reportiori.ge - გოგლა ჟვანია: ადეიშვილის პოზიცია საინტერესო იქნება მაშინ, როდესაც პროკურატურა დაკითხავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:38
ინტერვიუ
გოგლა ჟვანია: ადეიშვილის პოზიცია საინტერესო იქნება მაშინ, როდესაც პროკურატურა დაკითხავს
ავტორი:
13 ივნისი, 2015. 16:09


ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეში არის ზუსტად ის, რაც იყო აღწერილი. აქედან გამომდინარე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის განცხადებით, რაიმე განსხვავებული დასკვნა ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მოსალოდნელი არ არის. მისივე თქმით, უნდა ითქვას ისიც, რომ ამავე დროს იყო დელიკატური, პერსონალური ინფორმაციები, რომლებსაც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არ აისახა გამოძიების გარკვეულ მასალებში. ამასთან, ადეიშვილის განცხადებით, იმ სახლთან დაკავშირებით, სადაც ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ საქმის კურსში.


რომელ სახლზე საუბრობს ადეიშვილი, რატომ საუბრობს დელიკატურ საკითხებზე და იყო თუ არა საქმეში პერსონალური ინფორმაციები? - ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge ზურაბ ჟვანიას ძმას გოგლა ჟვანიას ესაბრა.


- ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ საქმის კურსში იმ სახლთან დაკავშირებით, სადაც ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს. ბატონო გოგლა, როდის გახდა თქვენთვის ცნობილი ამ სახლის არსებობის შესახებ, მართლა იცოდით, რომ ეს კონსპერაციული ბინა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს?


- სიმართლე გითხრათ, ადეიშვილის გამოსვლისთვის არ მომისმენია, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს და შესაბამისად, მისი პოზიცია ჩემთვის სიურპრიზი ვერ იქნება. სხვა გზა არ აქვს, უნდა გაიმეოროს ის, რასაც ამ წლების განმავლობაში სააკაშვილი და მთელი ის ბანდა, ვინც ეს ყველაფერი დადგა, ლაპარაკობდა. რაც შეეხება სახლს - ვიყავით თუ არა საქმის კურსში, - არ ვიცი, რას გულისხმობს სააკაშვილის ბანდის წევრი.


ამ სახლის არსებობა ჩვენთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ეს მკვლელობა მოხდა. მანამდე, ამ სახლის შესახებ არაფერი არ ვიცოდით. ადეიშვილის გამონათქვამებს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ელემენტარულად, ნახეთ, ადამიანმა როგორც კი გაიგო არჩევნების შედეგები, ეგრევე გაიქცა საქართველოდან. ე.ი. რამდენი ბოროტება და როგორი დანაშაულებები აქვს ჩადენილი ამ ქვეყანაში, რომ პირველი იყო ვინც ამ ქვეყნიდან გაიქცა.


ადეიშვილის პოზიცია საინტერესო იქნება მაშინ, როდესაც შესაბამისი პროცედურების დაცვით დაკითხავს პროკურატურა. ახლა სადღაც წამომჯდარი თავიანთი დაქირავებული ჟურნალისტების დადგმულ შეკითხვებზე დადგმული პასუხები, ვისთვის არის საინტერესო? ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო.


- ამავე ინტერვიუში აცხადებს, რომ რაიმე გასხვავებული დასკვნა ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მოსალოდნელი არ არის...


- ერთ ახალ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც მათ დამალეს. ზურას თავზე აღენიშნება საკმაოდ სერიოზული დაზიანებები. ამ დაზიანებებთან დაკავშირებით არსებობს საექსპერტო დასკვნა. მინდა გითხრათ, რომ საქმეში არსებული სხვა საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გარდა, ზურას თავზე არსებული დაზიანებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გარემოება. ამ დეტალზე ვლაპარაკობ მხოლოდ იმიტომ, რომ ზურას დაზიანებული თავის სურათები გავრცელდა ინტერნეტით. მარტო ეს ერთი დეტალი საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ეს ადამიანი, როგორც ჩვევია ხოლმე, იტყუება.


- ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრიც საუბრობს დელიკატურ მომენტებზე. მაგრამ აქვე ამბობს, რომ იყო პერსონალური ინფორმაციები, რომლებსაც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არ იქნა ასახული გამოძიების გარკვეულ მასალებში. ბატონო, გოგლა თქვენთვის თუ არის ცნობილი რა პერსონალურ ინფორმაციაზეა საუბარი?


- ეს ე.წ. დელიკატური საკითხი არის მათი ერთადერთი ხელჩასაჭიდი, რომ პერიოდულად წამოწიონ წინ მათ მიერ შეთხზული ბინძური თემა. ე.წ. დელიკატურ მომენტებზე საუბარი დაიწყეს მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახის წევრებს ამ საქმეში ქექვის სურვილი არ ჰქონოდათ. უბრალოდ, ამ ადამიანებმა თავიდანვე დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა, ისინი საუბრობენ იმ ადამიანზე, რომელსაც მე ბევრად უკეთ ვიცნობ, ვიდრე ისინი ყველანი ერთად აღებული. როგორ პერსონალურ ინფორმაციებზე და „დელიკატურ" თემებზეც უნდა ისაუბრონ, ვერაფერს ვერ მიაღწევენ.


- შეგიძლიათ გვითხრათ, რა ეტაპზეა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება?


- ამ საქმეს სჭირდება მყარი მტკიცებულებები, რომელიც არავისთვის სადავო არ უნდა იყოს. ამიტომაც მიდის რუტინული სამუშაოები. მიმდინარეობს ექსპერტიზები, როდესაც გამოძიება დასრულდება და საქმე გადავა სასამართლოში, ძალიან დიდი ხმაური მოჰყვება, რადგან საქმე მთლიანად არის გაყალბებული. ეს მკვლელობა მოხდა 10 წლის წინ და ამ 10 წლის განმავლობაში ადეიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი და სხვა მათნაირები ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ.


ბუნებრივია, რომ რთული საქმეა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და ყველასთვის, ყველაფერი გახდება ნათელი. მქონდა მოლოდინები, რომ საქმე მალე გაიხსნებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოძიება განახლდა, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები ამოტივტივდა, ნაწილი ამ დეტალების უკვე გაჟღერებულიც არის. მეგონა, რომ ეს დეტალები პროცესს დააჩქარებდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. გამოძიება მიდის.


- რამდენად მაღალი თანამდებობის პირები იქნებიან მხილებული პრემიერ-მინისტრის მკვლელობის და საქმის გაყალბების საქმეში?


- დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ამ ეტაპზე რაც შეიძლია ცალსახად გითხრათ, გახლავთ ის, რომ ამ საქმის გაყალბებით დაკავებული იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათი დავალებით მათივე ქვეშევრდომები აყალბებდნენ საქმის დეტალებს. ზურას მკვლელობის საქმეში, საქმის გაყალბების ნაწილი არის მხოლოდ ერთი ნაწილი, არის სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ბრალეულობა, რომელზეც საუბარი შეგვეძლება მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება.

 

 

თამთა ქარჩავა

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016