უფლებადარღვევის ფაქტებს, მაგრამ არცერთს ხმა არ ამოუღია მაშინ, როდესაც პირველი წამების ფაქტი აღმოჩნდა საქართველოში. როდესაც სულხან მოლაშვილის წამების ფაქტი გახდა ცნობილი, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ მახსენდება, რომელმაც განცხადება გააკეთა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა წამებისა და ღირსების შელახვის ფაქტს. თუ ჩვენც, უფლებადამცველებიც მხოლოდ მაშინ ვახერხებთ ხმის ამოღებას, როდესაც ამის საშუალებას გვაძლევენ და ვდუმვართ მაშინ, როდესაც ხმის ამოღება არის პრობლემური, მაშინ ესეც ფასადურია და ამასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებათა დაცვასთან.

- იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა სისტემური კორუფციის დამარცხებასაც გაუსვა ხაზი...


- დიახ, ადეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მათი მმართველობის პერიოდში სისტემური კორუფცია დაამარცხეს. მართალია, დაბალ დონეზე მათ კორუფცია შეწყვიტეს, მაგრამ შეიქმნა ისეთი ელიტარული კორუფცია, რომელიც საქართველოში კი არა, სხვა ქვეყნებშიც კი „ნოუ-ჰაუ" იყო და მსგავსი რამ არავის ჰქონდა გაგონილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016